გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგი მადონა ჯუღელი გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო” საუბრობს, რა როლი აქვს მამაკაცს უშვილობის პრობლემის დროს:
- როდესაც უშვილობაა, 50% მამაკაცის ფაქტორია. მარტივად რომ ვთქვათ, მანამდე ქალს გამოკვლევებს გავუკეთებთ, რომ მისი ორსულობის პრობლემა შევაფასოთ. ყველაზე მარტივი, ხელმისაწვდომი და იაფი ტესტი მამაკაცის ანალიზი, სპერმოგრამაა. ასე რომ, მამაკაცი პროცესში ფიზიკურადაც უნდა იყოს ჩართული და მენტალურადაც. მამაკაცს, როდესაც პარტნიორული ურთიერთობაა, უდიდესი როლი აქვს.
მადონა ჯუღელი ასევე საუბრობს, როგორ განისაზღვრება შვილოსნობის დრო:
- 30 წლამდე არის ასაკი, როდესაც ჩვენ შეგვიძლია, მშვიდად ვიყოთ, მივიდეთ ექიმთან 2 წელიწადში ერთხელ, შევაფასოთ ჩვენი რეზერვი - ეს მხოლოდ ანტიმიულერის ჰორმონი არ არის. ეს არის ფოლიკულების რაოდენობა, რომლებიც ულტრაბგერით შეიძლება, განისაზღვროს. 30 წლის შემდგომ პერიოდში ქალი უკვე წელიწადში ერთხელ უნდა მივიდეს ექიმთან, გააკონტროლოს. 35 წლის შემდგომ, სასურველია, ეს კონტროლი 6-დან 12 თვეში ერთხელ აწარმოოს. რეზერვი ყველა შემთხვევაში ინდივიდუალურია. თუმცა, სტატისტიკური მონაცემები არსებობს. 40 წლამდე გარკვეული რეზერვია, მაგრამ 40 წლის შემდეგ ჩვენ დრო აღარ გველოდება. არც პარტნიორს აღარ ელოდება ჩვენი საკვერცხე.