"მამაკაცი "ტიკტოკზე" 11 წლის ბავშვს თანატოლად გაეცნო და ინტიმური შინაარსის ფოტოებს სთხოვდა" - როგორ გაიგო დედამ ამის შეახებ - მშობლები

"მამაკაცი "ტიკტოკზე" 11 წლის ბავშვს თანატოლად გაეცნო და ინტიმური შინაარსის ფოტოებს სთხოვდა" - როგორ გაიგო დედამ ამის შეახებ

2026-01-17 14:18:56+04:00

30 წლამდე მამაკაცი, რომელსაც მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს, 11 წლის ბავშვს სექსუალური შინაარსის წერილებს სწერდა და მისგან ეროტიკული ფოტოების გაგზავნას მოითხოვდა. მამაკაცი 15 იანვარს სასამართლომ გარყვნილ ქმედებაში დამნაშავედ ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საქმეზე არასამთავრობო ორგანიზაცია“საფარის” იურისტი მარიამ ვარამაშვილი მუშაობდა, რომელიც AMBEBI.GE-სთან მომხდარის შესახებ ჰყვება.

"ეს დაახლოებით ერთი წლის წინ მოხდა. 11 წლის გოგონას ტიკ-ტოკის მეშვეობით დაუკავშირდა პირი, რომელიც მას გაეცნო, როგორც თანატოლი. ბავშვს თავიდან ეგონა, რომ ყალბი “ექაუნთით” მისი მეგობარი სწერდა და მიმოწერა ცნობისმოყვარეობის გამო გააგრძელა. თუმცა კაცმა ის საუბარში შეიტყუა და რამდენიმე დღეში დაარწმუნა, რომ უყვარდა. მამაკაცმა იცოდა, რომ მისი შეტყობინებების ადრესატი ბავშვი იყო. მიუხედავად ამისა, ის ბავშვს სთხოვდა გეკეთებინა კონკრეტული სექსუალური ხასიათის ქმედება, ეს აღებეჭდა ფოტოს ან ვიდეოს სახით და მისთვის გაეგზავნა. გოგონა, მისი ასაკიდან გამომდინარე, ვერც კი იგებდა რას მოითხოვდა მისგან მამაკაცი. ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი - როდესაც ასეთი ფაქტი ხდება, აქვთ განცდა, რომ ბავშვი იყო ეკრანზე დამოკიდებული, ან დედა ვერ აქცევდა სათანადო ყურადღებას და ბრალეულობა ისევ მსხვერპლის მხარეს გადმოდის, რაც არასწორია. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ბავშვი ზომიერ დროს ატარებდა ეკრანთან და ეს მიმოწერაც დიდხანს არ გაგრძელებულა, სულ რაღაც რამდენიმე დღეში, დედამ გაარკვია რა ხდებოდა და მყისიერად მოახდინა სწორი რეაგირება.” - აცხადებს ადვოკატი.

როგორ გაიგო დედამ მომხდარის შესახებ

უფლებადამცველის მონათხრობით, ბავშვი ჩვეულებრივ დადიოდა სკოლაში და რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება მისი ცხოვრებს წესში დედას არ შეუნიშნავს. მოძალადე ბავშვს არწმუნებდა, რომ მასთან კომუნიკაცია ოჯახის წევრებისგან მალულად დაემყარებინა. ერთ ღამეს, როცა დედას გამოეღვიძა, დაინახა, რომ ბავშვს ხელში ტელეფონი ეჭირა. სწორედ ასე გაარკვია, თუ რა საფრთხის წინაშე იდგა მისი შვილი. ბავშვმა მშობელს ყველაფერი უამბო და მიუხედავად მძიმე ემოციური ფონისა, უფლებადამცველებთანაც ითანამშრომლა. თუმცა მოძალადის "ტიკ-ტოკის" “ექაუნთი” იმდენად ანონიმური იყო, რომ იდენტიფიცირების საშუალებას არ იძლეოდა. აღსანიშნავია, რომ სოციალური ქსელებიდან "ტიკ-ტოკი" ყველაზე უკონტროლო სივრცეა, ვინაიდან ის სამართალდამცავ ორგანოებთან არ თანამშრომლობს, განსხვავებით სხვა სოციალური პლატფორმებისგან.

ბავშვი დედამ და საქმეში ჩართულმა იურისტმა მოძალადეს საუბარი მსხვერპლის სახელით გაუბეს და მას მობილურის ნომერი “გამოიტყუეს”, რის შემდეგაც მისი იდენტიფიცირება და დაკავება სამართალდამცავებს აღარ გასჭირვებიათ.

"მიუხედავად იმისა, რომ პირის ბრალეულობა უტყუარად დადასტურდა, პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა მობილური, რომელშიც არ იყო წაშლილი არცერთი მიმოწერა და აშკარად ჩანდა, რომ კაცს ბავშვთა პორნოგრაფიისა და პედოფილიის მიმართ ინტერესი ჰქონდა, ოჯახი მას მხარს ბოლომდე უჭერდა. მამაკაცს დანაშაული არცერთ ეტაპზე არ უღიარებია.

განაგრძეთ კითხვა

10-11 წლის გოგონები საკუთარ სექსუალობაზე საუბრობენ და საოცარ ვიდეოებს დებენ - რა ხდება ქართულ ტიკ-ტოკზე და უნდა გააკონტროლოს თუ არა მშობელმა ბავშვის სოციალური ქსელები
ტიკ-ტოკის კიდევ ერთი მსხვერპლი - 13 წლის გოგონას დედა მშობლებს აფრთხილებს