"შვილი ძალიან უნდოდა. მეც მჭირდებოდა თბილი ოჯახი... ნაშვილები რომ ვარ, სხვა ადამიანმა მითხრა... ბავშვობიდან მეუბნება, ჩემი ღვთის წყალობა ხარო..." - დედა-შვილის ამბავი - მშობლები

"შვილი ძალიან უნდოდა. მეც მჭირდებოდა თბილი ოჯახი... ნაშვილები რომ ვარ, სხვა ადამიანმა მითხრა... ბავშვობიდან მეუბნება, ჩემი ღვთის წყალობა ხარო..." - დედა-შვილის ამბავი

2026-01-21 09:27:03+04:00

მანანა ჩიტაიშვილისა და მარიამ ჯვართავას დედა-შვილობის ისტორია 1997 წელს, მახინჯაურის ბავშვთა სახლიდან დაიწყო. მაშინ მარიამი 6 თვის იყო, მანანას კი შვილი არ ჰყავდა და პატარა გოგონა მან და მისმა მეუღლემ იშვილეს. მოგვიანებით მარიამმა ბიოლოგიური ოჯახიც იპოვა, თუმცა, როგორც თავად ამბობს, მისთვის ოჯახი არის იქ, სადაც გაიზარდა. დედა-შვილი საკუთარი ემოციებისა და განვლილი წლების შესახებ რუბრიკაში "ძველებური ამბები" საუბრობს:

მანანა ჩიტაიშვილი - დედობა ძალიან მინდოდა. მაგრამ, რაღაც ხომ არის, რომ არ გამოვა. არ დამიცდია. კარგი მეგობარი მყავს, ექიმია. ეკლესიიდან გამოვდივარ და მეუბნება: "მანანა, იცი, ნანამ მითხრა, ძალიან კარგი გოგო ჰყავს, დაახლოებით შენ გგავს, ქერა თმა აქვს, სასიამოვნო და არავინ ჰყავს." ამის თქმა და მეორე დღეს რომ წავედი, არც მიკითხავს, ბავშვიც არ მინახავს. მახინჯაურში, ბავშვთა სახლში იყო, 6 თვის. ბავშვი რომ ვნახე და ვუთხარი, მოდი ჩემთან-თქო, თავი დამადო.

მარიამ ჯვართავა - შვილი ძალიან უნდოდა. მეც ძალიან მჭირდებოდა თბილი ოჯახი. აბსოლუტურად ყველაფერი მომცა - რაც არის მშობლის მოვალეობა და რაც არ არის, ისიც. რამდენჯერაც არ უნდა დავიბადო, ყოველ ჯერზე მანანას და შოთას ავირჩევ. ის, რომ ნაშვილები ვარ, სხვა ადამიანმა მითხრა. ჩვენ შორის უხერხული კომუნიკაცია შედგა და გაბრაზებულ გულზე მომწერა. 2017 წელი იყო.

მანანა ჩიტაიშვილი - 25 წლის იყო, როდესაც მითხრა, დედიკო, ეს ამბავი ძალიან მაინტერესებსო. პირდაპირ ვუთხარი, ჩემს მუცელში 9 თვე არ იჯექი, მე არ გამიჩენიხარ, მაგრამ შვილი ჩემი ხარ-თქო. ხომ ვიცოდი, რომ ეს დღე დადგებოდა?! კაცია და ბუნება. ზოგს ურჩევნია, რომ არ უთხრას. მე ვფიქრობ, ეს დანაშაულია. აინტერესებდა, ხელი შევუწყვე, დავუდე თანხა, ვუთხარი, ტესტიც გაიკეთე, გაარკვიე შვილო, რომ შენ სიმართლეში იცხოვრო-თქო. ძალიან ამაყია, რომ ასეთი მშობლების ხელში მოხვდა. ერთხელ მითხრა: "დედა, ასე როგორ გამზარდე, რომ ერთ ადამიანსაც არ უგრძნობინებია, რომ შენ მე არ გაგიჩენივარო."

მარიამ ჯვართავა - ბავშვობიდან მეუბნება, ჩემი ღვთის წყალობა ხარო. ვერ ვხვდებოდი, ეს ფრაზა რას ნიშნავდა. მერე ყველაფერს რომ მომიყვა... კი მიღებული და გადახარშული მაქვს, მაგრამ რომ მახსენდება ის მომენტი, როგორ მომიყვა და რა ემოციები მქონდა, ზუსტად იგივე ემოციები მაქვს. მერე გავიაზრე, რას ნიშნავდა ღვთის წყალობა.

მანანა ჩიტაიშვილი - ყველამ თავისი ცოდვა ზიდოს, ღმერთმა ყველას მიუტევოს. სულ ვამბობდი: "მიუტევე დამბადებელს."

მარიამ ჯვართავა - სანამ დედა და მამა ადამიანს ცოცხალი გყავს, მანამდე ჩათვალე, რომ მართლა არაფრის უნდა გეშინოდეს.

მანანა ჩიტაიშვილი - დედა-შვილს შორის მხოლოდ უანგარო სიყვარული და მიმღებლობაა იმ ყველაფრის, რაც შვილს შეეშლება. გვერდში დგომა აუცილებელია.

მარიამ ჯვართავა - მე და დედა სხვა ადამიანებისათვის ნაბიჯის გადადგმის სტიმული გავხდით. ჩემი ბიოლოგიური ოჯახი ზუსტად ტიკ-ტოკის დახმარებით ვიპოვე. ვიდეო ჩავწერე, რომ ბიოლოგიურ ოჯახს ვეძებდი. ფანტასტიკური და მყავს. ჩემზე 1 წლით უფროსია. მასთანაც მაქვს მიმოწერა, კონტაქტი, მაგრამ როგორც ოჯახს, ვერ აღვიქვამ. ჩემი აზრით, ეს სრულიად შეუძლებელია. სრულიად უცხო ადამიანები არიან... ოჯახი არის, ვისთანაც გავიზარდე.

მანანა ჩიტაიშვილი - 1971 წლიდან ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვმუშაობ. გერმანისტი ვარ. 3 წლის შემდეგ, ფიზკულტურის კათედრაზე, ჩემი მეუღლეც მოვიდა. 30 წელია, რაც ერთ ჭერქვეშ ვართ. მამაკაცზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული. თუ თვითონ მეფედ თვლის თავს, ქალი ყოველთვის დედოფალი იქნება. უსიყვარულოდ არაფერი გამოვა. ადამიანს ნაკლიც აქვს და დადებითიც. როცა ადამიანი შენ ხარ დადებითი, სხვაშიც დადებითს ეძებ. ცუდი ყოველთვის აფუჭებს ყველაფერს. შეცდომით შეიძლება, შეგეშალოს, მაგრამ ძლიერი ადამიანის თვისებაა - პატიება უნდა შეგეძლოს.

მარიამ ჯვართავა - დედას ძალიან უყვარს ადამიანები, მათთან ურთიერთობა. მთელი ბავშვობა, სანამ შეეძლო, ჩემზე ჰქონდა ხელი ჩაჭიდებული და ყველგან ერთად დავდიოდით. მინდა, დედიკოსთან სულ ჩახუტებული ვიყო.