ერთად უნდა ცხოვრობდეს ახალდაქორწინებული წყვილი თუ ცალ-ცალკე, რა დოზით უნდა ერეოდეს დედა დაქორწინებული შვილის ცხოვრებაში და როგორ უნდა შეინარჩუნოს მამაკაცმა ემოციური კავშირის ბალანსი ორ ქალთან - დედასთან და მეუღლესთან? ახალგაზრდა ოჯახების პრობლემებზე სალომე კასრაძის პოდკასტში ფსიქოლოგმა ნიკო ამბოკაძემ ისაუბრა.
“წყვილმა, რომელიც ქორწინდება ან გეგმავს თანაცხოვრებას, მნიშვნელოვანია, რომ პირველ ეტაპზე კომფორტზე უარი თქვას და გადავიდეს ცალკე, იყვნენ მარტონი, თუნდაც ქირით. რადგან, როცა ოჯახში სხვადასხვა პერსონაჟის ტრიალი იწყება, კონფლიქტი შეიძლება ნებისმიერ თემაზე დაიწყოს. მაგალითად, ტრენინგისას ერთმა მონაწილემ საინტერესო შემთხვევა გაგვიზიარა, თუ რაზე შიძლება დაიწყოს კონფლიქტი რძალსა და დედამთილს შორის. დედამთილი ეუბნებოდა: „ცოცხი დადე ტარით“, რადგან ასე ცოცხი არ დეფორმირდება, მალე არ გაფუჭდება. რძალი შეძლებული ოჯახიდან იყო და არ ესმოდა, რატომ დაედო ტარით, როცა შეეძლო იმდენი ახალი ცოცხი ეყიდა, რამდენიც დასჭირდებოდა. ამბობდა: „არ არის პრობლემა, გაფუჭდეს, ვიყიდი ახალს“. ხომ ძალიან წვრილმანია, მაგრამ კონფლიქტები ძირითადად ასეთ თემებზეა. როცა წყვილი მშობლებთან ერთად ცხოვრობს და კამათს იწყებს, ეს ორი ადამიანის კამათი არ არის. იქ არის მინიმუმ კიდევ 4 მონაწილე, ერთის მშობლები და მეორის მშობლები.
ცოტა ხნის წინ პატარა სტატისტიკა ვაწარმოე. მეგობარს ვკითხე სამეზობლოში რამდენი ოჯახი ცხოვრობდა მარტო. ვერ იპოვა წყვილი, რომელიც მარტო ცხოვრობს. როდესაც წყვილი მარტო არ ცხოვრობს, ის არ არის დამოუკიდებელი“ - ამბობს ნოკო ამბოკაძე და წყვილებს ურჩევს, ქორწინების შემდეგ 2 წლის მაინც გაატარონ ცალკე.
„წყვილმა სასურველია, ორი წელი მაინც იცხოვროს მარტო. ყველა ოჯახს თავისი მულტიკულტურული ნორმები აქვს. როცა რამდენიმე ოჯახი ერთად იყრის თავს, რთულია, შენი ნორმები დააწესო. ცალკე ცხოვრებისას კი ამ ორი წლის განმავლობაში ძველი ნორმებისგან თავისუფლდებიან და თვითონ ქმნიან თავის ნორმებს. ხოლო როცა სტუმრად მიდიან ერთმანეთის ოჯახებში, ხვდებიან, რომ პრობლემა კი არაა რამე და კი არ ბრაზდებიან, უბრალოდ ხედავენ, რომ მათი ოჯახი ასეთია, სხვისი ოჯახი - ისეთი. აგრესიაც ნაკლებია და კამათიც, - ამბობს ფსიქოლოგი.
ნიკო ამბოკაძე მამაკაცის დედისგან „განცალკევების“ თემასაც შეეხო. როცა მამაკაცი თვლის, რომ „დედამ უკეთ“ იცის, როგორ უნდა მოახერხოს დედისგან განცალკევება ისე, რომ თავი დამნაშავედ არ იგრძნოს
„როცა მამაკაცი დედისგან განცალკევებული არ არის, ამ დროს კაცი ემოციურად ორ ქალზეა დამოკიდებული - დედაზე და ცოლზე... უნივერსალური რჩევა აქ არ არსებობს, პერსონალური და იდვიდიუალური გამოცდილებაა. უნდა გავიაზროთ, რომ სიყვარული მიჯაჭვულობას არ ნიშნავს, უნდა გიყვარდეს დედა, ზრუნავდე მასზე, როგორც შვილი. პარალელურად გიყვარდეს ქალი და ზრუნავდე მასზე, როგორც მეუღლე. ამას ზრდასრულობა, დამოუკიდებლობა სჭირდება. დედას ფსიქოლოგიურად ძალიან დიდი გავლენა აქვს, დედისგან განცალკევებით მასაც უფრთხილდები ემოციურად და საკუთარ თავსაც. როცა განცალკევებული ხარ, შენ თავად ამოიცნობ შენს ემოციებს, სახელს დაარქმევ, გაუმკლავდები და არ გაიქცევი ყოველთვის დედასთან (რაც ძალიან ინფანტილურია), არ ანერვიულებ.
მოზარდობის პერიოდიდან დედები თანდათან უნდა „გამოეთხოვონ“ შვილებს. როცა მაგალითად შვილს ამოსდის წვერი, უნდა აღიარონ, რომ მათი შვილი იზრდება. როგორც წესი, დედები იჯაჭვებენ შვილებს, რადგან თავად ასე აღიზარდნენ, სხვა მოდელი არ ჰქონიათ და ფიქრობენ, დედის ფუნქცია ისაა, შვილი ბოლომდე დაიცვას, იყოს მისი მფარველი ანგელოზი. ერთის მხრივ ეს კარგია, მაგრამ ცუდი ისაა, რომ დამოუკიდებელი ვეღარ ხდება მამაკაცი. როცა დედა ვერ ახერხებს შვილთან გამოთხოვებას, შვილმა უნდა გააკეთოს ეს დელიკატურად“, ამბობს ნიკო ამბოკაძე.