ეს გამაოგნებელი ფაქტი დიდ ბრიტანეთში, ქალაქ ტექსბერში (Tewkesbury), გლოსტერშირში მოხდა და დღეს გახდა ცნობილი ფართო საზოგადოებისთვის, რადგან საქმის განხილვა გლოსტერშირის კრაუნის სასამართლოში ახლა დასრულდა.
ათი შვილის დედას ამანდა ვიქსონს ბრალი წაუყენეს სასტიკ დანაშაულში - მას გოგონა მოზარდობის ასაკიდან, მთელი 25 წელი ჰყავდა დატყვევებული და მონასავით ექცეოდა.

16 წლის გოგონა ამანდა ვიქსონის ტყვეობაში 1995 წელს აღმოჩნდა და 2021 წლამდე რჩებოდა ამ სახლში, არაადამიანურ პირობებში. გოგონა, რომლის სახელს და გვარს უსაფრთხოების გამო არ ასაჯაროებენ, გაჭირვებულ ოჯახში ცხოვრობდა, ჰქონდა სწავლასთან და განვითარებასთან დაკავშირებული შეზღუდვები და ამანდამ "შეიფარა" ოჯახის თანხმობით. სამართალდამცველთა ცნობით, ის 1995–1996 წლებში გადავიდა ვიქსონების ოჯახში — თავიდან, ალბათ, მცირე ხნით და წესით, ქალს მისთვის დედასავით უნდა მოევლო. თუმცა სინამდვილეში, მან ის ტყვედ აქცია და სრულ იზოლაციაში მოაქცია, ისე, რომ არავისთან აღარ ჰქონდა კონტაქტი, მთელი დარჩენილი 25 წელი. ვიქსონი მის მეურვედ და დედობილად ირიცხებოდა სოციალურ სამსახურებში, წლობით იღებდა გოგონას კუთვნილ დახმარებას და ასევე, მისი "მოვლის" და მასზე "ზრუნვის" საფასურს.
გამომძიებლები აცხადებენ, რომ გოგონას რეგულარულად სცემდნენ და ფიზიკურად აშრომებდნენ. ერთხელ ცოცხის ტარით კბილები დაამტვრიეს. გარდა ამისა, მოზარდს ჭურჭლის სარეცხი სითხის გადაყლაპვას აიძულებდნენ, სახეში მათეთრებელს ასხამდნენ და თავს არაერთხელ პარსავდნენ.
გოგონას ასევე შეზღუდული რაოდენობით საკვები ეძლეოდა, ძირითადად, ნარჩენები, სახლიდან გასვლის უფლება არ ჰქონდა და ღამით ფარულად იბანდა, რომ არ დაენახათ. ძალადობის მუქარით მას მუშაობას აიძულებდნენ. პაწაწინა ოთახი, სადაც ტყვე იმყოფებოდა, საშინელ მდგომარეობაში იყო.

ეჭვმიტანილის ერთ-ერთი ვაჟი პოლიციას დაუკავშირდა. როდესაც მსხვერპლი იპოვეს, ის უკვე 40 წელზე მეტი ასაკის იყო. ძალიან გამხდარი იყო, ტუჩებსა და სახეზე ნაწიბურები ჰქონდა, თავი გადაპარსული და ფეხებზე დიდი კოჟრები, მუდმივად მუხლებზე ჯდომისა და იატაკის ხეხვისგან.
დაკავებული ქალი უარყოფს ბრალდებებს. განაჩენი 12 მარტს გამოცხადდება. ბრალდებულს 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
საზოგადოებას გაუჩნდა შეკითხვა, სად იყვნენ მეზობლები. ერთ-ერთმა მეზობელმა ჟურნალისტებთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხშირად ხედავდა ქალს, რომელიც ფანჯარაზე აკაკუნებდა შიგნიდან და სოციალური სამსახურიც კი გამოიძახა, თუმცა უშედეგოდ.
მეორე მეზობელმა აღნიშნა, რომ შოკირებულია. მრავალშვილიან დედას კარგ მეზობლად იცნობდნენ და ფიქრობდნენ, რომ კარგი ადამიანი იყო.
რაც შეეხება მონობიდან გათავისუფლებულ ქალბატონს, ის ნელ-ნელა დაუბრუნდა ცხოვრებას და ამბობენ, რომ საკმაო პროგრესი აქვს, თუმცა დაკარგულ 25 წელს, რა თქმა უნდა, ვეღარავინ დაუბრუნებს.