მსახიობი ნინო მუმლაძე დედების პოდკასტს სტუმრობდა და პირველად ისაუბრა მარტოხელა დედობაზე, ასევე იმაზე, თუ როგორ ათავსებს ერთმანეთს დატვირთულ სამუშაო გრაფიკს და შვილის გაზრდას, რომელიც ახლა წლის და 7 თვისაა.
ნინოს თქმით, საკმაოდ დატვირთული რეჟიმი აქვს, რაც დეკრეტიდან გავიდა, ერთდროულად რამდენიმე თეატრში მუშაობს, პატარა რონის აღზრდაში კი დედა და დეიდა ეხმარებიან:
- სამწუხაროდ, ძალიან ცოტა დრო მრჩება საკუთარი შვილისთვის და ამას ძალიან განვიცდი. რომ არა ჩემი ოჯახის წევრები, დედა და დეიდა, დედა განსაკუთრებით, რომელიც საერთოდ აღარ გავიდა სამსახურში ჩემი მშობიარობის მერე, არ ვიცი, რა მეშველებოდა. დედაჩემი ზრდის ჩემს შვილს, ფაქტობრივად... რა თქმა უნდა, მაწუხებს ეს საკითხი და დანაშაულის გრძნობაც მაქვს ჩემი შვილის მიმართაც და დედაჩემის მიმართაც. უზარმაზარი ენერგია მიაქვს ბავშვის გაზრდას და დედა არ წავიდა უბრალოდ სამსახურში, რომ ჩემი შვილი გაეზარდა. რა თქმა უნდა, ჩემთვის არის ეს ფსიქოლოგიური ბარიერი, მაგრამ ისე დალაგდა ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი, სხვა გზა არ არის. მე მხოლოდ მადლობის თქმა შემიძლია. დედაჩემი რომ არა, მომიწევდა იგივე დოზით ძიძასთან ბავშვის დატოვება, და ნამდვილად მირჩევნია, ბებიამ გაზარდოს.
დედის მიმართ სულ მაქვს მადლიერების განცდა, არა მარტო იმიტომ, რომ ჩემს შვილს ზრდის. იმის გამოც, რაც გამოიარა, როგორ გაგვზარდა 90-იან წლებში. 12 წლის ვიყავი, მამა რომ გარდამეცვალა და დედა მარტო დარჩა ორი შვილით. იმ გაჭირვებულ პერიოდში რომ არ გატყდა, განათლებაც მოგვცა, არ დაგვაკლო ყურადღება, რაღაცნაირად ერთმა ქალმა, მუსიკის მასწავლებელმა რომ ეს მოახერხა, და დღეს ამ ასაკში იმასაც რომ ახერხებს, რომ ჩემს შვილს ზრდის, ამას რომ ვუყურებ, უბრალოდ არ მაქვს უფლება, სადმე წავიქცე და გავტყდე. არ მაქვს უფლებაა, ვიწუწუნო, ისეთი მაგალითია ჩემ თვალწინ, სულ მაძლევს სტიმულს, მეტი და მეტი გავაკეთო.

ნინომ მარტოხელა დედობაზეც ისაუბრა:
- არც ერთ ინტერვიუში საჯაროდ არ მილაპარაკია, მაგრამ მარტოხელა დედობა მართლა ორმაგი პასუხისმგებლობაა. გინდა, არ გინდა, არის მომენტები, როცა გიწევს შეითავსო როგორც დედის, ისე მამის როლი, ფიზიკურადაც ისეთი რაღაცები უნდა აკეთო. მაგალითად, სახლში რომ მოვდივარ, სულ მიწევს რაღაცების წამოღება - საკვები, წყალი, ბავშვის საფენები, გადმოვდივარ მანქანიდან და მძიმე პარკები მიჭირავს ერთ ხელში, მეორე ხელში მანქანის გასაღები, სადარბაზოს ჩიპი, ხურდა და ა.შ. ვფიქრობ ხოლმე, რომ რა რთულია, რომ ამ ყველა რუტინასთან ერთად, დედა იყო და ეს ყველაფერი სახლში ზიდო. მერე მახსენდება, რომ წესით ამას მამები აკეთებენ. თუმცა ხშირად სახლში მყოფი მამებიც არ აკეთებენ ბევრ რამეს. ხშირად დედა იღებს მეტს საკუთარ თავზე, თუნდაც მეუღლე სახლში ჰყავდეს. ბევრ კარგ მამასაც ვიცნობ და ყველას ერთ ქვაბში ვერ მოვხარშავთ, თუმცა ძირითადად ასეა. შეიძლება, ეპოქის სენია, კაცები გავაზარმაცეთ ქალებმა, დღეს ქალი ძალიან რეალიზებულია, ქალს შეუძლია, ელემენტარული შემოსავალიც იქონიოს, ამავდროულად ისევ იმ დოზით ცდილობს, სახლშიც აქტიური იყოს და ყველაფერი აკეთოს და კაცმა ცოტათი ფუნქცია დაკარგა.

მსახიობმა აღნიშნა, რომ შინ მოსული მაქსიმალურად ცდილობს, მთელი დრო პატარა შვილთან გაატაროს, რომელიც, რა თქმა უნდა, დიდ ყურადღებას ითხოვს. რაც შეეხება პირად სივრცეს და დროს საკუთარი თავისთვის, ნინო მუმლაძს თქმით, ამ დროის გამოყოფას ჯერ ვერ ახერხებს და განიცდის, რადგან ორსულობა-მშობიარობის შემდეგ მომატებულ კილოგრამებს ჯერ ვერაფერს უხერხებს.
ცნობისათვის, ნინო მუმლაძის ყოფილი რჩეული და მისი შვილის მამა მხატვარი გუგა გოგინაშვილია.