"დემენციის შემთხვევების თითქმის ნახევრის თავიდან აცილება შესაძლებელია" - რა შეგვიძლია გავაკეთოთ დემენციისგან თავის დასაცავად - მშობლები

"დემენციის შემთხვევების თითქმის ნახევრის თავიდან აცილება შესაძლებელია" - რა შეგვიძლია გავაკეთოთ მისგან თავის დასაცავად

2026-01-25 13:03:28+04:00

დემენცია არის დაავადება, რომელიც ნელ-ნელა ართმევს ადამიანს მეხსიერებას, აზროვნების სიცხადეს და ყოველდღიური, ყველაზე მარტივი საქმეების შესრულების უნარს — დაწყებული კომუნალური გადასახადების გადახდიდან, დასრულებული ახლობელი ადამიანების ამოცნობით. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, დღეს მსოფლიოში 55 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს დემენციით, ხოლო ყოველწლიურად თითქმის 10 მილიონი ახალი შემთხვევა ფიქსირდება.

თანამედროვე მეცნიერება ერთმნიშვნელოვნად ამბობს: დემენციის შემთხვევების თითქმის ნახევრის თავიდან აცილება შესაძლებელია, თუ ადამიანი დროულად გადახედავს საკუთარ ცხოვრების წესს. არტერიული წნევისა და ქოლესტერინის კონტროლი, ფიზიკური აქტივობა, ცოცხალი სოციალური კონტაქტები და ცხოვრებისადმი ინტერესის შენარჩუნება — ეს არ არის ზოგადი რჩევები, არამედ რეალურად მოქმედი ინსტრუმენტები, რომლებიც ტვინის ჯანმრთელობას წლების განმავლობაში ინარჩუნებს.

უახლეს ანგარიშში, რომელიც მსოფლიოს წამყვანმა მეცნიერებმა გამოაქვეყნეს, წარმოდგენილია 56 მეცნიერულად დასაბუთებული რეკომენდაცია, რომლებიც დადებითად მოქმედებს ტვინის მდგომარეობაზე. ავტორები მოუწოდებენ მთავრობებს, გადახედონ დემენციასთან ბრძოლის სტრატეგიებს და აფრთხილებენ, რომ კოორდინირებული ქმედებების გარეშე მილიონობით შემთხვევის მხოლოდ დაფიქსირება იქნება შესაძლებელი და არა — პრევენცია.

კვლევის ხელმძღვანელის, ჰარიეტ დემნიც-კინგის თქმით, მეცნიერებამ უკვე დიდი ხანია იცის, როგორ შეიძლება დემენციის რისკის შემცირება, თუმცა ეს ცოდნა ჯერ კიდევ ვერ იქცა გასაგებ და ხელმისაწვდომ სახელმწიფო პოლიტიკად. მისივე განმარტებით, ადამიანებს სჭირდებათ მკაფიო და მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია, მაგრამ ხშირად ისინი იღებენ ან ურთიერთგამომრიცხავ რჩევებს, ან ისეთ მესიჯებს, რომლებიც დანაშაულის განცდას იწვევს.

რისკფაქტორები, რომლებზეც გავლენა შესაძლებელია

კვლევა ეფუძნება Lancet-ის კომისიის 2024 წლის დასკვნებს, სადაც გამოყოფილია 14 რისკფაქტორი. მათ შორის არის ისეთი ფაქტორები, რომლებსაც ბევრი ადამიანი წლების განმავლობაში უგულებელყოფს, ტვინის ჯანმრთელობასთან კავშირის გარეშე:

  • მომატებული არტერიული წნევა და ქოლესტერინი

  • არანამკურნალები სმენისა და მხედველობის დაქვეითება

  • დაბალი ფიზიკური აქტივობა

  • სოციალური იზოლაცია და მარტოობა

  • დაბინძურებული ჰაერის ხანგრძლივი ზემოქმედება

მეცნიერები ხაზგასმით აღნიშნავენ: პრობლემა არ არის ინფორმაციის ნაკლებობა — პრობლემა ის არის, რომ საზოგადოებრივ დონეზე ეს ფაქტორები ჯერ კიდევ არ განიხილება დემენციის პრევენციად.

როგორ უნდა ვილაპარაკოთ პრევენციაზე და რატომ აქვს ამას მნიშვნელობა

ანგარიშის ავტორები განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ კომუნიკაციაზე. პრევენცია გაცილებით ეფექტურია მაშინ, როცა ინფორმაცია ადამიანებს მიეწოდება მარტივი, პირდაპირი და არაშემაშინებელი ენით.

მაგალითად, კონკრეტული გზავნილი — „წონის შემცირება ამცირებს დემენციის რისკს“ — გაცილებით შედეგიანია, ვიდრე ზოგადი გაფრთხილებები „არაჯანსაღი ცხოვრების წესის“ შესახებ. ასეთი მიდგომა ადამიანს პასუხისმგებლობას არ აკისრებს, არამედ აძლევს რეალურ საყრდენს — იმას, რაზეც მას თავად შეუძლია გავლენის მოხდენა.

რა ასაკიდან უნდა დავიწყოთ პრევენცია

მეცნიერები ერთხმად ამბობენ, რომ ტვინის ჯანმრთელობაზე ზრუნვა მხოლოდ სიბერეში არ უნდა დაიწყოს. მრავალი რისკფაქტორი მოქმედებას იწყებს 30–40 წლის ასაკიდან, ბევრად ადრე, ვიდრე პირველი სიმპტომები გამოჩნდება.

მომატებული წნევა, უმოძრაო ცხოვრება, ქრონიკული სტრესი და სოციალური იზოლაცია წლების განმავლობაში გროვდება და შედეგს ათწლეულების შემდეგ იძლევა. სწორედ ამიტომ სპეციალისტები დემენციის პრევენციას გრძელვადიან ინვესტიციად განიხილავენ — რაც უფრო ადრე დავიწყებთ ზრუნვას სისხლძარღვებზე, სმენაზე, ფიზიკურ ფორმასა და სოციალურ კავშირებზე, მით უფრო მაღალია გონებრივი სიცხადის შენარჩუნების შანსი ასაკში.

დემენცია არ არის განაჩენი და არც სიბერის გარდაუვალი ნაწილი. ეს არის დაავადება, რომლის რისკი ხშირად ყალიბდება ბევრად ადრე, ვიდრე პირველი ნიშნები გამოჩნდება. და რაც უფრო ადრე დავიწყებთ ტვინის ჯანმრთელობის აღქმას, როგორც ღირებულებას, რომელიც მუდმივ ზრუნვას საჭიროებს, მით მეტი ადამიანი შეხვდება ასაკს დემენციის გარეშე — სუფთა აზროვნებით და დამოუკიდებელი ცხოვრებით.

დღეში რამდენ საათს მუშაობთ? - როგორი სამუშაო გრაფიკი ზრდის ყველაზე მეტად დემენციის რისკს
ბავშვი თანდათანობით კარგავს უკვე შეძენილ უნარებს - მეტყველებას, მეხსიერებას, მოძრაობას- რა არის ბავშვთა დემენცია და რა იწვევს მას
ეს ნიშნები დემენციის დასაწყისი ჰგონიათ, სინამდვილეში კი ქალური ჰორმონების ცვლილებით არის გამოწვეული