დეკანოზი ბასილ ფოსური გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო” საუბრობს, რა პასუხისმგებლობას იღებს ნათლია ნათლულის წინაშე, რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა, ვიდრე ნათლიას შეარჩევენ და შეიძლება თუ არა ნათლიობაზე უარის თქმა:
- ცოტა საფრთხილო საკითხია. ძირითადად, ბავშვის ნათლობას გვთხოვს ის, ვისაც ვუყვარვართ, ვისაც ჩვენთან ურთიერთობა უნდა. ოქროს შუალედია ხოლმე მოსაძებნი. ერთი მხრივ, ჩვენ თუ ვგრძნობთ, რომ ამას ვერ შევასრულებთ, ობიექტური მიზეზების გამო, მაგალითად, ჩვენ სხვა ქალაქში ვცხოვრობთ, ის სხვა ქალაქში და ფიზიკურად შეიძლება, ჩვენსა და ნათლულს შორის ურთიერთობა გაჭირდეს და ვერ შედგეს. მეორე მხრივ, პირდაპირ თქმა, რომ ნათლიობაზე უარის თქმა არ შეიძლება, მცდარია. მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ იმ ადამიანის სურვილსა და ჩვენდამი სიყვარულს, თუ უარს ვამბობთ, ცოტა ფაქიზად ვთქვათ, რომ არ ვაწყენინოთ. ვიყოთ გულწრფელები და ვუთხრათ, რომ ამ მოვალეობის შესრულებას ფიზიკურად ვერ შევძლებთ. ზოგჯერ, შეიძლება, ის ადამიანი, ვინც ჩვენ ნათლიობას გვთხოვს, თავადვე ვერ აცნობიერებდეს ამ პასუხისმგებლობას, თუ რა ტვირთს გვადებს.
- საეკლესიო სჯულის კანონის მიხედვით, 13 წლის ქვემოთ ბავშვი ნათლიად არ უნდა იყოს. მაგრამ, არის ხოლმე გამონაკლისი. დავუშვათ, არის 12 წლის ბავშვი, ეკლესიურად ცხოვრობს, აღსარებას ამბობს, ქრისტიანობას ეცნობა, იცის ქრისტიანობის საფუძვლები, ლოცულობს, მარხულობს - შეიძლება, მან უფრო კარგად მიაქციოს ნათლულს ყურადღება, ვიდრე 18 და 38 წლის ადამიანმა. ასეთ შემთხვევაში, ნათლიად დაგვიყენებია. მაგრამ, ზოგადად, ის, რომ პატარა ბავშვი ნათლიად დავაყენოთ, არ შეიძლება. უნდათ ხოლმე, რომ 7 წლის ბავშვი ნათლიად დააყენონ, აღარაფერს ვამბობ 4 წლის ბავშვზე, რომელიც თავად ვერ იაზრებს - ეს ნიშნავს, რომ არასერიოზულად ვუდგებით ამ საკითხს.
-როდესაც ადამიანი მოდის და ინათლება, ის ღვთის წინაშე პირობას დებს. ეს, ფაქტობრივად, საფუძველია. ჯერ მღვდელი ნათლიასა და ნათლულს დასავლეთით შეატრიალებს და ეკითხება: "განეშორები ეშმაკს, ყველა მის საქმეს, ყველა მის ცოდვას, ყველა მის ურჯულოებას?“ ჩვენ ვადასტურებთ და ვამბობთ: "განვეშორები.“ ეს რამდენიმეგზის ხდება. მერე აღმოსავლეთისკენ შეტრიალდებიან და მღვდელი ეკითხება: "შეუდგები ქრისტესა?“ ვპასუხობთ: "შევუდგებით ქრისტესა“. ეს იმას ნიშნავს, რომ ქრისტეს გავყვებით, მისი მიმდევარი გავხდები. ნათლიის მოვალეობაა, ადამიანს ასწავლოს, როგორ მიბაძოს ქრისტეს, რა შეინანოს, აუხსნას, რა არის ქრისტიანობა, აუხსნას, რომ ქრისტიანობა მხოლოდ სანთლის დანთება და პირჯვრის გადაწერა არ არის, აუხსნას, რომ ეს სულიერი ასპარეზია. ჩვენ ქრისტეს ან მივბაძავთ ან ვერ მივბაძავთ. ჩვენ ხომ ღვთის ხატად და მსგავსად ვართ შექმნილნი. შეიძლება, ადამიანი ეშმაკამდეც კი დაეცეს ან შეიძლება, ანგელოზებრივი ცხოვრებაც ჰქონდეს. ეს ამპლიტუდა ძალიან დიდია. აქ ვმოძრაობთ ჩვენ - ხან დავეცემით, ხან წამოვდგებით. აქ სჭირდება ადამიანს, რომ ნათლია გვერდში ჰყავდეს.
- მშობელმა კარგი იქნება გაითვალისწინოს, რომ შვილს მორწმუნე ნათლია შეურჩიოს. ნათლიობის მიზანი დანათესავება არ არის. დანათესავება ბუნებრივი შედეგია და ეს ნათესაობა ძალიან წმინდაა. მაგრამ, პირველ რიგში, უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ შეასრულებს ის თავის საქმეს, ჩვენი შვილისთვის რამდენად გვერდში მდგომი ადამიანი აღმოჩნდება. შეიძლება, ჩვენ ძალიან კარგი მეგობარი გვყავდეს, მაგრამ, ცურვა არ იცოდეს. ჩვენ ხომ ვერ ჩავაბარებთ ბავშვს მას, რომ ცურვა ასწავლოს. არ იცის და როგორ უნდა ასწავლოს? კი, კარგი მეგობარია, მაგრამ, თუ უცხო ენა არ იცის, ჩემს შვილს როგორ ასწავლის? ამიტომ, ისეთი ადამიანი უნდა შევარჩიოთ, რომ ეკლესიურად ცხოვრობდეს, აღსარებას ამბობდეს, ესმოდეს ქრისტიანობის მნიშვნელობა.
იხილეთ გადაცემა სრულად