კაცი, რომელმაც 20 წელი გაატარა ციხეში, უდანაშაულოდ ცნეს - 16 წლის დანიელ ვილიეგასის ამბავი და მისი ცრემლები სასამართლო დარბაზში, 25 წლის შემდეგ (ვიდეო) - მშობლები

კაცი, რომელმაც 20 წელი გაატარა ციხეში, უდანაშაულოდ ცნეს - 16 წლის დანიელ ვილიეგასის ამბავი და მისი ცრემლები სასამართლო დარბაზში, 25 წლის შემდეგ (ვიდეო)

2026-01-25 12:41:27+04:00

დენიელ ვილიეგასი 16 წლის იყო, როცა ციხეში მოხვდა და მხოლოდ 25 წლის შემდეგ აღიარა მართლმსაჯულებამ, რომ ის ტყუილად იხდიდა სასჯელს. მან ცხოვრების მეოთხედი გაატარა ოთხ კედელში ჩაუდენელი დანაშაულისთვის. ეს ადამიანი და მისი შემთხვევა არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი მაგალითი, თუ როგორ შეიძლება ადამიანის ცხოვრება სამუდამოდ დაინგრეს სასამართლო შეცდომების გამო — და ასევე იმის, თუ როგორ შეიძლება სამართალმა ბოლოს და ბოლოს იზეიმოს.

დაპატიმრება

1993 წლის 10 აპრილს ღამით ელ პასოს (ამერიკა, ტეხასის შტატი) გარეუბანში ოთხი ახალგაზრდა, 17-18 წლისანი, ფეხით ბრუნდებოდნენ წვეულებიდან, როცა მოულოდნელად მათ პირდაპირ მანქანა გაჩერდა და იქიდან ვიღაცამ ცეცხლი გახსნა. სროლის შედეგად ორი მათგანი დაიღუპა — 18 წლის რობერტ „ბობი“ ინგლენდი და 17 წლის არმანდო ლაზო, ორმა გაქცევა მოასწრო. მეზობლებმა, რომლებმაც სროლების ხმა გაიგეს, პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს. ადგილზე მისულ პოლიციელებს 22-კალიბრიან 6 ჰილზა დახვდათ.

პირველ რიგში, რა თქმა უნდა, გადარჩენილები დაკითხეს - ჯესი ერნანდესი და ხუან მედინა. მათ თავდაპირველად თქვეს, რომ ვერც მანქანას აღწერდნენ დეტალურად და ვერც მსროლელს. თუმცა საბოლოოდ შეთანხმდნენ, რომ მანქანა წითელი ან ბორდოსფერი იყო.

ძიებას დეტექტივი ალფონსო მარკესი ხელმძღვანელობდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ის სერიოზულ ზეწოლას ახდენდა მოწმეებზე. ერნანდესს ეუბნებოდა, რომ მედინამ უკვე აღიარა, თითქოს ერნანდესმა მოკლა მეგობრები. წლების შემდეგ ერნანდესმა თქვა, რომ ამ ზეწოლის შედეგად, ძალიან ახლოს იყო, რომ ჩაუდენელი დანაშაული ეღიარებინა.

სამი დღის შემდეგ მარკესმა 15 წლის მაიკლ ჯონსტონი აიყვანა. ის ბორკილებით მიაბეს სკამზე და 8 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა დაკითხვა. მას სიკვდილით დასჯით ემუქრებოდნენ და უთხრეს, რომ თანატოლებმა უკვე დაადანაშაულეს ის სროლებში. მარკესი დაემუქრა ბიჭს, რომ მას ციხეში გააუპატიურებდნენ, თუ არ აღიარებდა. იძულების შედეგად ჯონსტონმა დაწერა აღიარებითი ჩვენება, თუმცა საბოლოოდ მას ბრალი მაინც არ წაუყენეს და მარკესმაც აღიარა, რომ აღიარებითი ჩვენება ცრუ იყო...

21 აპრილს მარკესმა 17 წლის დევიდ რანგელი გამოიძახა დაკითხვაზე. მასთანაც იგივე მეთოდები ჰქონდა - დაემუქრა სამუდამო პატიმრობით და ციხეში გაუპატიურებით. საბოლოოდ, ზეწოლის შედეგად, რანხელმა "აღიარა", რომ მისმა ბიძაშვილმა, დანიელ ვილიეგასმა, თითქოსდა მასთან თქვა, როგორ ჩაცხრილა ლაზო და ინგლენდი. თუმცა დასძინა ისიც, რომ შეიძლება ვილეგასი ხუმრობდა, რადგან უყვარდა ბაქიაობა.

მარკესი, რა თქმა უნდა, ამ ჩვენებას ჩაეჭიდა და მოგვიანებით ბიჭს განცხადებაში იარაღის ტიპიც კი ჩააწერინა. საბოლოო ჩვენებაში, რომელიც მთლიანად შეთხზული იყო, რანხელი თითქოს ამბობდა, რომ დანიელი შავი მანქანით მოძრაობდა და სახლამდე სდია ლაზოს, რომ მოეკლა. თუმცა რეალურად, მის სახლთან არანაირი ჰილზა არ უპოვიათ.

გამომძიებელს ერთი ადამიანის ჩვენება აკლდა, რომ 16 წლის დანიელი დაეპატიმრებინა. ეს ბოლო "მოწმე" 15 წლის როდნი უილიამსი იყო, რომელიც იმ საღამოს დანიელთან ერთად იყო დაა ტელევიზორს უყურებდა. თუმცა ვერც როდნიმ გაუძლო გამოძიების ზეწოლას და მუქარებს. ბოლო ჩვენება სწორედ მას დააწერინეს - თუ როგორ წავიდა მეგობრებთან ერთად მანქანით, როგორ მოიპარეს ლუდი, დალიეს და მერე დანიელმა როგორ დაუწყო სროლა მანქანიდან გამვლელ ბიჭებს... ძიებასთან თანამშრომლობისთვის, უილიამსი სულ მალე გაათავისუფლეს.

21 აპრილს ვილიეგასის სახლში დააპატიმრეს თავად დანიელ ვილიეგასი და მისი მეგობარი გონსალესი. ვილიეგასი სკამზე მიაბეს და მარკესმა თავად დაკითხა, მუქარით, რომ სიკვდილით დასჯიდნენ, თუ არ აღიარებდა დანაშაულს...

discovery-2-1769340414.webp
დენიელ ვილიეგასი

მოგვიანებით ვილიეგასმა თქვა, რომ ძალიან შეეშინდა. საბოლოოდ, დათანხმდა ჩვენების მიცემაზე. თავიდან თქვა, რომ უილიამსმა ისროლა. თუმცა მარკესმა მას სილა გააწნა და ელექტროსკამით დაემუქრა. შემდეგი საათები მარკესი მისგან აღიარების მიღებაზე მუშაობდა. საბოლოოდ მანაც ვერ გაუძლო ზეწოლას და დაწერა, რაც უთხრეს. რამდენიმე საათში მან სხვა პოლიციელებთან და პრობაციის სამსახურთან თქვა, რომ ზეწოლის შედეგად დაწერა აღიარება და ეს მას არ გაუკეთებია, თუმცა უკვე გვიანი იყო. სწორედ მას წარუდგინეს მკვლელობის ბრალდება...

სასამართლო

პირველი სასამართლო პროცესი 1994 წელს შედგა.

daniel2-1769339256.png

სასამართლო პროცესზე დანიელმა კიდევ ერთხელ ისაუბრა ზეწოლაზე. ასევე რამდენიმე მისმა თანატოლმა ახსენა მუქარით მიღებული ჩვენება. დაცვა იმასაც ამბობდა, რომ ვილიეგასმა მეშვიდე კლასიდან მიატოვა სწავლა, მისით მანიპულირება ადვილი იყო და ხშირად ფანტაზიორობდა, იგონებდა ტყუილებს და მისი ბაქიაობით ნათქვამი მეგობრებთან, ვერ იქნებოდა მიღებული რეალობად. ასევე ისაუბრა სასამართლოდ ფსიქიატრმა, მისი თქმით, ბიჭს ემოციური პრობლემები ჰქონდა, შესაძლოა, მსუბუქი გონებრივი ჩამორჩენაც, და ის ძალიან იოლად გახდებოდა პოლიციის ზეწოლის მსხვერპლი...

სასამართლო პროცესები საკმაოდ დიდხანს გრძელდებოდა და ვილიეგასის სასარგებლოდ არც ერთი არ დასრულებულა. საბოლოოდ, 1995 წლის 24 აგვისტოს სასამართლო პროცესზე გაიჟღერა დასკვნამ, რომ ვილიეგასი არ გეგმავდა არავის მოკვლას, უბრალოდ, ტვინი არეული ჰქონდა და არ აცნობიერებდა რას აკეთებდა.

ვილიეგასი დამნაშავედ ცნეს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. მან არაერთხელ გაასაჩივრა განაჩენი, თუმცა მისი აპელაციები უარყოფილ იქნა.

discovery-4-1769340414.webp

სამართალის აღსრულება

ვილიეგასი წლები იბრძოდა სიმართლის დასამტკიცებლად, ხელახალი გამოძიებისა და სასამართლოსთვის.

2013 წელს, ტეხასის სასამართლოს გადაწყვეტილებით მისი თავდაპირველი აღიარება მიჩნეულ იქნა, როგორც არასათანადო და გამამტყუნებელი განაჩენიც გაუქმდა. 20-წლიანი პატიმრობის შემდეგ ის პირობით გაათავისუფლეს.

2015 წელს სარჩელიც შეიტანა ელ პასოს სასამართლოში მარკესის და რამდენიმე პოლიციელის წინააღმდეგ, მისი სამოქალაქო უფლებების შელახვისთვის.

2018 წლის 5 ოქტომბერს კი, მორიგ სასამართლო პროცესზე ის, უკვე 41 წლის მამაკაცი, სრულიად უდანაშაულოდ ცნეს. დენიელმა ცრემლები ვერ შეიკავა განაჩენის გაცხადების შემდეგ.

villegas-acquitted-1769342529.webp

დღეს დენიელს ცოლი და შვილები ჰყავს. საკმაოდ აქტიურია საზოგადოებრივ ასპარეზზე და აგრძელებს იურიდიული გზით ბრძოლას, რათა პასუხისმგებლობა აიღონ დამნაშავეებმა იმისთვის, რაც მას და მისმა ოჯახმა გადაიტანა.

e999f5c1-d6b2-46ec-8ba5-0ce3ec973d05-large16x9-danielvillegasandfamily-1769340414.jpg

კომპენსაციის სახით მიღებული თანხით მეურნეობა მოაწყო, ჩართულია მშენებლობასა და მცირე ბიზნესში. გარდა ამისა, აქტიურად ეხმარება სხვა ადამიანებს სამართალთან და მართლმსაჯულების სისტემასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებაში. ატარებს საჯარო ლექციებს და ცდილობს, სხვებს მაინც ააცილოს ის განსაცდელი, რაც თავად გადაიტანა.

screen-shot-2017-04-14-at-603-1769340414.01_PM.webp