ირანელი ქალი, რომელსაც მჟავა შეასხეს ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო... - ის გადარჩა და დღესაც იბრძვის - მშობლები

ირანელი ქალი, რომელსაც მჟავა შეასხეს ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო... - ის გადარჩა და დღესაც იბრძვის

2026-01-21 12:29:41+04:00
ირანში მიმდინარე მოვლენები კვლავ მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. უბრალო მოქალაქეები ელემენტარული უფლებებისთვის, თავისუფლებისთვის იბრძვიან. ამ დღეებში განსაკუთრებულად ახსენდება ყველას ის საშინელი ინციდენტები, რაც ირანში მომხდარა და მსოფლიოს განსჯის საგანი გამხდარა. მათ შორის, რასაკვირველია, ერთ-ერთი პირველია მჟავის შესხმის საშინელი "ჩვეულება", რომლის მსხვერპლნიც განსაკუთრებით ქალები იყვნენ წლების განმავლობაში.

როდესაც ირანში მჟავას თავდასხმებზე ვსაუბრობთ, ბევრი სახელი გვახსენდება, უმეტესობა ქალების, რომლებიც თავიანთ თემში გაბრაზებული მამაკაცების, შესაძლოა, ოჯახის წევრის სამიზნეც კი გახდნენ. ისინი სამუდამოდ დაამახინჯეს და ხშირ შემთხვევაში მათ მხედველობაც დაკარგეს.

თუმცა, ერთ-ერთმა ამ ქალთაგან, უარი თქვა იმ უბედურებასთან შეგუებაზე, რომელიც თავდამსხმელებმა მოუწყვეს. მარზიე ებრაჰიმი სწორედ იმ ქალთა შორის აღმოჩნდა, რომლებიც 2014 წელს ისპაჰანში მჟავით თავდასხმის "სერიის" მსხვერპლი აღმოჩნდა...

იმ მწარე დღეს, როდესაც მას ისპაჰანში თავს დაესხნენ, მარზიე ებრაჰიმი მხოლოდ 25 წლის იყო. როდესაც მანქანის უკანა ხედვის სარკეში გაიხედა, რომ პარკირების ადგილი შეემოწმებინა, წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ სულ რამდენიმე წამში მისი ცხოვრება შეიცვლებოდა... მას ორმა მამაკაცმა ჩაუქროლა მოტოციკლით და სანამ გონზე მოვიდოდა, მოასწრეს მისთვის სახეზე მჟავის შესხმა.

ამირ კაბირის უნივერსიტეტში, მომხდარი ინციდენტიდან წლების შემდეგ გამართულ ღონისძიებაზე გამოსვლისას ებრაჰიმიმ გაიხსენა: „მე ისინი არასდროს მინახავს. არ ვიცი, როგორ გამოიყურებიან. არ ვიცი, რამდენი წლის არიან. არ ვიცი, პრობლემა ჰქონდათ ჩემთან თუ ჩემს ჰიჯაბთან დაკავშირებით. მაგრამ ერთი რამ ძალიან კარგად ვიცი: მინდა მათთან საუბარი. მინდა ვნახო, თვალებში ჩავხედო და ვკითხო: „რატომ? რატომ მჟავით თავდასხმა? რატომ მე?“

fhxrqucxiamvecq-1768986553.jpg

სახესა და გულზე ნაწიბურების მიუხედავად, ებრაჰიმი ლამაზი ქალია, რომელიც ფენიქსს ჰგავს - ფერფლიდან აღმდგარს. ის ხელახლა დაიბადა და ახალი ცხოვრება დაიწყო.

2014 წელს, ისპაჰანში მჟავაზე თავდასხმის მსხვერპლი სულ მცირე, ოთხი ქალი გახდა მას შემდეგ, რაც უზენაესი ლიდერის წარმომადგენელმა და ისპაჰანის იმამმა, იუსეფ ტაბატაბაეი-ნეჯადმა, საჯაროდ განაცხადა აშურას აღსანიშნავ ღონისძიებაზე ქალების მიერ ჰიჯაბის არტარების შესახებ. „[შეუსრულებლობისთვის] გაფრთხილების მიცემა აღარ არის საკმარისი“, - თქვა მან, - „ჩვენ უნდა ავწიოთ ჯოხი და ძალა გამოვიყენოთ ჰიჯაბის ცუდად ტარების წინააღმდეგ საბრძოლველად“. სწორედ ამ განცხადების შემდეგ, თავდასხმების სერიის შედეგად დაზარალებული ქალების ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალა. ირანის ქალაქ ისპაჰანში ქალებზე მჟავას გამოყენებით თავდასხმების სერიამ, რომელიც 2014 წლის ოქტომბერში დაიწყო, საყოველთაო შიში გააჩინა. 2014 წლის 27 ოქტომბრის მონაცემებით, ისპაჰანში სულ მცირე ოცდახუთი თავდასხმა მოხდა. სულ მცირე ერთი ქალი გარდაიცვალა და ბევრმა მიიღო სახისა და ხელების მძიმე დამწვრობა. თავდასხმების გამო საზოგადოების აღშფოთების შემდეგ, ირანის პარლამენტმა 2019 წელს მიიღო კანონი, რომელიც დაზარალებულებს უფრო ფართო სამართლებრივ დაცვას ანიჭებდა და მჟავას გამოყენებით თავდასხმების ჩამდენებისთვის თავისუფლების აღკვეთას ზრდიდა...

ფერფლიდან აღდგომა

ებრაჰიმი დიდი ოჯახიდანაა. ის პრინციპული გოგონა იყო, რომელმაც ცხოვრებაში სირთულეები განიცადა, თავდასხმამდეც. თუმცა იხსენებს, რომ ასევე ძალიან იყო შეპყრობილი თავისი გარეგნობით: „ჩემი ოჯახი შეშფოთებული იყო თავდამსხმელის პოვნით და ღელავდა ჩემი ჯანმრთელობის აღდგენაზე. მაგრამ ყველაზე მეტად ისინი ღელავდნენ იმაზე, თუ როგორ გავუმკლავდებოდი ამ ფაქტს, ჩემს სახეს, რადგან იცოდნენ, რამდენად მგრძნობიარე ვიყავი ჩემი სახისა და სილამაზის მიმართ“.

„მარზიე მხოლოდ 25 წლისაა“, - განუცხადა მისმა ძმამ გაზეთ „ეტემადს“ ინციდენტიდან შვიდი თვის შემდეგ, - „ის საავადმყოფოში ბებიაქალი იყო, სანამ ეს ყველაფერი მოხდებოდა. მას გეგმები ჰქონდა. ღმერთს მადლობა, კვლავ მოტივირებულია, მაგრამ ის აღარ არის იგივე; ის აღარ ცხოვრობს იმავე ვნებითა და ემოციებით, როგორც ადრე“.

ინციდენტიდან პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში, ებრაჰიმისთან დაახლოებულმა ადამიანებმა განაცხადეს, რომ ის ტრავმირებული იყო. მანქანის ფანჯარა ბოლომდე აწეული ჰქონდა, მაშინაც კი, თუ მანქანაში ძალიან ცხელოდა, მოტოციკლეტის სიგნალების გუგუნი ან გამონაბოლქვი მილების ხმა აშინებდა. არ სურდა საქმის წარმოება თავდამსხმელის წინააღმდეგ და ეს საქმე ძმას გადააბარა.

თუმცა, თანდათანობით ებრაჰიმი გაცოცხლდა - და ამჯერად, მხოლოდ საკუთარი თავისთვის არა. მიუხედავად იმისა, რომ ის არ იყო პირველი ქალი, რომელიც ირანში მჟავათი თავდამსხმის მსხვერპლი გახდა და არც უკანასკნელი იქნებოდა, მან გადაწყვიტა, მტკიცე პოზიცია დაეკავებინა და ცვლილებები შეეტანა. „იყო მომენტი, როდესაც მივხვდი, რომ სახეს მჟავა არ მიწვავდა“, - იხსენებდა ის მოგვიანებით. - „ეს იყო ტკივილის გროვა, ერთად დაწყობილი: ტკივილი, რომელიც აღარ იყო კვნესა ან გოდება, არამედ ხმამაღალ ტირილში გადაიზარდა“.

ezdx9lvucambccv-1768986553.jpg

ებრაჰიმი მრავალი მამაკაცისა და ქალის ხმა გახდა. ის მჟავათი თავდასხმების წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლოდ იქცა, რადგან გადაწყვიტა, რომ მსხვერპლის სტატუსის მორგებისა და საზოგადოებისგან იზოლირების ნაცვლად, გადარჩენილების წარმომადგენელი ყოფილიყო.

2018 წელს, როდესაც 29 წლის გახდა, ებრაჰიმიმ ახალგაზრდა ფოტოგრაფ ნეგარ მასუდის ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა. მიღებული ფოტოები თეირანში, ირანელი მხატვრების ფორუმზე გამართულ გამოფენაზე იყო წარმოდგენილი. განსაკუთრებით ორმა სურათმა მიიპყრო ვიზიტორების ყურადღება და ფართოდ გავრცელდა ინტერნეტში.

marzie-1768986554.jpg

ებრაჰიმისთვის ამ გამოფენაში მონაწილეობის ერთადერთი მოტივი ირანში მჟავას ყიდვა-გაყიდვაზე შეზღუდვების ან სრული აკრძალვის მიღწევა. „მე ხმამაღლა ვისაუბრე, რადგან არ მინდოდა მსხვერპლად დავრჩენილიყავი“, - ამბობს ის. - „მინდოდა წინააღმდეგობის გაწევა. ეს იყო მთავარი მიზეზი, რამაც ნეგარ მასუდისთან თანამშრომლობისკენ მიბიძგა.“

marziyehebrahimi-negarmoghadam-1-1768987011.webp

მას შემდეგ მან თავისი ძალისხმევა ახალი შეზღუდვების დამტკიცებაზე გაამახვილა. „ჩვენ დიდი მონდომებით ვმუშაობთ, რათა ჩვენი წარმომადგენლები ასეთი კანონმდებლობის აუცილებლობაში დავარწმუნოთ“, - თქვა მან.- „არავინ ფიქრობს ამ წამიერ მრისხანებაზე ან იმაზე, თუ როგორ შეიძლება მას სიცოცხლე შეეწიროს. როდესაც გაბრაზებულები ვართ, შეიძლება ერთმანეთს ნივთები ვესროლოთ... მაგრამ მჟავა სამუდამოდ ტოვებს კვალს სხეულზე. გაბრაზებულ საზოგადოებაში ამ ნივთიერებების შეძენა-გაყიდვაზე შეზღუდვები უნდა იყოს.“

2019 წლის მაისში ებრაჰიმი და მჟავას თავდასხმის კიდევ სამი მსხვერპლი ირანის პარლამენტში მივიდნენ და პარლამენტის წევრებს მათი მოთხოვნის აქტუალურობაზე ესაუბრნენ. ვიზიტის დროს ებრაჰიმიმ მათ განუცხადა: „ისპაჰანიდან ოთხი მსხვერპლის სახელით გაცნობებთ, რომ აქამდე ჩვენი თავდამსხმელების შესახებ პასუხი არ მიგვიღია და არანაირი გამოსყიდვა არ მომხდარა. ინციდენტიდან ხუთი წელი გავიდა. აქ არ ვარ იმისთვის, რომ ვიწუწუნო, არამედ იმისთვის, რომ მხარდაჭერა გთხოვოთ ამ დანაშაულისთვის სასჯელის გამკაცრებასა და მჟავათი თავდასხმის ალბათობის შემცირებაში“.

iranian-acid-attacks-victims-in-iranian-parliament-1-1768986554.jpg

შეხვედრაზე პარლამენტის წევრმა ზაჰრა საედი-მობარაკეჰმა, რომელიც ისპაჰანში მობარაკეჰის ოლქს წარმოადგენს, ეცადა, სასაცილო ყოფილიყო და ებრაჰიმს ხუმრობით უთხრა: „კარგად გადარჩი. სახის მხოლოდ ნახევარი დაკარგე. რა დაემართა თავდამსხმელს?“

ებრაჰიმი გაკვირვებული დარჩა, როდესაც გაიგო, რომ საედი-მობარაკეჰი ისპაჰანის რჩეული წარმომადგენელი იყო. „ძალიან ვწუხვარ, რომ თქვენ ისპაჰანის პარლამენტის წევრი ხართ“, - უპასუხა მან, - „მაგრამ თქვენ არც კი იცით, რომ თავდამსხმელები არ არიან იდენტიფიცირებულნი“.

სამართლიანობა, მაგრამ არა შურისძიება

მიუხედავად იმ ტკივილისა და ტანჯვისა, რაც მას ტრავმებმა მიაყენა, ებრაჰიმიმ განაცხადა, რომ უარს ამბობს ცეცხლთან ცეცხლით ბრძოლაზე. „მე არ მინდა შურისძიება ან სიკვდილით დასჯა“, - თქვა მან. - „მინდა, რომ თავდამსხმელს სამუდამო პატიმრობა მიესაჯოს. ძალადობას არ უნდა უპასუხონ მეტი ძალადობით. ამ ადამიანებს უფრო მეტად პატიმრობის ეშინიათ“.

ებრაჰიმი ამტკიცებს, რომ მისი ქმრის გადაწყვეტილება, არ მიეტოვებინა იგი თავდასხმის შემდეგ, ჰუმანური და ლოგიკური იყო და არა თანაგრძნობით გამოწვეული. ისინი დღესაც ერთად არიან და ქმარი მის გვერდით არის ამ ბრძოლაში.

php1pfggg-1768986554.jpeg

phpi5yum5-1768988520.jpg

ქალს აღარ აქვს თავდამსხმელების პოვნის იმედი და აღარ ესწრება სასამართლოს. ცხოვრება მისთვის გრძელდება. აგრძელებს მკურნალობას და ხშირად სტუმრობს მისნაირ ადამიანებს, რომლებმაც ნაწილობრივ დაკარგეს სახე.

მაგრამ 2020 წლის ოქტომბერში ებრაჰიმი იძულებული გახდა კვლავ ესაუბრა ამ საკითხზე. ისპაჰანის იმამმა, რომელიც 2014 წლის სისასტიკეებს არ შეუშინებია, 2 ოქტომბერს კიდევ ერთი მწვავე კომენტარი გააკეთა ჩადრის ტარებასთან დაკავშირებით. ისპაჰანის პროვინციის შეიარაღებული ძალების დაზვერვისა და უსაფრთხოების მოადგილესთან, იუსეფ ტაბატაბაეი-ნეჯადთან შეხვედრაზე განაცხადა: „საზოგადოება შეუვალი უნდა იყოს იმ ქალებთან, რომლებიც თავშიშველი დადიან. მათ არ უნდა მიეცეთ უფლება, ქუჩაში ასე ადვილად დაარღვიონ ნორმები“...

მჟავით თავდასხმის კიდევ ერთ მსხვერპლთან, სოჰეილა ჯოარკეშთან ერთად, ებრაჰიმი ამ განცხადებას გაბრაზებული გამოეხმაურა, ისევე როგორც ათობით სხვა სოციალური მედიის მომხმარებელი.

„იმ დღეებში [2014]“, - წერდა ებრაჰიმი თავის ინსტაგრამის გვერდზე, - „შიშმა მოიცვა მთელი ქალაქი. გარეთ გასვლის შიში, ქუჩების შიში. მხოლოდ ეს სურდათ მათ. და ისევ ეს ხდება... ჩვენი უფლებაა, შიშის გარეშე ვიაროთ ჩვენი ქალაქის ქუჩებში. ჩვენი უფლებაა, ვიცხოვროთ ტერორის გარეშე. ჩვენ მძევლები არ ვართ. ჩვენ მოქალაქეები ვართ“.

საშინელი დანაშაულის ფერფლიდან ფენიქსივით აღმდგარი, მის თავს მომხდარზე ხმამაღლა საუბრისა და მჟავა თავდასხმების სხვა გადარჩენილების მხარდაჭერისას, ებრაჰიმი შთაგონების წყაროდ რჩება ირანელი ქალებისთვის და ძალადობის მსხვერპლთათვის მთელ მსოფლიოში.

dlgjkjvw4aayglg-1768986553.jpg

წყარო

მოკლეს თუ ფსიქიატრიულში გადაიყვანეს? - რა ბედი ეწია ირანელ სტუდენტს, რომელიც პროტესტის ნიშნად საჯაროდ გაშიშვლდა? (ვიდეო)
ულამაზესი ირანელი მოდელის თამამი კაბა კანის კინოფესტივალზე, ყულფის ფორმის დეკოლტეთი და მიმართვა ხელისუფლებას - შეწყვიტეთ სიკვდილით დასჯა!
15 წლის ბიჭის ცხედარი იმდენად ცუდ მდგომარეობაში იყო, რომ ვინაობის დასადგენად დნმ-ის ტესტირება გახდა საჭირო... - ირანში საპროტესტო აქციებზე დაღუპულთა და დაპატიმრებულთა შორის არაერთი არასრულწლოვანია...