რომელ ასაკში უნდა შეეძლოს ბავშვს მარჯვენა და მარცხენას გარჩევა და როგორ ვასწავლოთ ეს ცნებები - პრაქტიკული სავარჯიშოები - მშობლები

რომელ ასაკში უნდა შეეძლოს ბავშვს მარჯვენა და მარცხენას გარჩევა და როგორ ვასწავლოთ ეს ცნებები - პრაქტიკული სავარჯიშოები

2026-01-16 10:35:28+04:00

ბავშვისთვის ერთ-ერთი ასეთი აუცილებელი უნარია - „მარჯვენა“ და "მარცხენას“ გარჩევა, ანუ სივრცეში ორიენტირება. როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, სკოლამდელი ასაკის ბავშვები ადვილად სწავლობენ ცნებებს „ზემოთ“ და „ქვემოთ“, მაგრამ მარჯვენა-მარცხენას გარჩევას არაერთი დღე სჭირდება. რითი დავიწყოთ?

პირველი ნაბიჯი წარმატებისკენ არის მარჯვენა და მარცხენა ხელის გარჩევა. იმდენად, რამდენადაც პატარებს აქვთ კონკრეტული აზროვნება, რეკომენდებულია შედარება სხვადასხვა საგანთან. მაგალითად აუხსენით, რომ მარჯვენა ხელი არის ის, რომლითაც ვიჭერთ ფანქარს ან კოვზს (თუ ცაციაა, პირიქით). ან რამდენიმე დღით შეგიძლიათ გაუკეთოთ სამაჯური და რამდენჯერმე გაუმეოროთ, რომ სამაჯური მარცხენა/მარჯვენა ხელზე უკეთია.

გაანდეთ კიდევ ერთი „საიდუმლო“: ყველაფერი,რაც მდებარეობს მარჯვენა ხელის მხარეს - არის მარჯვნივ. მაგ: ფეხი, თვალი, ყური და ა.შ.

სთხოვეთ დადოს სათამაშო მარჯვენა ხელის მხარეს. იგივე - მარცხენა მხარეს.

იგივე გაიმეორეთ ქუჩაში სეირნობისას. ყურადღება გაუმახვილეთ საგნებსა და ობიექტებზე. მაგ: “ნახე რა ლამაზი ძაღლია შენგან მარჯვნივ. ხედავ?“ ან „რა ლამაზი ვარდებია მარცხნივ, გაიხედე“.

ასევე სეირობისას აქცენტი გაუმახვილეთ მარშრუტზე: „ეხლა შევუხვევთ მარცხნივ, მერე მარჯვნივ“.

ბავშვის მაისურის ძებნისას კარადის გაღების დროს ჰკითხეთ პატარას: „ხომ არ იცი, სად არის შენი ლურჯი მაისური? უი ნახე - მარჯვენა უჯრაშია, მომაწოდე, რა“.

საჭიროა, რომ ბავშვი არჩევდეს არა მხოლოდ თავისი მხრიდან “მარჯვენას“ და „მარცხენას“, არამედ მის წინ მდგომი ადამიანის მარჯვენას და მარცხენას. ამისათვის მოხერხებულია ვარჯიში თოჯინაზე. 4-5 წლის ასაკში ბავშვს უნდა შეეძლოს „მარჯვენა“ და „მარცხენას“ გარჩევა.

5–6 წლამდე ასაკში მარჯვენა–მარცხენის არევა ხშირად ნორმის ფარგლებშია. პრობლემად მაშინ ითვლება, თუ 7–8 წლის შემდეგაც ძლიერ გამოხატულია, თუმცა ეს არ ნიშნავს ინტელექტუალურ ჩამორჩენას. უბრალოდ, მეტი ძალისხმევის გამოჩენა დაგჭირდებათ.

რატომ უჭირთ ბავშვებს მარჯვენასა და მარცხენას გარჩევა

ბავშვს მარჯვენასა და მარცხენის დამახსოვრება ხშირად უჭირს არა იმიტომ, რომ რაღაც „არასწორად აქვს“, არამედ იმიტომ, რომ ეს უნარი ერთდროულად რამდენიმე რთულ პროცესს ეყრდნობა.

პირველი მიზეზი არის ტვინის განვითარება. მარჯვენა და მარცხენა მხარეების გარჩევა მოითხოვს ტვინის ორივე ნახევარსფეროს შეთანხმებულ მუშაობას. ეს კავშირები ადრეულ ასაკში ჯერ კიდევ ფორმირების პროცესშია და ყველა ბავშვში ერთდროულად არ ყალიბდება. სწორედ ამიტომ ერთმა ბავშვმა შეიძლება მარტივად აითვისოს ეს ცნება, მეორეს კი მეტი დრო დასჭირდეს.

მეორე მიზეზი არის აბსტრაქტული აზროვნება. „მარჯვენა“ და „მარცხენა“ ბავშვისთვის ხელშესახები საგნები არ არის. ეს სიტყვებია, რომლებიც კონტექსტის მიხედვით იცვლება. ის, რაც ბავშვისთვის მარჯვნივაა, მის წინ მდგომი ადამიანისათვის შეიძლება მარცხენა იყოს, და ეს აბნევს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ბავშვი ჯერ კონკრეტულ აზროვნებაზეა ორიენტირებული.

მესამე ფაქტორი სივრცითი აღქმაა. ზოგ ბავშვს სივრცის, მიმართულებებისა და პოზიციების შეგრძნება უფრო ნელა უვითარდება. ასეთ შემთხვევაში მარჯვენისა და მარცხენის არევა ლოგიკური გაგრძელებაა და ხშირად სხვა სივრცითი სირთულეებსაც ახლავს.

მნიშვნელოვანი მიზეზია მოძრაობისა და სხეულის შეგრძნება. ბავშვი უკეთ სწავლობს მიმართულებებს მაშინ, როცა აქტიურად იყენებს სხეულს. თუ ყოველდღიურ ცხოვრებაში ნაკლებად აქვს მოძრაობით სწავლების გამოცდილება, მარჯვენა და მარცხენა უფრო ძნელად „ჯდება“ მეხსიერებაში.

ასევე როლს თამაშობს ენა და კომუნიკაცია. თუ უფროსები ხშირად ცვლიან მითითებებს, ჩქარობენ ან თავადაც ერევათ მიმართულებები, ბავშვისთვის ეს ცნებები კიდევ უფრო არასტაბილური ხდება. ბავშვი ვერ ქმნის მყარ ასოციაციას სიტყვასა და მოქმედებას შორის.

ბოლოს, ემოციური ფაქტორიც მნიშვნელოვანია. როცა ბავშვს ხშირად ასწორებენ, აჩქარებენ ან დასცინიან, ტვინი სტრესზე გადადის და სწავლა რთულდება. ასეთ დროს მარჯვენისა და მარცხენის დამახსოვრება არა ცოდნის, არამედ დაძაბულობის საკითხი ხდება.

ამ ყველაფრის გამო მარჯვენისა და მარცხენის სწავლა პროცესია არა ერთჯერადი უნარი. მშვიდ გარემოში, თამაშითა და განმეორებით, ეს ცოდნა ბავშვებში ბუნებრივად და მყარად ყალიბდება.

ბავშვმა რომ დამოუკიდებლად თამაში ისწავლოს და საკუთარი ფანტაზიით გართობა შეძლოს - როგორ ვასწავლოთ ბავშვს მარტო თამაში
როგორ ვასწავლოთ ბავშვს მიზნის მიღწევა და დაბრკოლებების გადალახვა - 7 მარტივი გზა, რომლებიც ყველა მშობელმა უნდა იცოდეს