ოჯახური დაცევის შესახებ მკითხველის შეკითხვებს ადმინისტრაციულ, სამოქალაქო საქმეთა და ბავშვთა უფლებებში სპეციალიზებული ადვოკატი ნუგბარა როსტიაშვილი პასუხობს:
- ვარ აფხაზეთიდან დევნილი. ორი წლის წინ მომცეს ბინა ქუთაისში, სადაც თანამესაკუთრეებად ჩაწერილები არიან ჩემი შვილებიც. წლებია ვცხოვრობთ თბილისში და მინდა იმ ბინის გაყიდვა და აქ ყიდვა, რადგან ვარ ნაქირავებში. მინდა დანარჩენი თანხა, რაც დამჭირდება ბინისთვის, კრედიტით ავიღო ბანკიდან. როგორც გავიგე, ასეთ დროს ბინას ვერ გავყიდი, რადგან ბავშვებიც იქ არიან ჩაწერილი. როგორც მითხრეს, სასამართლოს უნდა მივმართო. რა საბუთები დამჭირდება და მომცემს თუ არა მოსამართლე ამ ბინის გაყიდვის უფლებას?
- დიახ, როდესაც უძრავი ქონების თანამესაკუთრე არის არასრულწლოვანი, აუცილებელია ბავშვის კანონიერი წარმომადგენლების მიერ სასამართლოსთვის მიმართვა განცხადებით აღნიშნული ქონების გასხვისებაზე თანხმობის მისაღებად. აუცილებელია, დაასაბუთოთ, თუ რა აუცილებლობას წარმოადგენს ბავშვის თანასაკუთრებაში არსებული ბინის გასხვისება, ასევე უნდა მიუთითოთ, თუ რატომ იქნება კარგი ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის მის თანასაკუთრებაში არსებული ბინის გასხვისება. თქვენს შემთხვევაში ასევე უნდა მიუთითოთ ის გარემოება, რომ ბავშვი ადაპტირებულია იმ გარემოსთან, სადაც ცხოვრობს და შესაბამისად, გინდათ ბინის შეძენა თბილისში, რომლის თანამესაკუთრეც ასევე იქნება ბავშვი. ასევე უნდა გქონდეთ მოძიებული გასაყიდი ქონების სანაცვლოდ ბინა, რომელსაც მისი გაყიდვის შედეგად შეიძენთ. თუ მათ ღირებულებებს შორის სხვაობაა, მაშინ ასევე იმის დასტური, რომ სხვაობის მიუხედავად, შეძლებთ ახალი ბინის შეძენას, რათა ბავშვი არ დარჩეს საკუთრების გარეშე.
- მეუღლესთან ვარ გაშორებული, ბავშვი დედასთან ცხოვრობს და სამწუხაროდ, სულ ცდილობს ჩემზე ცუდი რაღაცები უთხრას, არც შვილის ნახვის საშუალებას მაძლევს, არადა, სასამართლოთი მონიჭებული მაქვს ბავშვის ნახვისა და სახლში წაყვანის უფლება. მხოლოდ ერთხელ, ისიც სოციალური მუშაკის დახმარებით, ძლივს შევძელი ბავშვის სახლში წაყვანა. ბავშვს რომ ვესაუბრე, მითხრა, რომ დედა ხშირად უყვირის, ეჩხუბება. ბავშვს ჩემთან უნდა რომ იცხოვროს.
სასამართლოში რომ შევიტანო საჩივარი და მოვითხოვო ბავშვის ჩემთვის გადმოცემა, რამდენად დააკმაყოფილებს და საერთოდ რა ასაკიდან ექცევა ყურადღება ბავშვის ჩვენებას? ამჟამად მეორე კლასშია.
- ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას სასამართლო პირველ რიგში ითვალისწინებს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს, რომელ მშობელთან უფრო უკეთესი იქნება მისი ცხოვრება, ასევე ითვალისწინებს იმ გარემოებას, თუ რამდენად შეჩვეულია და ადაპტირებული ბავშვი მის საცხოვრებელ ადგილსა და გარემოში. ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ბავშვის სურვილს, თუ რომელ მშობელთან სურს მას ცხოვრება. ბავშვის მოსაზრებას ითვალისწინებენ ნებისმიერი ასაკიდან, მთავარია, ბავშვს შეეძლოს გამოხატვა და საუბარი, ასაკობრივი შეზღუდვა აღარ არსებობს.