"ძალიან ბევრს ვშრომობ, რომ არ ვიყო უცოდინარი დედა და ნაკლები შეცდომა დავუშვა... მგონია, რომ უნდა იცოდე შვილის გაზრდა. გარდა იმ ინსტინქტებისა, რაც ისედაც გაქვს, როცა მშობელი ხდები..." - ნატალია ქუთათელაძე - მშობლები

"ძალიან ბევრს ვშრომობ, რომ არ ვიყო უცოდინარი დედა და ნაკლები შეცდომა დავუშვა... მგონია, რომ უნდა იცოდე შვილის გაზრდა. გარდა იმ ინსტინქტებისა, რაც ისედაც გაქვს, როცა მშობელი ხდები..." - ნატალია ქუთათელაძე

2026-01-12 12:55:21+04:00

მომღერალი ნატალია ქუთათელაძე ირინა ქიქოძეს სტუმრობდა პოდკასტში "მერე?" და ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა. გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს:

სუპერძალა

- ყველას ჰგონია, რომ ჩემი მუსიკალური მონაცემები, რომლებიც გენეტიკურად გადმომეცა, არის მხოლოდ დედაჩემის მხრიდან, ნანი, ეკა, ჩვენი ბებიები, რომლებიც მღეროდნენ... მაგრამ ასევე მამაჩემის მხარე არაჩვეულებრივად დაჯილდოებულია ამ ნიჭით. თავად მამაჩემი ფანტასტიურად უკრავდა, გიჟდებოდა ჯაზზე, სიცოცხლის ბოლომდე სულ რაღაცას უსმენდა, მიყვებოდა, უკრავდა. მამიდაჩემიც არაჩვეულებრივად მღერის და რომ ჰქონოდა ამბიცია დიდ სცენაზე სიმღერის, არანაკლები მომღერალი იქნებოდა. ჩემს დიდ ბაბუაზე ამბობდნენ, რომ ფანტასტიური საოპერო ხმა ჰქონდა. ამიტომ სულ ვყვები ყველგან, როცა გენეტიკაზეა საუბარი, რომ ის მხარე არ დაიჩაგროს.

natalia-1760336541.png

მათი სისხლი მიჩქეფს, ვიზუალურადაც უფრო მამაჩემს ვგავარ, ხასიათითაც, ქუთათელაძე ვარ ყველაფრით. მაგრამ რადგან ნანი და ეკა ცნობილები არიან, ყველას ჰგონია, რომ მხოლოდ აქედან არის ეს მიდრეკილება. რაც თავი მახსოვს, ბუნებრივად მოხდა ისე, რომ უნდა მემღერა. არავის არასდროს არ უკითხავს, მინდოდა თუ არა. 30 წლის ასაკში ვკითხე კიდეც საკუთარ თავს, ნამდვილად მინდოდა? ახლა მინდა? ეს კითხვა გამიჩნდა განსაკუთრებით მას მერე, რაც შვილი გამიჩნდა. როცა გაჩნდა სხვა პრიორიტეტი და აღმოჩნდა, რომ შენი საქმის გარდა, არის სხვა რამ არანაკლებ მნიშვნელოვანი, იქნება ეს შვილი, ქმარი, ოჯახი და ა.შ. არასდროს გავზრდილვარ კარიერისტად, ყველაფერზე წამსვლელად კარიერის გამო. ნანიც და ეკაც ისე გაიზარდნენ, რომ თუნდაც ამ სიმღერას იღებდნენ, როგორც თავისთავადს, ბუნებრივს. ჰო, მღერი და არაფრით არ ხარ არავისზე განსაკუთრებული. მაგრამ ეგ რამდენადმე დამაზიანებელიც აღმოჩნდა ჩემი თავდაჯერებისთვის, დღესაც არ მაქვს განცდა, რომ რაღაც სუპერძალა მაქვს, რომ ვმღერი. მაგრამ რეალურად მართლა სუპერძალაა...

natalia1.jpg

მერე დავსვი ბევი შეკითხვა, ფსიქოლოგთანაც, მინდოდა კი ეს ყველაფერი? შემდეგ გავაცნობიერე, რომ კი, მინდა და ყველაფრით მადლობელი ვარ, რაც მაქვს, პროფესია იქნება, თმის ფერი და ა.შ. მივიღე საკუთარი თავი და თავდაჯერების პრობლემებიც დარჩა წარსულში. თუმცა ამ გაცნობიერების მერე, რაღაც თამასა, რომ იყო ტოპ, ჩამოვწიე. შეიძლება ეს კარიერულად ცუდია და შეიძლება ვინანო, მაგრამ ახლა ამ ეტაპზე ვარ. მინდა ორივე იყოს, პროფესიაც და ოჯახიც და თუ შევძლებ ჰარმონიულად თანაცხოვრებას ამ ორთან ერთად, ჩემზე ბედნიერი არავინ იქნება. ჯერჯერობით ვახერხებ.

დედობა და პროფესია

არ ვიშურებ ენერგიას, რომ იდეალური კი არ ვიყო, ძალიან ბევრი შეცდომა არ დავუშვა, როგორც დედამ. არ ვიყო უცოდინარი დედა. ესეც ასაკმა მოიტანა. მგონია, რომ უნდა იცოდე შვილის გაზრდა. გარდა იმ ინსტინქტებისა, რაც ისედაც გაქვს, როცა მშობელი ხდები, გადარჩენის, მზრუნველობის, პასუხისმგებლობის და ა.შ., ჯობს, კიდევ რაღაცებში გათვითცნობიერებული იყო. უფრო ნაკლებ შეცდომას დაუშვებ და უფრო ნაკლებად გადავარდები ხრამში შენს შვილთან ერთად. ასე ბევრად მიადვილდება და შფოთი, რაც მაქვს და ყველა მშობელს აქვს, კი არ მინელდება, უფრო იმედი მიჩნდება, რომ არა უშავს. ბევრს ვკითხულობ, ვუსმენ და ვიცი, რომ თუ რაღაცას ახლა ვერ ვერევი, არსებობს გამოცდილება, სტატისტიკა, მეცნიერებებმა გასცეს პასუხები. ამისთვის მართლა ბევრს ვშრომობ, მეც, ჩემი ქმარიც და ყველა მეხმარება. ბაღიც ასეთი ავარჩიე. მეგობრებს მე ვერ ავურჩევ, მაგრამ ვეცდები ისეთი ცნობიერი ჩამოვუყალიბო, რომ მერე შესაბამისი, კარგი გარემოც თვითონ აირჩიოს. როგორც ყველას გვინდა ჩვენი შვილისთვის.

როგორ ვახერხებ ორივეს ერთად? როცა რაღაცა ძალიან გინდა და ძალიან გიყვარს, აუცილებლად აკეთებ, აუცილებლად გამოვა.

natalikoo-3-1763734362.jpg

პირველად რომ გავიგე, რომ ორსულად ვიყავი, ძალიან შემეშინდა. მქონდა განცდა, რომ ყველაფერი დამთავრდა. რაღაცები ნამდვილად დამთავრდა. 4 წლის არის ჩემი შვილი და აღარ ვიცი, რა არის სოციალიზაცია, ღამის ცხოვრება. მაგალითად, მეგობრები თუ იკრიბებიან, ვფიქრობ უკვე სანდროზე, დღის რეჟიმზე და ერთ გასვლაზე რომ ამდენს ფიქრობ, რაღაცები დამთავრდა და შეიცვალა. პატარა ასაკში არც მიფიქრია ოჯახის შექმნაზე. გამიმართლა მაგ პერიოდში, კოვიდის დრო იყო, არსად არაფერი ხდებოდა, არსად იყავი გასასვლელი და ორსულობა და კრიტიკული პირველი წელი აბსოლუტურად გავატარე მშვიდად, ბავშვთან. რომ ვერ დაგეგმავ, ეგრე გამიმართლა. დედაჩემი 18 წლის იყო, რომ უკვე ორი შვილი ჰყავდა. მე ასეთ ადრეულ ასაკში ამ თემებზე არ მიფიქრია. ორი მხარე აქვს მაგ საკითხს, ვგიჟდები, ახალგაზრდა მშობლები რომ ჰყავთ, ბევრი ნათესავი, ახალგაზრდა ბებია-ბაბუები. ასაკში გაჩენილ შვილებს, ეს ნაკლებად აქვთ. მაგრამ სამაგიეროდ, რაღაც ასაკში გაჩენილ შვილს მეტი სიმშვიდე მოაქვს, უფრო დაღვინებული ხარ, მზად ხარ იმისთვის, რომ პრიორიტეტი გავარდნა კი არ იყოს მეგობრებთან ერთად სადღაც, არამედ შენს შვილთან ერთად დროის გატარება. ასეთ ასაკში ვერ იცლი ისე შვილისთვის და ეს მერე აისახება შედეგებზე. არ გცალია, არ შეგიძლია, გეზარება, იღლები, სხვაგან გაქვს ტვინი... რა თქმა უნდა, ინდივიდუალურია და არსებობენ დედებად დაბადებულები და ოცნებობენ ბავშვობიდან, რომ შვილი ჰყავდეთ, თუმცა უფრო იშვიათად. ნაადრევ ასაკში შექმნილი ოჯახების უმრავლესობა ინგრევა კიდეც.

nataliakutateladze-38245-1671347666.jpg

ასაკს იცი რა მოაქვს კიდევ? ადრე რომ ვამბობდი, არ არსებობს, ამას ჩემს ქმარს არ ვაპატიებ. მე თვითონაც მიკვირს, რომ ახლა ამას ვამბობ, მაგრამ მერე რაღაცებზე უბრალოდ არ გიღირს, რომ ერთი რამის გამო ამხელა რაღაც დაანგრიო, შენი შვილი დატრავმო, შენი თავი მარტო დატოვო... არ ვიცი, ეს ემპათიაა თუ რა ჰქვია, მაგრამ პატიების მომენტი, რაც ადრე სიამაყესთან იყო დაკავშირებული, ახლა აღარ არის ეგრე. მეგობარი ხდება მერე პარტნიორი და როგორც დიდი ხნის მეგობარს რაღაცებს აპატიებ, იმის ხათრით, რომ ისევ შენთან იყოს, მიჩვეული ხარ, მოგწონს, მერე ეგეთი რამეები მოდის ასაკთან ერთად.