როგორც ცნობილია, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში შეასახლეს. ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა - მას სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. ასევე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 1 მილიონი ლარის ოდენობით.
„საქართველოს პროკურატურამ ბრალდებულ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა, რომლის თანახმადაც ყოფილ პრემიერ-მინისტრს, საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
მასვე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 1 მილიონი ლარის ოდენობით. მას ასევე სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთმევა დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიღებული და მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული ფულადი თანხა.
ირაკლი ღარიბაშვილი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და ეთანხმება საპროცესო შეთანხმების პირობებს. პროკურატურის შუამდგომლობა საპროცესო შეთანხმების თაობაზე, სასამართლომ უკვე დააკმაყოფილა", - ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.
დღესვე მისი მეუღლე ნუნუკა თამაზაშვილი ოჯახურ ფოტოს აქვეყნებს. ფოტოს უამრავი კომენტარი აქვს - გულშემტკივრები ამხნევებენ ყოფილ პრემიერს და მის ოჯახს და გამძლეობას უსურვებენ.

შობამდე კი ნუნუკა თამაზაშვილმა პატრიარქთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.

მოგვიანებით პოსტი გამოაქვეყნა ნუნუკა თამაზაშვილის დამ, მარიამ თამაზაშვილმა:
"ძალიან გული მტკივა, რომ მიწევს ამის დაწერა, მაგრამ გული ვერ დაიტევს, მინდა ყველამ იცოდეს, ირაკლი ვინ არის და რა ადამიანია.
"დეჟა ვუ" მაქვს, ერთი წლის წინ არჩევნების წინ დავწერე პოსტი, რა გავიარე როცა მამაჩემი დაიჭირეს 2011 წელს და ვთქვი სიტყვები "ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მომავალ თაობას მსგავსი ფსიქოლოგიური ტერორი თავიდან ავაცილოთ".
მიჭირს, როცა ვიცი რა მტკივნეულია ეს ყველაფერი, მაგრამ ჩემი 9 და 10 წლის დისშვილებმა მამისგან დამშვიდობება მოისმინეს და იციან, რომ ციხეშია. კითხვები ბევრია, რატომ? არ ესმით რატომ უნდა დაიჭირონ მამა, რომელსაც ქვეყნისთვის კარგის მეტი არაფერი უკეთებია, ბავშვობიდან საქართველოს და რაც ყველაზე ძვირფასია, მშობლების უსაზღვრო სიყვარულში იზრდებიან. საბედნიეროდ, იციან რა არის სიყვარული, ნამდვილი გულწრფელი, უკიდეგანო სიყვარული. ამიტომ მტკივა ყველაზე მეტად. არ იმსახურებენ... არ იმსახურებენ ამ ტკივილს და დარდს.
5 წლის ვიყავი ირაკლი, რომ გავიცანი. ჩემს დაზე მიწებებული ვიყავი და ვიეჭვიანე, ეხლაც მახსოვს, მაკდონალდში წამიყვანეს რუსთაველზე, ირაკლის ეჭვის თვალით ვუყურებდი, ვთხოვე დამალობანა მეთამაშე მეთქი, მეთამაშა და ბევრი ვიცინეთ.
ბევრი ეჭვიანობის მიუხედავად, რთული იყო არ შემყავრებოდა, მივიღე პატარა შტერმა მარიამმა, იმიტომ რომ მივხვდი, ჩემი და როგორ უყვარდა. სკოლაშიც ირაკლის დავყავდი, ჩვენთან ცხოვრობდნენ სანამ სახლისთვის ფულს აგროვებდნენ, ჩემი ოთახი დავუთმე და მიხაროდა ყოველ დღე ამ სიყვარულს რომ ვხედავდი.
ირაკლი პარიზში რომ წავიდა სასწავლებლად 3 სხვადასხვა რესტორანში მუშაობდა და თან ფულს აგროვებდა ოჯახისთვის. ეს ადამიანი ყველაზე თავმდაბალი, შრომისმოყვარე, ნიჭიერი და მოსიყვარულე იყო ყოველთვის. როცა არაფერი ქონდა 21 წლის ასაკში, ჩემს დას დაპირდა რომ ისეთ მომავალ მიცემდა, როგორსაც იმსახურებდა, ეს პირობა ჩემს მშობლებსაც მისცა. ჩემს დას საუკეთესო მომავალი ნამდვილად აჩუქა, ისეთი სიყვარული, რომელზეც ყველა ქალი ოცნებობს. ყოველთვის ვეუბნებოდი ხანდახან მორცხვად, რომ ჩემი მაგალითი იყვნენ, არიან და იქნებიან ოჯახის და სიყვარულის.
მამობაზე არც ვიცი როგორ ვისაუბრო, პრემიერი რომ იყო ყველაზე მძიმე სიტუაციებში, სახლში მოდიოდა და ბავშვებს რჩევებს ეკითხებოდა: " მამ, რას ფიქრობ აბა, ხო სწორედ მოვიქეცი, შენ როგორ მოიქცეოდი, მერე ბურგერებს უკეთებდა ყველას და თამაშობდა ფეხბურთს ბავშვებთან ერთად. შვილებთან მეგობარიც არის, მამაც და ავტორიტეტიც. როგორ ახერხებს არ ვიცი... როგორ მოახერხა ეს ყველაფერი არ ვიცი.. არც ის ვიცი, რატომ ხდება ეს ყველაფერი, ერთი ვიცი რომ ირაკლისნაირი ადამიანები უბრალოდ არ ჩნდებიან, მისნაირი ერთგულება და სიყვარული ყველას არ შეუძლია.
იყო ადამიანი, არ არის მარტივი. ირაკლიზე ვინ რას დაწერს არ აქვს მნიშვნელობა, ვისაც ღირსება, ქვეყნის სიყვარული და ადამიანობა აქვს, ყველა ხვდება ვინ არის. ვისაც გიხარიათ რაც ხდება, ჩემთვის თქვენ ადამიანები არ ხართ. ბავშვებზე რო ღლიცინებთ და გიხარიათ სხვისი უბედურება, მეცოდებით, იმიტომ რომ ვერასდროს ვერ მიხვდებით რა არის ამ ქვეყანაზე ყველაზე ძვირფასი: სიყვარული, რომელიც თვით უფალი ღმერთია.
ირაკლიზე არ ვნერვიულობ, უდიდესი შინაგანი ძალა და თავდაჯერება აქვს, რომელიც პირველ რიგში უფლის რწმენით, თავისი სიმართლით და ოჯახის სიყვარულით მოდის.
სიმართლე გაირკვევა და ყველაფერი მაგრად იქნება და ფრთხილად იყავით არ შეგრცხვეთ თქვენი ბინძური სიტყვების. ბავშვებს ნუ ეხებით, გეშინოდეთ ღმერთის! ღმერთმა შეგინდოთ და თქვენს შვილებს ჯანმრთელობა და ბედნიერება მისცეს!
ცუდსა რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი!
ღმერთმა დაგვიფაროს და გაგვაძლიეროს!
P.S სანთელ საკმეველი გზას არ დაჰკარგავს დიდი ილია თვლისო!