2 წლის ნადია 60 წლის ქალმა იშვილა და მისთვის სიყვარული და სითბო არ მოუკლია. ნადია ციყელაშვილმა გვიამბო, როგორ გაიგო ბიოლოგიური უკრაინელი დედის შესახებ...
- დედაჩემი, ნუნუ ციყელაშვილი, სტომატოლოგი იყო. თბილისში მუშაობდა, მაგრამ მერე ბორჯომში გადავიდა, სადაც დები ჰყავდა. იქ ლიკანის სანატორიუმებში მუშაობდა. დედა და უკრაინელი ქალი, ლარისა, ძალიან დამეგობრდნენ. მათი მეგობრობა 15-20 წელი გრძელდებოდა. სწორედ ლარისამ უთხრა, ასეთი კარგი ქალი უშვილოდ რატომ ბერდები, ჩამოდი უკრაინაში, მე აგაყვანინებ ბავშვსო.
- დედა გათხოვილი არასოდეს ყოფილა?
მაშინ მედიცინა ასე შორს წასული არ იყო და აბორტის გაკეთების შემდეგ უშვილო დარჩა. მერე ჯანმრთელობის პრობლემებიც შეექმნა, 21 წლის გოგოს მკერდი მოჰკვეთეს და მეორე ჯგუფის ინვალიდობის საბუთი მისცეს. შემდეგ ქმარმა გამოუცხადა, თუ შვილი აღარ გეყოლება, მე ბავშვს არ აგაყვანინებ, სხვის ნაბიჭვარს არ გავზრდიო... დედამ ჩაალაგა ბარგი და წამოვიდა თავის დებთან ბორჯომში. შვილის აყვანაზეც აღარ უფიქრია, რომ არა ლარისა...
როცა კიევში ჩავიდა, თურმე საბავშვო ბაღის დირექციამ იმ ოთახში შეუშვა, სადაც ბავშვები სადილობდნენ. ერთი თურმე მაგიდის გარშემო დარბოდა და ყველას თეფშიდან იღებდა საკვებს. ეს ბავშვი მე გახლდით. დედას უფიქრია, ალბათ, სათანადოდ ვერ კვებავენო, გარეგნობითაც ძალიან მოვწონებივარ და მე ავურჩევივარ. საბავშვო ბაღში თანხმობა განუცხადეს, მათ ბლომად ფულიც მისცა და ასე წამომიყვანა საქართველოში. იმ დროს ორი წლის ქერაკულულებიანი გოგონა ვყოფილვარ.
აღმზრდელ დედას ორი წლის შემდეგ ლარისამ შეატყობინა, ბავშვს ეძებენ და ხომ ვერ დააბრუნებო. თურმე ბიოლოგიური დედა მეძებდა. მას საბავშვო ბაღში ვყავდი მიბარებული, სადაც ფულს იხდიდა. ქირით ცხოვრობდა, მუშაობდა და ბავშვის დამტოვებელი არავინ ჰყავდა... რა თქმა უნდა, დედას უარი უთქვამს, უკვე ორი წელია ვზრდი და რომ დავაბრუნო, მაშინვე მოვკვდები, ეს საიდუმლო აქ მორჩესო. მართლაც ეს ძალიან დიდი საიდუმლო ოჯახში ტაბუდადებული თემა იყო. მე კარგად მესმის აღმზრდელი დედის. დღეს მეც სამი შვილის დედა ვარ და ჩემთვისაც ვინმეს რომ ეთქვა, აგვერია ბავშვები და დააბრუნეო, ვერაფრით შევძლებდი. დედა იმ დროს უკვე 60 წლის იყო, მთელ იმედს ჩემზე ამყარებდა, მისთვის ყველაფერი ვიყავი...
- როგორ გაიგეთ, აყვანილი რომ იყავით?
- როდესაც სკოლაში მივედი და ვხედავდი, ბავშვებს მამები აკითხავდნენ, დედას ვკითხე, მე მამა მყავს-მეთქი? დედამ მითხრა, ომში დაიკარგაო... მოვითხოვე, მისი ან ფოტო მაჩვენეთ, ან ტანსაცმელი-მეთქი, მაგრამ დედას, რასაკვირველია, არაფერი ჰქონდა. დები დასხდნენ თურმე და იმსჯელეს, ვუთხრათ, რომ აყვანილია, მერე მაინც სხვისგან გაიგებსო... ასე გავიგე 6 წლისამ, რომ აყვანილი ვიყავი. გუშინდელ დღესავით მახსოვს, დედამ კალთაში ჩამისვა და ალერსიანი ხმით მითხრა, მე შენი ნამდვილი დედიკო არა ვარ, უკრაინიდან პატარა წამოგიყვანეო. არასოდეს უთქვამს, ბიოლოგიურმა დედამ მიგატოვა, არ უნდოდიო. მითხრა, ალბათ, ძალიან უჭირდა და რომ გადაერჩინე, იმიტომ ჩაგაბარა ბავშვთა სახლშიო. მაშინ დედას ნათქვამზე ცრემლები წამსკდა, მიტოვებულ ბავშვად ვიგრძენი თავი, დედას ჩავეხუტე და ბევრი ვკოცნე, მერე ვკითხე, შენც ხომ არ მიმატოვებ-მეთქი და გულში ჩამიკრა, არასოდესო. იმ დღის მერე ამ თემაზე აღარც გვქონია საუბარი.
შვილად აყვანის საბუთი დედის ორმოცის შემდეგ ვნახე. ჩემოდანი გვქონდა, სადაც თეთრეული ელაგა, რომელიც ჩემი მზითევი იყო. სარჩული გაუხევია და იქ ჰქონდა ჩაკერებული. დედას გარდაცვალების შემდეგ რაღაცებს რომ ვალაგებდი, მაშინ ვიპოვე კონვერტი, შიგ ჩემი შვილად აყვანის მოწმობა იდო. ჩემზე გადაცემაც გაკეთდა უკრაინაში, მე და ჩემი ბიოლოგიური ძმა ერთმანეთს შეგვახვედრეს. ისეთი ამბები იყო, წიგნი დაიწერება...
- აღმზრდელი დედა როგორ გზრდიდათ?
- ათ წლამდე არაფერი მაკლდა. მერე დედა ერთოთახიან ბინაში გადავიდა, უკვე პენსიონერი იყო, 70 წლის, აღარსად მუშაობდა, ძალიან დაბერდა და მოტყდა. აქედან დაიწყო ჩემი ტანჯვის, შიმშილის პერიოდი.