ვისთვის არ შეიძლება გასახდომი ინიექციები და ვის სჭირდება ის ყველაზე მეტად - ენდოკრინოლოგის განმარტებები - მშობლები

ვისთვის არ შეიძლება გასახდომი ინიექციები და ვის სჭირდება ის ყველაზე მეტად - ენდოკრინოლოგის განმარტებები

2026-01-19 10:28:14+04:00

რა ხდება ორგანიზმში ე.წ. გასახდომი საშუალებების მიღების დროს, ვისთვის არ შეიძლება ეს მედიკამენტები და რა გვერდითი მოვლენები ახლავს თან - გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო” ენდოკრინოლოგი, ნუტრიციოლოგი ნათია რომაშვილი საუბრობს:

- ე.წ. გასახდომი ინექციები თავის დროზე ნამდვილად შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის სამკურნალოდ შეიქმნა. მისი მოქმედების მექანიზმი GLP-1 აგონისტების გააქტიურებას უკავშირდება. GLP-1 რეცეპტორების გააქტივებით, GLP-1 ჰორმონს ვიღებთ, რომელიც ფიზიოლოგიურად ჩვენს კუჭ-ნაწლავის სისტემაში გამომუშავდება. ეს ჰორმონი პანკრეასის მიერ ინსულინის გამოთავისუფლებას ხელს უწყობს. ინსულინი კი, როგორც ვიცით, სისხლში გლიკემიის რეგულირებას, შაქრის დონის მოწესრიგებას ხელს უწყობს. სწორედ ეს იყო მიზანი, როდესაც ეს პრეპარატები შეიქმნა.

გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ ეს მედიკამენტები ცენტრალურ ნერვულ სისტემაზეც მოქმედებენ, კერძოდ თავის ტვინზე, ჰიპოთალამუსზე და შიმშილის გრძნობის დაქვეითებას იწვევენ. ასევე, აღმოჩნდა, რომ კუჭ-ნაწლავის მხრივ ნაყროვანების გრძნობის გახანგრძლივებას იწვევენ. ამის ფონზე, აღმოჩნდა, რომ პაციენტები წონაში იკლებენ, შესაბამისად, ეს მედიკამენტები დღეს ამ მიზნითაც გამოიყენება.

ამ მედიკამენტების თვითნებურად დანიშვნა და გამოყენება არ შეიძლება. ეს ექიმის მიერ, მას შემდეგ უნდა მოხდეს, რაც პაციენტის ზოგადი მდგომარეობა შეფასდება, ჩატარდება ლაბორატორიული კვლევები, განისაზღვრება თირკმლის ფუნქცია, კრეატინინი, განისაზღვრება ღვიძლის ფუნქციური სინჯები, სისხლის შაქრის დონე - მხოლოდ ამის შემდეგაა შესაძლებელი, თუ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს გვიწყობს, აღნიშნული მედიკამენტი დაინიშნოს.

არსებობს გარკვეული უკუჩვენებები, რა დროსაც საერთოდ არ შეიძლება, დაინიშნოს. მაგალითად, როდესაც ამ მედიკამენტის ირგვლივ თავის დროზე ცდები ჩატარდა, ფარისებრი ჯირკვლის მედულური კარცინომის მომატებული რისკი გამოვლინდა. თუმცა, ეს ცხოველებზე ჩატარებული ცდა იყო და არა - ადამიანებზე. ადამიანებზე არ გამოვლენილა, მაგრამ, ვინაიდან ცხოველებში გამოვლინდა ეს პრობლემა, ასეთი დაავადებების დროს ან იმ ადამიანებს, ვისაც ოჯახურ ანამნეზში ფარისებრი ჯირკვლის მედულური კარცინობა აქვთ, აღნიშნული მედიკამენტის გამოყენება უკუნაჩვენებია. ასევე, მრავლობითი ენდოკრინული ნეოპლაზიების სინდრომის დროსაც არ შეიძლება, დანიშვნა.

ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონალური დარღვევა, რომელიც გამოვლინდება ან ჰიპერ ან ჰიპოთირეოზით - ასეთ დროს ეს შესაძლოა, დამოუკიდებლად იყოს სიმსუქნისა და ჭარბი წონის მიზეზი, თუმცა აღნიშნული მედიკამენტის დანიშვნის უკუჩვენება არ არის. უკუჩვენებაა კონკრეტულად მედულური კარცინომა.

ეს მედიკამენტი დამტკიცებულია, როგორც შაქრიანი დიაბეტის და ასევე, ჭარბი წონისა და სიმსუქნის სამკურნალო საშუალება. მაგრამ, აქ სიმსუქნის ხარისხი უნდა განისაზღვროს. როდესაც სხეულის მასის ინდექსი 30-ზე ზემოთაა, ამ შემთხვევაში, შეიძლება, პაციენტთან მედიკამენტოზური თერაპია დავიწყოთ. თუმცა, მანამ, სანამ მედიკამენტოზურ თერაპიას დავიწყებთ, პაციენტმა ცხოვრების წესის შეცვლა უნდა სცადოს და კვებითი ჩვევების გამომუშავებით, მომატებული ფიზიკური აქტივობით ხელი შეუწყოს. მაგრამ, თუ ეს ყველაფერი ეფექტს არ იძლევა უახლოესი 3 თვის განმავლობაში და პაციენტს წონის 4-5% არ აქვს დაკლებული, ამ შემთხვევაში, მედიკამენტოზური თერაპია განიხილება.

მნიშვნელოვანია, გვერდითი მოვლენების შესახებაც ვიცოდეთ. შესაძლოა, დავნიშნოთ, მაგრამ გარკვეული გვერდითი მოვლენები ახლდეს. ეს არის გულისრევის შეგრძნება, ღებინება, შესაძლოა, მუცლის არეში დისკომფორტი, ტკივილის შეგრძნება - ყოველივე ეს ენდოკრინოლოგთან უნდა იყოს განხილული და შემდეგ უნდა გადაწყდეს, გაგრძელდეს თუ არა პრეპარატი. თუმცა, ეს ძირითადად დოზაზეა დამოკიდებული. რაც უფრო ნაკლებია დოზა, მით ნაკლებია ჩივილები. დოზის მომატების შემთხვევაში, უფრო მკვეთრად ვლინდება. ამიტომ, თვითნებურად ამ პრეპარატის დანიშვნა არ შეიძლება. პაციენტები ხშირად მაღალი დოზით იწყებენ და ეს ჩივილები კიდევ მეტად ვლინდება.

მედიკამენტის დაუყოვნებლივ შეწყვეტა არ უნდა მოხდეს. ასეთ შემთხვევაში, ცხოვრების წესის მოდიფიკაცია, ფიზიკური აქტივობის გაზრდა, ჯანსაღი კვება მაინც ძირითად რეკომენდაციად რჩება, ვინაიდან ამ რეკომენდაციების დაცვით სამომავლოდ პაციენტმა დაკლებული წონის შენარჩუნება უნდა შეძლოს. თუ ამას ვერ ახერხებს, რა საკვირველია, წონის მატება მოსალოდნელია.

- ახალი კვლევის მიხედვით, წონის მატება 4-ჯერ უფრო სწრაფადაა შესაძლებელია...

- ფიზიკური აქტივობა ცხოვრების წესის ცვლილების ერთ-ერთი წინაპირობაა. თუმცა, მხოლოდ ფიზიკური აქტივობით კარგი შედეგი წონის კლების კუთხით ვერ მიიღწევა. ფიზიკურ აქტივობას 1-დან 3 კილომდე წონის კლების შესაძლებლობა აქვს. მაშინ, როდესაც თუ პაციენტი სწორ კვებას ჩართავს, შედეგი გაიზრდება. კლება, რა საკვირველია, ცხიმის ხარჯზე უნდა მოხდეს. დეჰიდრატაცია ამ მედიკამენტის ერთ-ერთი გვერდითი მოვლენაა, ვინაიდან გულისრევას, ღებინებას, ფაღარათს იწვევს. შესაძლოა, ამის ფონზე პაციენტს დეჰიდრატაცია ანუ გაუწყლოება განუვითარდეს და წონის კლება სწორედ ამ ფონზე გამოვლინდეს. თუმცა, ეს დროებითი მოვლენაა. ყველა პაციენტს, ვინც ამ მედიკამენტს იყენებს, ვურჩევ საკმარისი რაოდენობის წყალი მიიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება, თირკმლის ფუნქციის დარღვევაც კი განვითარდეს. წყლის რაოდენობა ძალიან ინდივიდუალურია, თუმცა, არადატვირთულ მდგომარეობაში, დაახლოებით, 2 ლიტრამდეა სასურველი. თუ ადამიანი ფიზიკურად იტვირთება, უფრო მეტი სითხე სჭირდება.

ყველაზე მნიშვნელოვანია, კონკრეტული ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა - როგორ მოგვყვება, როგორც აღვნიშნეთ, თირკმლის, ღვიძლის ფუნქციები არის თუ არა სრულყოფილი. ასაკობრივ შეზღუდვას რაც შეეხება, 70 წლამდე გამოყენება დასაშვებია. დაბალი ზღვარი 18 წლიდან იწყება. თუმცა, წერია, რომ ეს მედიკამენტი 15-16 წლიდანაც შესაძლებელია, ექიმის მეთვალყურეობით დაინიშნოს.

რატომ ვერ იკლებთ წონაში დიეტის და სწორი კვების დროს - ელენე გიორგაძე წონის კლებისთვის საყურადღებო ასპექტებზე საუბრობს
ღამე ჭამის სინდრომი და მისი დამარცხების გზები - ელენე გიორგაძისა და ნუცა ჩაჩიბაიას რეკომენდაციები ამ სახიფათო ჩვევისგან გასათავისუფლებლად