თანამედროვე ცხოვრების ტემპი და კვების ჩვევები მნიშვნელოვნად ცვლის შაქრის მოხმარების მასშტაბებს. ხშირად ადამიანები ყურადღებას ამახვილებენ მხოლოდ იმ შაქარზე, რომელსაც თავად ამატებენ ჩაისა თუ ყავაში, თუმცა რეალური პრობლემა ბევრად უფრო ფართოა. შაქარი დიდი რაოდენობით გვხვდება ყოველდღიურ პროდუქტებში — მზა სასმელებში, ცომეულში, სოუსებში, იოგურტებში, კონსერვირებულ და ნახევარფაბრიკატულ საკვებშიც კი. სწორედ ამიტომ მისი ზედმეტი მიღება ხშირად შეუმჩნევლად ხდება.
ექიმი ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორიმარი მალაზონიაგადაცემაში"პირადი ექიმი მარი მალაზონია" შაქრის უსაფრთხო, დღიურ რაოდენობას ასახელებს. ეს მაჩვენებელი ქალებისა და მამაკაცებისთვის განხვავებულია.
"თანამედროვე მედიცინაში, ამერიკის გულის ასოციაციის რეკომენდაციით, შაქრის განსაზღვრული მაჩვენებელი ქალებისა და მამაკაცებისთვის განხვავებულ ოდენობას გულისხმობს და ჟღერს შემდეგნაირად: ქალების შემთხვევაში არაუმეტეს 6 ჩაის კოვზისა, მამაკაცების შემთხვევაში კი არაუმეტეს 9 ჩაის კოვზისა არის დღიური ნორმა. რომელიც არა მხოლოდ ფხვნილის სახით გამოყენებულ შაქარს გულისხმობს, არამედ პროდუქტებში გაბნეულ რაოდენობასაც. ანუ საკუთრივ შაქრის ფხნილი 9 კოვზად კი არ იგულისხმება, არამედ მისი შემცველობა საჭმელში და სასმელშიც. ეს გახლავთ დღიური მოხმარების უსაფრთხო რაოდენობა. მიაქციეთ ყურადღება - როცა მზა საკვების ეტიკეტს კითხულობთ, უნდა იყოს დატანილი გამოყენებული შაქრის რაოდენობა." - ამბობს მარი მალაზონია.
ეს ნიშნავს, რომ თუ ადამიანი დღის განმავლობაში სვამს ტკბილ გაზიან სასმელს, მიირთმევს დესერტს ან მზა პროდუქტს, სადაც შაქარი უკვე დამატებულია, ეს რაოდენობა ავტომატურად ემატება დღიურ ნორმას. შესაბამისად, შეიძლება ისე მოხდეს, რომ რეკომენდებული ზღვარი უკვე გადაჭარბებული იყოს, მიუხედავად იმისა, რომ თავად ჩაის ან ყავას შაქარი საერთოდ არ დავამატეთ.
შაქრის ჭარბი მოხმარება პირდაპირ უკავშირდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, ჭარბი წონის, მეტაბოლური დარღვევებისა და შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკს. ამიტომ ექიმები სულ უფრო ხშირად ამახვილებენ ყურადღებას ინფორმირებულ არჩევანზე და ეტიკეტების კითხვის აუცილებლობაზე.
სპეციალისტები გვირჩევენ, შაქრის შემცირების მიზნით უპირატესობა მივანიჭოთ ბუნებრივ, ნაკლებად დამუშავებულ პროდუქტებს, მოვერიდოთ ტკბილ სასმელებს და ყოველდღიურ კვებაში მცირე ცვლილებებით შევინარჩუნოთ უსაფრთხო ბალანსი, რომელიც ორგანიზმისთვის გრძელვადიან პერსპექტივაში გაცილებით სასარგებლოა.
იოგურტი ბევრისთვის ჯანსაღ პროდუქტად მიიჩნევა, თუმცა მისი შაქრის შემცველობა ხშირად შეუმჩნეველია. უშაქრო იოგურტში შაქარი ბუნებრივი ლაქტოზის სახით გვხვდება და მისი რაოდენობა საშუალოდ 3–5 გრამს შეადგენს, რაც დაახლოებით ერთ ჩაის კოვზს უდრის. ასეთი შაქარი დამატებული არ არის და ორგანიზმისთვის შედარებით უსაფრთხოდ ითვლება.
სრულიად განსხვავებული სურათია ხილისა და დესერტის ტიპის იოგურტების შემთხვევაში. ერთი სტანდარტული ხილის იოგურტი საშუალოდ 3–4 ჩაის კოვზ შაქარს შეიცავს, ხოლო სასმელი ან ტკბილი იოგურტების შემთხვევაში ეს რაოდენობა 5–7 ჩაის კოვზამდეც ადის. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ეტიკეტზე მითითებული „შაქრები“ ხშირად მოიცავს როგორც ბუნებრივ ლაქტოზას, ისე დამატებულ შაქარს, რის გამოც რეალური ოდენობის აღქმა რთულდება. სპეციალისტები გვირჩევენ, არჩევანი შევაჩეროთ უშაქრო იოგურტზე და საჭიროების შემთხვევაში გემო თავად გავამდიდროთ ხილით ან თხილეულით, რათა შაქრის დღიურ ნორმას არ გადავაჭარბოთ.