კლინიკებში, ამ ეტაპზე, სეზონურ ვირუსებთან დაკავშირებით მიმართვიანობა გაზრდილია. ქვეყანაში 3 ტიპის ვირუსი ცირკულირებს, თუმცა ეპიდ-ვითარება, როგორც სპეციალისტები აცხადებენ, კონტროლს ექვემდებარება. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე, გადაცემაში "შუადღე" საუბრობს, რომელი შტამის ვირუსია ქვეყანაში ყველაზე აქტიური:
- ზამთარი გრიპის მაგვარი დაავადებების გარეშე არ არსებობს. არც ეს ზამთარია გამონაკლისი. დეკემბრის ბოლო კვირას ავადობა საკმაოდ მაღალი იყო. მაგრამ, მაშინაც ეპიდემიური ზღვარისთვის არ გადაუჭარბებია. ახლა, დაახლოებით, შემთხვევები 2-ჯერ ნაკლებია, ვიდრე დეკემბრის ბოლო კვირას იყო. წინა კვირის მონაცემები, შარშანდელი იმავე პერიოდის მონაცემებისაგან არაფრით განსხვავდება. წამყვანი ვირუსი H3-ია. ვინც დღეს საქართველოში გაციებულია, მათ 70%-ზე მეტს H3 ვირუსი აქვს. ეს ე.წ. ჰონგ-კონგის ვირუსია. ძალიან ძველი ვირუსია, დიდი ხანია, არსებობს, თუმცა გრიპის ვირუსის თავისებურება აქვს და ყოველწლიურად ცოტათი იცვლება. ამიტომაცაა, რომ ყოველ წელს ვაქცინის შემადგენლობა იმ შტამზეა მორგებული, რომელიც კონკრეტულ სეზონზე იცირკულირებს. H3-მა ანტიგენური სტრუქტურა ცოტათი შეიცვალა. ამიტომაც, ისინი, ვისაც წინა წლებში გადატანილი ჰქონდა ან აცრილები იყვნენ, შეიძლება, ავად გახდნენ, მაგრამ ვაქცინა მაინც იცავს. პირიქით, როდესაც ვირუსი შეიცვლება, ვაქცინა მაინც იცავს. ამიტომ, გრიპისაგან დაცვის ყველაზე უკეთესი გზა, რა თქმა უნდა, აცრაა. აცრა ნებისმიერ პოლიკლინიკაში დღესაც შესაძლებელია. რაკი H3 ძალიან ბევრია, ჩვენი პროგნოზი ასეთია, რომ სადღაც იანვრის ბოლომდე საკმაოდ მშვიდი სიტუაცია იქნება, თებერვალში, ალბათ, ავადობა ცოტათი მოიმატებს. შეიძლება, თებერვლის მეორე ნახევარში კიდევ ერთხელ მოიმატოს დაავადებულთა რიცხვმა. ამიტომ, დღესაც კარგი დროა იმისათვის, რომ ავიცრათ. ერთადერთი, უნდა გვახსოვდეს, რომ როცა ავიცრებით, დაახლოებით, 10 დღე იმუნიტეტი ჯერ არ გამომუშავებულა. ამიტომ, თუ ამ პერიოდში ავად გავხდებით, ვაქცინის ბრალი არ იქნება. ეს 10 დღე დაცულები არ ვართ. თუ გრიპი დაგვემართება, დაგვემართება იმიტომ, რომ დაცულები არ ვართ. სხვა არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. უბრალოდ, ორგანიზმს დრო სჭირდება, რომ იმუნიტეტი გამოიმუშაოს.
ადამიანისათვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, H3, H1, B ტიპის ვირუსი დაემართება თუ სხვა - მას ემართება გრიპი. კლინიკურად ყველა გრიპია. ქვეყანაში ასევე რინოვირუსი, რესპირატორულ-სინციტიალური ვირუსიც ცირკულირებს. მაგრამ, კიდევ ერთხელ ვამბობ, 70%-ზე მეტი გრიპის H3 ვირუსია.
თუ პატარა ბავშვებს ერთი დღე მაინც აქვთ ტემპერატურა 38,5 და მეტი, ექიმმა აუცილებლად უნდა ნახოს. დიდებმა, თუ რისკის ჯგუფში არ შედიან, მაგრამ 38,5-ზე მეტი აქვთ ტემპერატურა 3 დღე, ექიმს აუცილებლად უნდა მიმართონ. რისკის ჯგუფებმა, ბავშვების მსგავსად, თუ 1 დღე მაინც აქვთ 38,5 და მეტი, სპეციალისტს უნდა მიმართონ.
რისკის ჯგუფში შედიან ორსულები, ხანდაზმულები, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, სასუნთქი სისტემების დაავადების მქონე ადამიანები, დიაბეტის მქონე პაციენტები...
თავდაცვისთვის პირველი და ძირითადი არის ის, რომ ავადმყოფი ბაღში, სკოლაში, უმაღლესში, სამსახურში არ უნდა დადიოდეს. დაავადებას მსუბუქად დაავადებული ადამიანები ავრცელებენ. ვისაც მძიმე ფორმით აქვს, სახლში რჩება, რა თქმა უნდა. მაგრამ, ვისაც მსუბუქი ფორმით აქვს, ისინი დადიან და ავრცელებენ. თუ ნიღაბი უკეთია, სხვას არ გადასდებს.
არც ერთი ანტიბიოტიკი არც ერთ ვირუსზე არ მოქმედებს. აქედან გამომდინარე, ანტიბიოტიკების მიღება საერთოდ არ შეიძლება, როდესაც გრიპის მაგვარ დაავადებებზეა საუბარი. თუ მერე ბაქტერიით გართულდა, ის შეიძლება, ექიმმა დანიშნოს. გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ანტივირუსული მედიკამენტები არსებობს, მაგრამ ისიც აუცილებლად ექიმმა უნდა დანიშნოს, თუ მძიმე მიმდინარეობაა. სხვა შემთხვევაში, ალბათ, გრიპი ყველას გადაგვიტანია, სასიამოვნო პროცესი არ არის, მაგრამ, სამაგიეროდ, რასაც გადავიტანთ, იმ ვარიანტზე კარგი იმუნიტეტი დაგვრჩება.