"მას შეუძლია, ჩვენი ორგანიზმიდან კანცეროგენები გამოიტანოს, რომელიც საკვებით მოხვდა ან საკვების გადამუშავების შედეგად ჩამოყალიბდა ორგანიზმში" - მარი მალაზონია - მშობლები

"მას შეუძლია, ჩვენი ორგანიზმიდან კანცეროგენები გამოიტანოს, რომელიც საკვებით მოხვდა ან საკვების გადამუშავების შედეგად ჩამოყალიბდა ორგანიზმში" - მარი მალაზონია

2026-01-16 12:16:29+04:00

ექიმი ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორიმარი მალაზონიაგადაცემაში"პირადი ექიმი მარი მალაზონია"საუბრობს, რა უნდა გავითვალისწინოთ იმისათვის, რომ ყაბზობის პრობლემა თავიდან ავირიდოთ ან არსებობის შემთხვევაში, სიმპტომები შევამსუბუქოთ:

- როდესაც ყაბზობაზე ვსაუბრობთ, ერთ მარტივ რეკომენდაციას ვეყრდნობით. ეს ცხოვრების წესის ფაქტორების ცვლილებაა. ეს არის კრებითი, ერთგვარი ქოლგა, რომლის ქვეშაც სხვადასხვა ფაქტორია გაერთიანებული.

ცხადია, ეს არის წონის კონტროლი. ძალიან მნიშვნელოვანია, ვთქვათ, რომ წონის მერყეობა, როგორც წონის უკიდურესი კლება, ასევე წონის სიჭარბე ქმნის იმის წინაპირობას, რომ ყაბზობის ტენდენცია გაჩნდეს ან გაღრმავდეს. თანამედროვე მედიცინისთვის წონის ოპტიმიზაცია აღმოჩნდა ერთ-ერთი დასაბუთებული არგუმენტი, ინსტრუმენტი იმისა, რომ ვთქვათ, წონა სასიკეთოდ მოქმედებს და ყაბზობის პროფილაქტიკისთვისაც მუშაობს.

გასათვალისწინებელია ფიზიკური აქტივობა. ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ფიზიკური აქტივობა, რომელიც მენჯის კუნთოვანი აპარატის განმტკიცებაზე ან მოდუნებაზეა მიმართული.

როდესაც ცხოვრების წესის ფაქტორებზე ვლაპარაკობთ, ყაბზობის დროს წყლის მოხმარება გასათვალისწინებელია. არაერთხელ გვითქვამს, რომ წყლის სიჭარბეც და ნაკლებობაც შეიძლება, ჩვენი ორგანიზმისთვის ტვირთი იყოს. დასაბუთებულია, რომ წყლის არასაკმარისი მოხმარება შეიძლება, ყაბზობის მაპროვოცირებელი და ხელშემწყობი გახდეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ წყლის საჭირო რაოდენობის მოხმარებით ცალკეულ შემთხვევებში ჩვენ ამ პრობლემის გადალახვა შეგვიძლია.

მთავარი გასაღები ჩვენს კვებით შუქნიშანშია. ამ შემთხვევაში, პირობით გადანაწილებაზე ვლაპარაკობთ და პროდუქტებზე, რომლებიც ერთ მთავარ თვისებას ატარებს - ყველა მათგანი მცენარეული ბოჭკოთი მდიდარია. გარდა ნაწლავის სტიმულირებისა, გარდა თავად განავლოვანი მასის ფორმირებაში მონაწილეობისა, რასაც მცენარეული ბოჭკო აკეთებს, მისი მოცულობის კონტროლი, ცვლილება, რეგულირება - ამასაც აკეთებს მცენარეული ბოჭკო. შეუძლია, კიდევ დამატებითი ფუნქცია შეასრულოს. ვამბობ ხოლმე, რომ მცენარეული ბოჭკო ჩვენს ორგანიზმში ცოცხივით მოქმედებს. მას შეუძლია, ჩვენი ორგანიზმიდან კანცეროგენები გამოიტანოს, რომელიც საკვებით მოხვდა ან საკვების გადამუშავების შედეგად ჩამოყალიბდა. მას შეუძლია, ქოლესტეროლის დონის რეგულაციაში მიიღოს მონაწილეობა იმიტომ, რომ ნაწლავიდან ჭარბი ქოლესტეროლი გამოიტანოს. მას შეუძლია ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს არტერიული წნევის რეგულაციაში, დაგვეხმაროს წონის რეგულირებაში, დაიცვას ჩვენი გულ-სისხლძარღვთა სისტემა, დაგვიცვას ინსულინ რეზისტენტობისგან. მე ძირითადი კომპონენტები გაგაცანით. მისი სასარგებლო კომპონენტები გაცილებით მეტია. ვფიქრობ, ჩვენს ოჯახებში ტრადიციული, მამა-პაპური წესით დამზადებული კერძები, ნედლი ხილი და ბოსტნეული, მარცვლეულ-ბურღულეული მთლიანი სახით, აუცილებლად დაიკავებს ჩვენს რაციონში ღირსეულ ადგილს, თუნდაც იმიტომ, რომ ამ პროდუქტების სწორი, რაციონალური გამოყენება, წყლის ადეკვატურ რაოდენობასთან ერთად, წონის კონტროლთან და შესაბამის ფიზიკურ აქტივობასთან ერთად, გვაძლევს საშუალებას, რომ ჩვენი ორგანიზმი ყაბზობისგან დავიცვათ. ხოლო, ყაბზობის არსებობის შემთხვევაში, მაქსიმალურად ადვილად დავძლიოთ და გავუმკლავდეთ მას, რაც არც თუ ისე სასიამოვნოა ჩვენი ორგანიზმისთვის.