რომელ ასაკში რამდენი საათი უნდა ეძინოს ბავშვს, რატომაა მნიშვნელოვანი, ძილის რუტინა არდადეგებისა და დღესასწაულების დროს არ აირიოს და როგორ უნდა მიხვდეს მშობელი, რომ მის შვილს ძილი აკლია - თემაზე ბავშვთა ნევროლოგი, ნინო გოგატიშვილი, გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" საუბრობს:
- რა თქმა უნდა, ყველაფერი ინდივიდუალურია, მაგრამ ძილის საშუალო ხანგრძლივობა არსებობს, რაც ასაკის შესაბამისად რეკომენდებულია. ახალშობილობის პერიოდიდან მოყოლებული, ძილის ხანგრძლივობა თანდათანობით იკლებს. ახალშობილებს 24 საათიდან, დაახლოებით, 17 საათი სძინავთ. უდიდესი დრო ძილისთვისაა. შემდეგ თანდათანობით ძილის ხანგრძლივობა იკლებს. დაახლოებით, 2-3 წლის ასაკის ბავშვებს, საშუალოდ, 11-12 საათი სძინავთ. 5 წლისთვის ეს 10-11 საათია. თანდათანობით ეს დრო იკლებს და მოზრდილებისთვის სასურველია, რომ 7 საათი იყოს. 8 საათი თუ იქნება, კიდევ უკეთესი.
ძილი ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია. თითქოს, გვეჩვენება, რომ ადამიანი ძილის დროს პასიურია. მაგრამ, ეს ასე ნამდვილად არ არის. უმნიშვნელოვანესი ფიზიოლოგიური პროცესია და განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა პატარებისთვის აქვს. მათი ზრდა-განვითარებისთვისაა მნიშვნელოვანი. ძილი ფიზიკური ზრდისთვის აუცილებელია. ამას ემატება ის ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციები, როგორებიცაა, მაგალითად, მეხსიერება, დღის განმავლობაში კოგნიტური ფუნქციონირება, ყურადღების კონცენტრაცია... იმდენად მნიშვნელოვანია კარგი ძილი ბავშვისთვის, რომ ეს დღის აქტივობებზე აუცილებლად აისახება. დღესასწაულების, არდადეგების დროს, შაბათ-კვირას ძილის რეჟიმი არ უნდა შევცვალოთ. ბავშვისთვის ძილის რეჟიმი, ძილის რუტინა, ძილის ჰიგიენა მნიშვნელოვანია.
პირველ რიგში, დღესასწაული ან შაბათ-კვირა რომ არის და გადავწყვეტთ, რომ ძილის რეჟიმი მნიშვნელოვნად შევცვალოთ, ეს ორშაბათს აუცილებლად დაგვირღვევს და გაგვიჭირდება, კვირის ჩვეულებრივ რეჟიმზე გადავიდეთ. ამიტომ, პლუს-მინუს ერთი საათი უნდა გავითვალისწინოთ. მაგალითად, შაბათს +1 საათი შეგვიძლია, მაგრამ ამაზე მეტი აღარ. თუ ჩვენ შუადღემდე ბავშვი ვაძინეთ და არ გავაღვიძეთ, ღამის ძილის დროც გადაიწევს, რაც დილით გაღვიძებას აუცილებლად გადაწევს და პრობლემის წინაშე აღმოვჩნდებით.
ბავშვების უმეტესობა ვერ ეგუება ასეთ ცვლილებებს და დღის მდგომარეობაზე, ყოფა-ქცევაზე აუცილებლად აისახება. მოუსვენრობა, ემოციური ლაბილობა, გაღიზიანება გაჩნდება. ხშირად, მშობელი თავად ხვდება, რომ ბავშვი გამოუძინებელია, უჭირს აკრძალვებზე დამორჩილება, ყურადღების კონცენტრაცია, ყველაფერზე ტირის და ამ სახით უკვე გვაგრძნობინებს, რომ ის რეჟიმი დარღვეულია.
შუადღის ძილთან დაკავშირებითაც მინდა ვთქვა, რომ, რა თქმა უნდა, ინდივიდუალურია. მაგრამ 3 წლამდე, შუადღის ძილი ბავშვების უმეტესობისთვის აუცილებელია. 2 წლამდე შეიძლება, 2 ხანმოკლე ძილი იყოს დღის განმავლობაში. ან შესაძლოა, ზოგმა ერთხელ, მაგრამ 3 საათის განმავლობაში დაიძინოს. 3 წლამდე ეს თითქმის ყველა ბავშვისთვის აუცილებელია. ბევრი ბავშვი 4 წლის ასაკში აღარ იძინებს. მაგრამ, თუ ბავშვს ემჩნევა, რომ შუადღეს მოდუნდება, ძილისკენ მიდრეკილია და ადვილად იძინებს, მაშინ, რა თქმა უნდა, ჯობს, გამოიძინოს. მაგრამ, მაქვს შემთხვევები, როდესაც მშობლები ამბობენ, რომ ბავშვს დიდი ძალისხმევით აძინებენ, მაგრამ შემდეგ 30 წუთი სძინავს. ეს, რა თქმა უნდა, არ ღირს. ჯობს, ასეთ დროს, შუადღის ძილი ამოვიღოთ და საღამოს ძილი გადმოვწიოთ.
წინასასკოლო ასაკის ბავშვს საღამოს 9 საათზე უნდა ეძინოს. ამაზე მშობლებს სულ ვთხოვ, რომ მაქსიმალურად ვეცადოთ, ძილის დრო დავიცვათ. ის თუ გადავიტანეთ მისთვის შეუფერებელ დროს, სასკოლო ასაკში ძალიან გაგვიჭირდება, ასე უცებ ყველაფერი შევცვალოთ. ჯობს, რომ ბავშვს წინასასკოლო ასაკიდან მოწესრიგებული ძილის რეჟიმი ჰქონდეს. რაც ყველაზე მთავარია, ძილისთვის მომზადება მნიშვნელოვანია. ეს რუტინული, ყოველ დღე ერთნაირი უნდა იყოს. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, სტუმარი გვყავს, დღესასწაულია თუ სხვა რამ ხდება, ბავშვის ძილის რუტინაზე ეს ნაკლებად აისახოს. ნაწილი ფიქრობს, რომ ძილის წინ აქტიური თამაში ჯობს, ნაწილი კი ფიქრობს, რომ პასიური. ამერიკისა და ევროპის აკადემია, კვლევებზე დაყრდნობით გვეუბნება, რომ უმჯობესია, ძილის წინ ბავშვს არააქტიური რეჟიმი ჰქონდეს.
რა თქმა უნდა, ფიზიკური აქტივობა, განსაკუთრებით ჰაერზე, ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ჯობს, დღის განმავლობაში გადანაწილდეს და არა უშუალოდ ძილის წინ. ძილის წინ 1 საათი ნამდვილად სახლში და არააქტიური უნდა იყოს. მანამდე გასეირნება შეიძლება. გააჩნია, როგორი ამინდია, დღის პერიოდში ეს შეიძლება, რამდენჯერმეც გავაკეთოთ. ფიზიკური აქტივობა აუცილებელია, რომ ბავშვმა სრულფასოვნად დაიძინოს.
იხილეთ გადაცემა სრულად