82 წლის ესპანელ მომღერალს, ხულიო იგლესიასს, ორი ყოფილი ხელქვეითი სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. მომღერლის სახლში ერთი ქალი დიასახლისად მუშაობდა, მეორე კი ფიზიოთერაპევტად.
ორივე მათგანი აცხადებს, რომ მათ ხულიო იგლესიასისაგან შევიწროება, გაუპატიურება და ფსიქოლოგიური ძალადობა გადაიტანეს. საქმეზე ესპანეთის პროკურატურამ წინასწარი გამოძიება დაიწყო. ისტორია, როგორც ქალები ამბობენ, იგლესიას მდიდრული ვილის კარს მიღმა იმალებოდა და მხოლოდ ახლა შეძლეს, მომღერლის დანაშაულზე ხმამაღლა ესაუბრათ.

მომჩივნების თქმით, მოვლენები 2021 წელს, იგლესიასის დომინიკის რესპუბლიკასა და ბაჰამის კუნძულებზე მდებარე რეზიდენციებში მოხდა. მაშინ მომღერალი 77 წლის იყო, ერთ-ერთი სავარაუდო მსხვერპლი კი - 22-ის…
პირველი ბრალმდებელი, სახელად რებეკა, ამბობს, რომ 2021 წელს ის სტანდარტული შერჩევის შემდეგ, დიასახლისად აიყვანეს. როგორც ქალი აღნიშნავს, დაქირავების პროცესში იგლესიასმა მოითხოვა, სახისა და სხეულის სრული ფოტო გადაეღო, რაც მისთვის თავიდანვე უცნაური ნიშანი იყო. შემდეგ კი, ქალის თქმით, ძალადობა უშუალოდ დაიწყო.
რებეკა ამტკიცებს, რომ თავდაპირველად ხულიო იგლესიასი ინტიმური ცხოვრების შესახებ ესაუბრებოდა, უხერხულ, არაეთიკურ შეკითხვებს უსვამდა და დამამცირებელ და შეუფერებელ ლექსიკას იყენებდა. სიტყვიერი შეურაცხყოფა მალე ფიზიკურ ძალადობაში გადაიზარდა. რებეკა ამტკიცებს, რომ მომღერალმა ის რამდენჯერმე გააუპატიურა. იქამდე კი სცემა და ალკოჰოლი იძულებით მიაღებინა. იგლესიასის ყოფილი დიასახლისი აცხადებს, რომ ძალადობას სისტემატური ხასიათი ჰქონდა და თავის დაღწევას ვეღარ ახერხებდა.

მეორე ქალი, ლაურა, მომღერლის ფიზიოთერაპევტად მუშაობდა. როგორც ის ამბობს, ხულიო იგლესიასი გამუდმებით ამცირებდა, კოცნასა და ინტიმურ კავშირს აიძულებდა. ორივე ქალი აცხადებს, რომ იგლესიასი მათ ცხოვრებას ტოტალურად აკონტროლებდა, ემუქრებოდა და ამიტომ, აქამდე ძალადობის შესახებ ვერ საუბრობდნენ.
ქალები ამბობენ, რომ იგლესიასის სახლში მისვლის შემდეგ, ფაქტობრივად, გარე სამყაროს მოსწყდნენ და ტყვეობაში აღმოჩნდნენ. წინააღმდეგობის გაწევის ან უკმაყოფილების გამოხატვის ნებისმიერი მცდელობა უშედეგო იყო.
საქმეზე ესპანურმა საინფორმაციო გამოცემა El Diario-მ სამწლიანი ჟურნალისტური გამოძიება აწარმოა. ჟურნალისტები აცხადებენ, რომ 15 ისეთ ადამიანს დაუკავშირდნენ, რომლებიც 1990-იანი წლების ბოლოდან 2023 წლამდე ხულიო იგლესიასის სახლებში დომინიკის რესპუბლიკაში, ბაჰამის კუნძულებსა და ესპანეთში მუშაობდნენ. გამოცემის ცნობით, ორი ქალის ჩვენებები თანმიმდევრულია და დოკუმენტებით დასტურდება. მათ შორის, ფოტოები, სამედიცინო დასკვნა, ვიზები, შეტყობინებები და სხვა მასალებია. რაკი ხულიო იგლესიასი ესპანეთის მოქალაქეა, საქმის გამოძიება სწორედ ესპანეთში დაიწყო.


ესპანეთის ეროვნული სასამართლოს პროკურატურამ დაადასტურა, რომ ოფიციალური საჩივარი ქალებმა 2026 წლის 5 იანვარს შეიტანეს. ჯერჯერობით საქმის დეტალები დაფარულია. თუმცა, მედიასა და საზოგადოებაში ამბავი დიდ ინტერესს იწვევს. თუ დადასტურდება, რომ ხულიო იგლესიასმა სექსუალურად იძალადა ქალებზე, ეს ამბავი ბევრი ადამიანისათვის შოკისმომგვრელი იქნება. მომღერალს წლების განმავლობაში უამრავი გულშემატკივარი ჰყავდა და ის რომანტიკის, ვნებისა და წარმატების სიმბოლოდ ითვლებოდა.
ხულიო იგლესიასი ისტორიაში კომერციულად ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ესპანურენოვანი შემსრულებელია. მისი კარიერა 1960-იან წლებში დაიწყო. მომღერალმა 1970 წელს ესპანეთი ევროვიზიაზე წარმოადგინა. სიმღერით - "Gwendolyne" მეოთხე ადგილი დაიკავა. ათწლეულების განმავლობაში მან ასობით მილიონი ჩანაწერი გაყიდა, გლობალური ვარსკვლავი გახდა და ქალებში უსაზღვრო პოპულარობა მოიპოვა. მომღერლის სასიყვარულო ურთიერთობებისა და რომანების შესახებ არაერთი ჭორი ვრცელდებოდა, თუმცა ძალადობასთან დაკავშირებით, ამ დრომდე ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ოფიციალური ინფორმაციით, ხულიოს სხვადასხვა ქალისგან რვა შვილი ჰყავს. მათ შორის, ცნობილი მომღერალი, ენრიკე იგლესიასია. ის ანა კურნიკოვაზეა დაქორწინებული, 4 შვილი ჰყავს და პირად სივრცეს განსაკუთრებით უფრთხილდება.
რაც შეეხება ხულიო იგლესიასის საქმეს, ჯერჯერობით, დამატებითი დეტალები არ ვრცელდება. ახლა გამოძიება ორი ქალის ჩვენებას განიხილავს.