ყოველწლიურად, ზამთრის არდადეგებზე, კარიბის ზღვის ერთ-ერთ კუნძულზე ბიზნესმენები, შოუბიზნესის წარმომადგენლები და მსოფლიოში ცნობილი ადამიანები ჩადიან. ისინი სენ-ბართელემს ფუფუნების, სილამაზისა და კონფიდენციალურობის გამო აფასებენ და მოგზაურობის კადრებს გულშემატკივრებსაც ხშირად უზიარებენ:
პატარა ფრანგული კუნძული, სენ-ბართელემი, ყოველწლიურად უამრავ ცნობილ სტუმარს მასპინძლობს. ეს ადგილი ზამთარში, ახალი წლის პერიოდში, განსაკუთრებით პოპულარულია. 25 კვადრატულ კილომეტრზე, თეთრ პლაჟებსა და ტროპიკულ ბაღებზე, სირენებისა და ფეიერვერკების თანხლებით, მილიარდერები, ჰოლივუდის ვარსკვლავები და ცნობილი კომპანიების აღმასრულებელი დირექტორები ძველ წელს ემშვიდობებიან და ახალ წელს ხვდებიან.
სუპერიახტები დიდი ხანია, სენ-ბართელემის ახალი წლის დღესასწაულის მთავარი სიმბოლოა. თუმცა, 2025-2026 წლების სეზონმა ყველა რეკორდი მოხსნა. გუსტავიის პორტი და მიმდებარე ყურეები "მსოფლიოში უმდიდრეს პორტად" გადაიქცა, სადაც ნამდვილი "მცურავი სასახლეების აღლუმი" გაიმართა. მათ შორის Amazon-ის დამფუძნებლის, ჯეფ ბეზოსის საკუთრებაში არსებული ლეგენდარული იახტა - Koru იყო, რომელიც კუნძულზე დამხმარე გემთან, Abeona-სთან ერთად ჩავიდა.
მილიარდერი დასასვენებლად მეუღლესთან, ლორენ სანჩესთან ერთად იმყოფებოდა. მათ ლეონარდო დიკაპრიო და მისი შეყვარებული, ვიტორია ჩერეტიც შეუერთდნენ. მეგობრებმა დრო ძვირად ღირებულ იახტაზე გაატარეს და წვეულებაც მოაწყვეს.
კუნძულზე ასევე მედიამაგნატ დევიდ გეფენის უზარმაზარი "Rising Sun"-ს, 454 ფუტის სიგრძის, 82-ოთახიანი გემი ჩავიდა, რომელიც კერძო კუნძულს უფრო ჰგავს, ვიდრე იახტას. მილიარდერისა და "Jacksonville Jaguars"-ის მფლობელის, შაჰიდ ხანის, მოციმციმე იახტა "Kismet" ასევე აღნიშნულ კუნძულზე გამოჩნდა. 31 დეკემბერს, როდესაც დაბნელდა, ეს ფლოტი ათასობით ნათურით განათდა, შუაღამეს იახტების ძლიერი სირენები და ფეიერვერკი კი საოცარ სანახაობას ქმნიდა.
კუნძული, რომელსაც ხშირად "კარიბის სენ-ტროპეს" უწოდებენ, დიდი ხანია, საერთაშორისო ვარსკვლავების ფავორიტია. ამ სეზონზე სუპერმოდელი ჰაიდი კლუმი პლაჟებსა და რესტორნებში შენიშნეს. ის კუნძულზე ქმართან, გიტარისტ ტომ კაულიცთან და მის ძმასთან ერთად იმყოფებოდა. კლუმი სოციალურ ქსელებში შვებულების დროს გადაღებულ კადრებს აქტიურად ავრცელებდა. ჰაიდი დროს შესანიშნავად ატარებდა. სუპერმოდელი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ასაკი მხოლოდ ციფრებია.
ტომ ბრედიმ ახალი წლის არდადეგები აღნიშნულ კუნძულზე გაატარა. ტომი დასასვენებლად TikTok-ის ვარსკვლავთან, 25 წლის ალიქს ერლთან ერთად ჩავიდა. ინსაიდერების თქმით, ისინი ერთმანეთს ხვდებიან.
არაერთმა ცნობილმა ადამიანმა სწორედ სენ-ბართელემიდან გაავრცელა ფოტოები და გულშემატკივრებს დასვენების დეტალები გაუზიარა: