მსახიობმა ჯაბა კილაძემ ნიკოლოზ ხაჩიძესთან ინტერვიუში ისაუბრა ყოფილ მეუღლესთან - თამთა ჭელიძესთან ქორწინებასა და დაშორებაზე:
- პირველი კურსიდან ჯუფელები ვიყავით და ვმეგობრობდით ძალიან. ერთ სპექტაკლზე ვმუშაობდით და სიყვარული ამ სპექტაკლიდან დაიწყო, წყვილს ვთამაშობდით... მერე ყველა გვეკითხებოდა, აბა, ერთად როდის იქნებით, როდის დაქორწინდებით, ისედაც გვინდოდა ერთად ყოფნა და ვფიქრობ, სწორი ნაბიჯი გადავდგით მაშინ და ამაზე დიდი ამ ეტაპზე არაფერი გამიკეთებია ცხოვრებაში, როგორც ჩემი დაოჯახება იყო იმ ეტაპზე. და მერე იმაზე დიდი არაფერია, რომ დღეს მყავს ლიზა, ჩემი შვილი, რომელიც ყველაფერს მირჩევნია...




თამთა მაშინ მუსიკალურ კარიერაზე იყო უფრო აქცენტირებული, მე უკვე "ჯინსებში" ვთამაშობდი და როგორც მსახიობი, მეორე კურსიდან დაკავებული ვიყავი.
თამთას კლიპი რომ გამოვიდა - "იქნებ დავიწყოთ თავიდან", სადაც ორივე ვმონაწილეობდით, დიდი ხმაური გამოიწვია. სასაცილო იყო... მგონია, რომ ზუსტი სახელი დაარქვეს - "თამთას და ჯაბას საქორწინო ღამე". ახალი დაქორწინებული ვიყავით და ამ კლიპში ლოგინში ვწევართ... რეჟისორს ჰქონდა ეს ჩანაფიქრი და ვინმე მსახიობ ბიჭს უნდა ეთამაშა. მერე იფიქრეს, რაღა სხვა ვეძებოთო და მე ვითამაშე. მე მაშინ არ მეყო გამოცდილება გამეთვალა, რა მოჰყვებოდა. თუმცა მე მაშინვე მეცინებოდა ამაზეც და აჟიოტაჟზეც...
ჩვენ დღემდე გვაქვს არაჩვეულებრივი ურთიერთობა, პიროვნული პრობლემა ერთმანეთის მიმართ არ გვქონია, არც ეჭვიანობა ყოფილა მიზეზი. უბრალოდ მივხვდით, რომ ეს ორი ელემენტი, ცალკე აღებული, ერთმანეთს ვერ უთავსდებოდა, გამუდმებული დისკომფორტი იყო, სულ რაღაც იყო პრობლემა... და როგორ ჯობია, ბავშვი გაიზარდოს ატმოსფეროში, სადაც გამუდმებული დაძაბულობაა და სულ გაღიზიანებული ადამიანები არიან, თუ მშვიდ გარემოში? როცა იცის, დედაც ჰყავს, მამაც ჰყავს და მათ პრობლემა ერთმანეთში არ აქვთ? უბრალოდ ერთად არ ცხოვრობენ იმიტომ, რომ ორი სხვადასხვა ელემენტია.
მაშინ ეს დიდი მოვლენა იყო, წამოვიდა, ოჯახი დაანგრია... ეს სიტყვა თვითონ მძაბავს. ადამიანები არ უნდა აწამო, თუ ერთად ვერ ცხოვრობენ, არაფრის დანგრევა ეს არ არის. პირიქით, ეს არის თავის შველა, იმისთვისაც და შენთვისაც.... არც გვიჩხუბია, ჩვენი თანაცხოვრება თავისთავად მივიდა ამ დასკვნამდე, როცა ამოიწურა რაღაც, ხელოვნურად ამას ვეღარ ამოქაჩავ.
ოჯახურმა ცხოვრებამ დიდი გამოცდილება მომცა. როცა ვიგრძნობ, რომ ვარ სრულ ჰარმონიაში ადამიანთან და ისიც არის ჰარმონიაში ჩემთან, რომ ჩვენ ერთად ვიცხოვროთ, უდიდესი სიამოვნებით ვიცხოვრებ.