22 იანვრის ნიჟნეკამსკის 37-ე ლიცეუმში მოსწავლე შეიარაღებული შეიჭრა. ცამეტი წლის ბიჭი სკოლაში დანით, ცეცხლსასროლი იარაღითა და ასაფეთქებელი ფეიერვერკით მივიდა. შესასვლელთან დამლაგებელს შეხვდა, რომელმაც მისი შეჩერება სცადა. ამ დროს მოზარდმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა და 53 წლის თანამშრომელი ხელში დაჭრა. შემდეგ დერეფანში ფეიერვერკები ააფეთქა. პანიკაში მყოფმა ბავშვებმა საკლასო ოთახებში ჩაკეტვა დაიწყეს, რადგან არ იცოდნენ, გარეთ რა ხდებოდა... საბედნიეროდ, ბიჭი მალე დააკავეს.
დაკავებისას მას დანა, ნიღაბი, ფეიერვერკები, ტაქტიკური ხელთათმანები და სპეციალური ჟილეტი აღმოაჩნდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ჟილეტზე სიკვდილის თარიღი და იმ მოსწავლის სახელი ეწერა, რომელთანაც მეგობრობდა: "ლიზა, 20 იანვარი, 2026". გამომძიებლების თქმით, მოზარდი თავდასხმისთვის წინასწარ მოემზადა. ინციდენტამდე ცოტა ხნით ადრე, მან რამდენიმე ფოტო გადაიღო, სადაც ნიღბითა და იარაღით ხელში იყო, შემდეგ კი ფოტოები კლასის ჩატში ატვირთა.

სამართალდამცავებმა მოზარდი სწრაფად დააკავეს. მან გაქცევა ვერ შეძლო. დაკავების დროს 13 წლის ბიჭი დაშავდა და ახლა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა. დაშავებული დამლაგებელი საავადმყოფოში გადაიყვანეს და მისი მდგომარეობა სტაბილურია. საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე ორი მუხლით აღძრა: მკვლელობის მცდელობა და გაუფრთხილებლობა. გამოძიება არა მხოლოდ მოსწავლის ქმედებებს შეისწავლის, არამედ იმასაც, თუ როგორ მოახერხა ბავშვმა იარაღისა და საშიში ნივთების სკოლაში შეტანა.

ინციდენტთან დაკავშირებული ერთ-ერთი მთავარი თეორია მოზარდის პირადი ტრაგედიაა. რამდენიმე დღით ადრე, იმავე ლიცეუმში სახურავიდან მე-7 კლასელი გოგონა გადმოვარდა და გარდაიცვალა. არსებობს ვერსია, რომ მას ხელი ჰკრეს. თუმცა, ჯერჯერობით საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და დეტალები უცნობია. გოგონას დაკრძალვა იმ დღეს იყო, როდესაც 13 წლის მოზარდი სკოლაში შეიარაღებული შევიდა. როგორც თანაკლასელები ამბობენ, ისინი ახლო მეგობრები იყვნენ, ხშირად საუბრობდნენ და ერთმანეთს მხარს უჭერდნენ. ამიტომ, ბიჭისთვის გოგონას გარდაცვალება მძიმე ემოციური დარტყმა იყო და ტრაგედიას ვერ უმკლავდებოდა.


გარდა ამისა, იმავე სკოლის მოსწავლეები ამბობენ, რომ მოზარდი წლების განმავლობაში წონის გამო ბულინგის მსხვერპლი იყო. ის ბულინგზე აგრესიით პასუხობდა, თუმცა თანატოლებს არც ეს აშინებდათ. დანაშაულის ჩადენის ერთ-ერთ მოტივად მოსწავლეებზე შურისძიებაც ითვლება.
საზოგადოების აღშფოთება ცალკე იმანაც გამოიწვია, რომ ლიცეუმს დაცვისა და უსაფრთხოების შესაბამისი სისტემა არ ჰქონდა და ბავშვმა დანისა და სხვა საშიში ნივთიერებების შეტანა თავისუფლად ისე მოახერხა, რომ კართან მხოლოდ დამლაგებელი დახვდა.
ჯერჯერობით, გამოძიება მიმდინარეობს და უცნობია, რა ტიპის სასჯელი ელის მოზარდს.