საბერძნეთის პატარა ქალაქ ვერიაში, სადაც სიმშვიდე და ტრადიციული ცხოვრების წესი წესად იყო ქცეული, 2006 წლის 3 თებერვალს ისეთი რამ მოხდა, რამაც მთელი ქვეყანა შეძრა.11 წლის ალექს მესხიშვილის გაუჩინარებაარ ყოფილა უბრალო უბედური შემთხვევა. ეს იყო საქმე, რომელმაც გამოააშკარავა ბავშვური სისასტიკე, უფროსების გულგრილობა და სისტემის უძლურება - საქმე, სადაც 20 წლის შემდეგაც კი არ არსებობს ცხედარი, არ არსებობს საფლავი და მხოლოდ კითხვებია დარჩენილი.
საბედისწერო პარასკევი: ქრონოლოგია გაუჩინარებამდე
2006 წლის 3 თებერვალი, პარასკევი. საღამოს 7-დან 8 საათამდე პერიოდი. 11 წლის ალექსმა, რომელიც წარმოშობით საქართველოდან იყო და დედასთან, ნათელასთან ერთად საბერძნეთში ცხოვრობდა, კალათბურთის ვარჯიში დაასრულა. მისი მარშრუტი ნაცნობი იყო: სპორტული დარბაზიდან მამინაცვლის სამუშაო ადგილისკენ, "ელიას-ანოქსის" რაიონში, სადაც მცირე ხნით უნდა შეევლო, შემდეგ კი ხატვის გაკვეთილზე წასულიყო.
ალექსი მშვიდი, ნიჭიერი და დისციპლინირებული ბავშვი იყო. როდესაც დათქმულ დროს სახლში არ გამოჩნდა, დედამ მაშინვე იგრძნო, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო. თუმცა, იმ ღამეს პოლიციამ განგაში არ ატეხა. სამართალდამცავებმა ჩათვალეს, რომ ბავშვი "გაიპარა" ან მამამისმა საქართველოში წაიყვანა. სანამ ძვირფასი დრო იკარგებოდა, ქალაქში საშინელი ჭორები გავრცელდა: ამბობდნენ, რომ ალექსი ორგანოებით მოვაჭრეებმა გაიტაცეს, ზოგი კი დედას, ნათელას, სრულიად უსაფუძვლოდ სდებდა ბრალს საეჭვო კავშირებში.
"სასტიკი ხუთეული" და პირველი აღიარება
გარდატეხა საქმეში მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ მოხდა, როდესაც ცნობილმა ბერძენმა გამომძიებელმა ჟურნალისტმა, ანგელიკი ნიკოლულიმ, თავის გადაცემაში "შუქი გვირაბში" დაიწყო საქმის დეტალური განხილვა. ჟურნალისტმა მიაგნო მოზარდების ჯგუფს, რომელთაც ვერიაში "სასტიკებს" ეძახდნენ.
ჯგუფში ხუთი ბავშვი შედიოდა (11-დან 13 წლამდე): ორი ბერძენი ძმა, ერთი ალბანელი, ერთი ჩრდილოეთ ეპირელი და ერთი რუმინელი. ერთ-ერთი მათგანის, ჩრდილოეთ ეპირელი ა.ზ.-ს აღიარებამ შოკში ჩააგდო საბერძნეთი. მან დეტალურად აღწერა "ნადირობა" ალექსზე.
"დაღამებული იყო. სკამებზე ვისხედით და ვეწეოდით. დავინახეთ ალექსი, რომელიც ვარჯიშიდან მოდიოდა. სიტყვიერი შელაპარაკება მოგვივიდა და გამოვეკიდეთ. ხუთნი ვიყავით, ის მარტო. მერიის შენობასთან გზა გადავუჭერით. ს.ე.-მ მისი ცემა დაიწყო, სხვებიც მივცვივდით. ალექსი გაქცევას ცდილობდა, ყვიროდა. სწორედ მაშინ ე.ხ.-მ ფეხი დაუდო. ალექსი კიბეზე დაგორდა და თავი საფეხურს დაარტყა. სისხლი წამოუვიდა და გაითიშა. ერთ-ერთმა ჩვენგანმა გულზე ყური დაადო და თქვა: აღარ სუნთქავს, მოკვდაო." განაგრძეთ კითხვა