სამი წლის ბავშვის მენიუ პორციების მიხედვით - რა ვაჭამოთ პატარას ყოველდღიურად - მშობლები

სამი წლის ბავშვის მენიუ პორციების მიხედვით - რა ვაჭამოთ პატარას ყოველდღიურად

2026-01-20 11:48:23+04:00

სამი წლის ჯანმრთელი ბავშვის რაციონი უკვე ეყრდნობა იმავე პრინციპებს, რასაც მოზრდილთა სწორი კვება: ის უნდა იყოს მრავალფეროვანი, დაბალანსებული და უსაფრთხო. ბავშვის ყოველდღიური მენიუ აუცილებლად უნდა შეიცავდეს ვიტამინებსა და მინერალებს, ცილებს, ნახშირწყლებს, ცხიმებს და საკმარისი რაოდენობის ბოჭკოს. თუ ბავშვს არ აქვს სამედიცინო ჩვენებები, საკვების მკაცრი შეზღუდვები საჭირო არ არის, თუმცა არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი წესი, რომლის გათვალისწინებაც აუცილებელია.

შაქარი და მარილი — ძირითადი წესები

მოერიდეთ დამატებულ შაქარს

ბავშვებისთვის საკვებზე დამატებული შაქრის დღიური ნორმა დაახლოებით 15–16 გრამია. დამატებულ შაქარში იგულისხმება არა მხოლოდ თეთრი ან ყავისფერი შაქარი, არამედ ტკბილი სიროფები, თაფლი და სუფთა სახით მიღებული ფრუქტოზა, მათ შორის ხილის წვენებიდან.

აკონტროლეთ მარილის რაოდენობა

მარილის მაქსიმალური რაოდენობა დღეში 2 გრამს არ უნდა აღემატებოდეს (უპირატესობა ენიჭება იოდირებულ მარილს). სნექები, ფასტფუდი, ნახევარფაბრიკატები და ძეხვეული, რომლებიც ყოველთვის შეიცავს ბევრ მარილს, არ უნდა გახდეს ბავშვის ყოველდღიური არჩევანი.

დაიცავით ჰიგიენა და თერმული დამუშავების წესები

სამი წლის ბავშვები ნაწლავური ინფექციებისა და საკვებით მოწამვლის რისკჯგუფში შედიან. ამიტომ აუცილებელია ბოსტნეულის, მწვანილის, ხილის, კენკრისა და ჩირის საფუძვლიანი გარეცხვა. ცხოველური წარმოშობის პროდუქტები (ხორცი, ფრინველი, თევზი, ზღვის პროდუქტები) აუცილებლად უნდა იყოს კარგად თერმულად დამუშავებული.

როგორ მოვამზადოთ საკვები

სასურველია გამოიყენოთ დამზოგავი კულინარიული მეთოდები:

  • მოხარშვა

  • ჩაშუშვა

  • გამოცხობა

ზეთში შემწვარი პროდუქტები მინიმალური რაოდენობით უნდა მივცეთ. ასეთი მიდგომა ინარჩუნებს საკვების სასარგებლო თვისებებს და ამცირებს ზედმეტ ცხიმს.

გაითვალისწინეთ ბავშვის გემოვნება

ყველა ბავშვს არ უყვარს სუპი ან წვრილად დაჭრილი სალათი — ეს ნორმალურია. არ შეგეშინდეთ ბავშვს შესთავაზოთ უფრო მარტივი საკვები, უბრალოდ ცალკეული პროდუქტები: მისი კვებითი ღირებულება ამით არ იკლებს. ბავშვის ჩართვა არჩევანში ზრდის ინტერესს და ამცირებს საკვებთან დაკავშირებულ კონფლიქტებს.

როგორ შევადგინოთ მენიუ

ბავშვის დაბალანსებული კვებისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ე.წ. „მუშტის პრინციპი“ — ერთი პორცია დაახლოებით ბავშვის შეკრული მუშტის ზომის უნდა იყოს. ერთ კვებაში იდეალურად თავსდება დაახლოებით სამი ასეთი პორცია:

  1. ბოსტნეული / ხილი / კენკრა — სეზონური და ბავშვის გემოვნებაზე მორგებული (ერთ მუშტი).

  2. რთული ნახშირწყლები — მაკარონი მთელმარცვლოვანი ხორბლისგან, მარცვლეული, პური ან ხრაშუნები, უშაქრო მუსლი და ფანტელები (ერთ მუშტი).

  3. ცილა — თევზი, პარკოსნები, კვერცხი, ხაჭო, იოგურტი, უცხიმო ხორცი ან ფრინველი (ერთ მუშტი).

დამატებითი სარგებელი

ცილოვანი პროდუქტების განაწილება დღის განმავლობაში დამოკიდებულია ოჯახის ჩვევებზე. ჯანმრთელობისთვის მთავარია მრავალფეროვნება და პრაქტიკულობა. ოფიციალური რეკომენდაციებით, თევზი — მინიმუმ კვირაში 2-ჯერ უნდა გქონდეთ მენიუში, მცენარეული ცილა — კვირაში ორჯერმაინც.

წვნიანი სავალდებულო არ არის, თუმცა თუ იგი შეიცავს ბოსტნეულს, ცილას და რთულ ნახშირწყლებს, შეიძლება ჩაითვალოს სრულფასოვან კვებად.

მოზარდის ერთი დღის მენიუ მარი მალაზონიას რჩევით: განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ გოგონების მშობლებს
ყველაზე ეფექტური დღის მენიუ შოთა ჯანჯღავასგან, რომელიც ზედმეტ კილოგრამებს მოგაშორებთ
აი, რას მიირთმევენ თქვენი შვილები ბაღში - საბავშვო ბაღების მენიუ დეტალურად - საუზმის, სადილისა და სამხრის განრიგი