ამერიკულმა კომპანიამ Mattel-მა ბარბი-ს პირველი თოჯინა წარმოადგინა, რომელიც აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ადამიანების გამოცდილებას ასახავს. სიახლე Barbie Fashionistas-ის ხაზის ფარგლებში შეიქმნა და მიზნად ისახავს ბავშვებისთვის განსხვავებულობის უფრო ბუნებრივად და სწორად ჩვენებას.
ახალი ბარბის კომპლექტში შედის სპინერი, ხმაურის ჩამხშობი ყურსასმენები და პლანშეტი — აქსესუარები, რომლებიც რეალურ ცხოვრებაში ბევრ აუტისტ ადამიანს სენსორული გადატვირთვის შემცირებასა და კომუნიკაციაში ეხმარება.

თოჯინას იდაყვები და მაჯები განსაკუთრებულად მოძრავია. Mattel განმარტავს, რომ გაძლიერებული ჟესტიკულაცია და ხელების მოძრაობა აუტიზმის მქონე ადამიანებისთვის ხშირად თვითრეგულაციისა და ინფორმაციის უკეთ დამუშავების საშუალებაა, ასევე ემოციების გამოხატვაშიც ეხმარება.
დიზაინის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალია თვალების მიმართულება — ბარბის მზერა ოდნავ გვერდით არის მიმართული. ეს ასახავს იმ რეალობას, რომ აუტისტური სპექტრის ზოგიერთი ადამიანი თავს არიდებს პირდაპირ თვალის კონტაქტს და ეს მათთვის სრულიად ბუნებრივი ქცევაა.

თოჯინას ტანსაცმელი და ფეხსაცმელიც კომფორტზეა ორიენტირებული — შედარებით თავისუფალი ფორმის და ბრტყელი ფეხსაცმელი სენსორულ სიმშვიდესა და პრაქტიკულობას უსვამს ხაზს.
კომპანიის განცხადებით, ახალი თოჯინის შექმნა განხორციელდა აუტისტი ადამიანების უფლებების დამცველ არაკომერციულ ორგანიზაციასთან — Autistic Self Advocacy Network (ASAN) — მჭიდრო თანამშრომლობით, რათა დიზაინი და დეტალები რეალურ გამოცდილებას მაქსიმალურად შეესაბამებოდეს და სტერეოტიპებს არ ამყარებდეს.

Mattel-ის ეს ნაბიჯი კომპანიის უფრო ფართო სტრატეგიის ნაწილია, რომელიც სათამაშოებში მრავალფეროვნების გაზრდას და ბავშვებისთვის განსხვავებული გამოცდილებების ნორმალიზებას ისახავს მიზნად. ახალი ბარბის იდეა იმაში მდგომარეობს, რომ აუტისტმა ბავშვებმა საკუთარი თავი სათამაშოშიც ამოიცნონ, ხოლო სხვა ბავშვებმა — განსხვავებულობა ბუნებრივ და მისაღებ ნაწილად აღიქვან.