ქართველი მოციგურავე ნიკა ეგაძე ევროპის ჩემპიონი გახდა. მისი გამარჯვებების სიას კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯი მიემატა. წლების წინ mshoblebi.ge-ს ინტერვიუ ჰქონდა ნიკა ეგაძის დედასთან,მარი იასაღაშვილთან. გთავაზობთ მცირე ამონარიდს ამ ინტერვიუდან, თუ რა გზა გაიარა მან შვილთან ერთად, წარმატებისკენ მიმავალ გზაზე:
- ნიკა 5 წლის იყო, როდესაც ფიგურულ სრიალზე შევიყვანეთ თბილისში. ფიგურული სრიალი ძალიან მომწონდა და გასართობად მივიყვანეთ, მაშინ ამ საქმის სერიოზულად გაგრძელებას არ ვგეგმავდით. შემდეგ, დავინახეთ, რომ ბავშვს ნიჭი ჰქონდა, რაღაცები ძალიან კარგად გამოსდიოდა, თუმცა თბილისში სტანდარტული ყინულის მოედანი და სპორტსმენის განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობები არ იყო, შეჯიბრებები იშვიათად ტარდებოდა. ამიტომ მივმართეთ საქართველოს ფიგურული სრიალის ფედერაციას. ისინი ძალიან დაგვეხმარნენ და 12 წლის ასაკში ბათუმში გადავიყვანე. იქ დიდი მოედანი, შესაბამისად, განვითარებისთვის უფრო მეტი შესაძლებლობა იყო. ბათუმში ვარჯიშის დროს 6-7 მედალი მოიპოვა, მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებში ბრინჯაოს მედალი გახლდათ. შემდეგ მოსკოვში წამოსვლა და ვარჯიშის აქ გაგრძელება გადავწყვიტეთ. უკვე მესამე წელია, აქ ვართ. 3-ჯერ ჰქონდა მოტეხილობა, თუმცა ეს სეზონი ნორმალურად დავიწყეთ. სერბეთში გამართულ ტურნირზე ოქროს მედალი მოიპოვა.

- მე და ნიკა ცალკე ვცხოვრობთ, მეუღლე და ჩემი მეორე შვილი თბილისში დარჩნენ. ეს კი მორალურად ძალიან რთულია.

- რა თქმა უნდა, გამიჭირდა. ბათუმში არ იყო იმდენად რთული, როგორც მოსკოვში. ბათუმიდან უფრო შემეძლო თბილისში ჩასვლა ან ჩემი მეუღლე და შვილი ჩამოდიოდნენ ჩვენთან. მოსკოვში უფრო რთულია, მაგრამ სხვა გამოსავალი არ გვაქვს. ნიკას ძალიან უყვარს ეს საქმე და უნდა, წარმატებული კარიერა ჰქონდეს. მეც არ მაქვს უფლება, რომ სისუსტე გამოვავლინო და ჩემს შვილს გვერდით არ დავუდგე.

- მშობლის თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანია. ბავშვი ვარჯიშიდან დაღლილი მოდის, ხანდახან გაღიზიანებულია. გვერდით უნდა დაუდგე ყველანაირად, შეუქმნა კარგი ატმოსფერო. უნდა გაამხნევო და დაამშვიდო, როცა წარუმატებლობას განიცდის. ნიკა პატარა აღარაა, 18 წლის გახდება აპრილში, მაგრამ მარტო ვერ ვტოვებ იმიტომ, რომ მშობლის მხარდაჭერა ყოველდღიურად სჭირდება.
- ძალიან მნიშვნელოვანია, ბავშვმა აკეთოს ის, რაც მას სურს და არა - მშობელს რაც უნდა. თუ ბავშვს სპორტი მოსწონს და არა მუსიკა, სპორტით უნდა დავაკავოთ. ეს მისი არჩევანი უნდა იყოს, მშობლების ვალია, ყველანაირად ხელი შევუწყოთ მიზნის მიღწევაში.
