ბრიტანული ტაბლოიდის, The Sun ცნობით, მაიკლ ჯექსონის უმცროსი შვილის — პრინს მაიკლ II-ის (დღეს ცნობილია როგორც ბიგი) — ბიოლოგიური მამა შესაძლოა ლეგენდარული ჰოლივუდელი ვარსკვლავი, მარლონ ბრანდო, იყოს. გამოცემა ამ ინფორმაციას „მაღალჩინოსან და სანდო წყაროებზე“ დაყრდნობით ავრცელებს.
ტაბლოიდის ინფორმაციით, 23 წლის პრინს მაიკლ II-ის წარმოშობის შესახებ ახალი თეორია სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი ჯექსონის უფროსი შვილებისთვის. წყაროს თქმით, ოჯახში ნელ-ნელა „პაზლის ყველა ნაწილი ერთ მთლიან სურათად ეწყობა“ და ახლობლები ცდილობენ, ეს ინფორმაცია გაიაზრონ.
ჰოლივუდის ინსაიდერები ამტკიცებენ, რომ მაიკლ ჯექსონსა და მარლონ ბრანდოს შორის ურთიერთობა ბევრად უფრო ღრმა იყო, ვიდრე უბრალოდ მეგობრობა. მათი თქმით, წლების განმავლობაში ჰოლივუდში ამბობდნენ, რომ ჯექსონი შვილების ყოლისას სპერმის დონორებს იყენებდა. ამ ადამიანებს შორის, წყაროს მტკიცებით, მარლონ ბრანდოც იყო. „ისინი ორივე მეგავარსკვლავები იყვნენ და ერთმანეთის მიმართ დიდი ნდობა ჰქონდათ. სწორედ ამიტომ ინახებოდა ეს ამბავი ამდენ ხანს საიდუმლოდ — თუმცა ძალიან ვიწრო წრემ ყოველთვის იცოდა“, — ამბობს The Sun-ის წყარო.

ამ თეორიას გარკვეულწილად ამყარებს მსახიობ მარკ ლესტერის წარსული განცხადებებიც. ლესტერმა საჯაროდ აღიარა, რომ 1990-იანი წლებში მაიკლ ჯექსონისთვის სპერმის დონორი იყო. 2009 წელს მან ტელეინტერვიუში თქვა, რომ საკუთარ ქალიშვილსა და ჯექსონის ქალიშვილ პერისს შორის მსგავსებას ამჩნევდა და სჯეროდა, რომ პერისი მისი ბიოლოგიური შვილი იყო. მისი თქმით, ჯექსონს სქესობრივ ცხოვრებასა და სპერმის დაბალ რაოდენობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა.
ლესტერის განცხადებით, ის არ იყო ერთადერთი ცნობილი ადამიანი, ვისაც ჯექსონმა დახმარებისთვის მიმართა. მისი სიტყვებით, მაიკლი კონფიდენციალურობას ჰპირდებოდა და დონორებს შორის იყვნენ მაკოლეი კალკინი, მარლონ ბრანდო, ჯეკ ნიკოლსონი, ური გელერი და მაღალი აკადემიური ხარისხის მქონე პირებიც.
დროთა განმავლობაში ლესტერი ჯექსონის ოჯახს დაშორდა. როგორც თავად ამბობდა, ოჯახმა დნმ-ის ტესტის ჩატარებაზე უარი თქვა, ხოლო მოგვიანებით მან განაცხადა, რომ „ჯექსონების კლანმა მასზე უარი თქვა“.
მსგავსი განცხადება წარსულში მაიკლ ჯექსონის ყოფილმა მცველმა და საბრძოლო ხელოვნების სპეციალისტმა მარკ ფიდესიმაც გააკეთა, რომელმაც თქვა, რომ სპერმა მანაც გაიღო, რადგან ჯექსონს „სპორტული აღნაგობის შვილი“ სურდა. ჯექსონის გარდაცვალების შემდეგ ფიდესმა აღნიშნა, რომ თეორიულად შეიძლებოდა უმცროსი შვილის ბიოლოგიური მამა თავად ყოფილიყო, თუმცა ეს მომღერალს არასდროს დაუდასტურებია.
ინტერნეტში წლებია ამჩნევენ, რომ ბიგი ჯექსონი საოცრად ჰგავს მარლონ ბრანდოს შვილებს — განსაკუთრებით თვალებითა და სქელი წარბებით — და ნაკლებად ჰგავს საკუთარ უფროს და-ძმას.

ცნობილია, რომ ბიგი ჯექსონი უცნობი სუროგატი დედის გაჩენილია. მაიკლ ჯექსონის უფროსი შვილების — პრინს მაიკლ I-ისა და პერისის — დედა კი ყოფილი მედდა დები როუ გახლავთ, რომელთანაც მომღერალს ხანმოკლე ქორწინება აკავშირებდა.
მაიკლ ჯექსონი 2009 წლის ივნისში, 50 წლის ასაკში, გარდაიცვალა. მარლონ ბრანდო კი მასზე ხუთი წლით ადრე.
მიუხედავად მრავალმილიარდიანი ვალებისა, მაიკლ ჯექსონის ქონება დღეს 2 მილიარდ დოლარზე მეტად ფასდება. გარდაცვალების შემდეგ მან ქონების დაახლოებით 40% შვილებს დაუტოვა, 40% — დედას, კეტრინ ჯექსონს, ხოლო დარჩენილი 20% ქველმოქმედებას მოახმარა.