ჩვენს ირგვლივ ბევრი ბავშვია, რომელსაც ყველაზე მეტად კარტიფილი და მაკარონი უყვარს. ბევრი მშობელი აღნიშნავს, რომ მათი შვილების ძირითადი და საყვარელი საკვები პური, შემწვარი კარტოფილი და სხვადასხვა ტიპის მაკარონია. კვების ეს მოდელი რომ იდეალური არაა, ყველა მშობელი ხვდება, მაგრამ მაინც რა რისკებს ქმნის ასეთი მენიუ.
კარტოფილი, მაკარონი და პური, არსებითად, მხოლოდ მარცვლეულსა და სახამებელს წარმოადგენს, ენერგიის წყაროა, მაგრამ ვერ უზრუნველყოფენ ორგანიზმს ყველა საჭირო „სამშენებლო მასალით“. რაციონში აუცილებლად უნდა იყოს ცილები და რთული ნახშირწყლებიც, თუმცა ბავშვის სრულად მხოლოდ ბოსტნეულზე, ან მხოლოდ ხორცზე, ან სხვა ერთგვაროვან რაციონზე გადაყვანაც არ არის სასარგებლო. არ შეიძლება რაციონიდან საერთოდ ამოვიღოთ მაკარონი, კარტოფილი და პური და ბავშვს მხოლოდ ბოსტნეული და ხილი დავუტოვოთ.
თუ ბავშვი ძირითადად პურით, კარტოფილით და მაკარონით იკვებება, ამას ხანმოკლე პერიოდში შეიძლება აშკარა პრობლემა არ მოჰყვეს, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში სერიოზული რისკები ჩნდება.
ცილების დეფიციტი – ასეთი რაციონი ღარიბია ცილებით, რომლებიც აუცილებელია ზრდისთვის, კუნთების, იმუნური სისტემისა და ჰორმონების სწორად მუშაობისთვის.
ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებობა – განსაკუთრებით რკინის, თუთიის, B12-ის, D ვიტამინის, კალციუმის. ეს შეიძლება გამოიხატოს დაღლილობით, ხშირი ავადობით, ყურადღების კონცენტრაციის პრობლემებით.
ზრდისა და განვითარების შეფერხება – ერთფეროვანი კვება შეიძლება აისახოს სიმაღლესა და საერთო ფიზიკურ განვითარებაზე.
შაქრის მერყეობა სისხლში – სწრაფი ნახშირწყლები იწვევს ენერგიის მკვეთრ მატებას და შემდეგ სწრაფ დაცემას, რაც ბავშვს აღიზიანებს, ადვილად იღლება.
მეტაბოლური პრობლემების რისკი – დროთა განმავლობაში იზრდება ჭარბი წონისა და ინსულინრეზისტენტობის რისკი.
ნაწლავური პრობლემები – ბოჭკოს ნაკლებობის გამო შეიძლება განვითარდეს ყაბზობა და მიკროფლორის დარღვევა.
კვებითი ჩვევების დამკვიდრება – ბავშვი ეჩვევა ერთფეროვან საკვებს და მომავალში უფრო უჭირს ახალი პროდუქტების მიღება.
რა არის გამოსავალი: არა აკრძალვა, არამედ ნელ-ნელა გამრავალფეროვნება — ხორცის, თევზის, კვერცხის, რძის პროდუქტების, პარკოსნების, ბოსტნეულისა და ხილის დამატება, ისე რომ ბავშვმა საკვები სტრესის გარეშე მიიღოს.
თუ ბავშვი ძირითადად პურით, კარტოფილით და მაკარონით იკვებება, ჯანმრთელობის კონტროლი სჯობს იყოს რეგულარული და მიზნობრივი, რათა დეფიციტები და მეტაბოლური პრობლემები დროულად გამოჩნდეს და არა უკვე სიმპტომების შემდეგ.
ეს ანალიზები აჩვენებს, იღებს თუ არა ბავშვი ორგანიზმისთვის საჭირო „ბაზისს“.
• საერთო სისხლის ანალიზი (CBC) – ანემიის, ანთების, ზოგადი მდგომარეობის შეფასებისთვის
• ფერიტინი – რკინის მარაგების დასადგენად (ძალიან ხშირად სწორედ ეს არის დაბალი)
• D ვიტამინი (25-OH) – ძვლების, იმუნიტეტისა და ზრდისთვის
• B12 ვიტამინი – ნერვული სისტემისა და კონცენტრაციისთვის
• კალციუმი (სისხლში) – ძვლებისა და კბილებისთვის
მეორე ეტაპი – თუ კვება დიდხანს ერთფეროვანია ან არის სიმპტომები
• შაქარი სისხლში უზმოზე
• ინსულინი უზმოზე (საჭიროების შემთხვევაში)
• HOMA-IR ინდექსი – ინსულინრეზისტენტობის ადრეული ნიშნებისთვის
• ლიპიდური სპექტრი (ქოლესტერინი, LDL, HDL, ტრიგლიცერიდები)
მესამე ეტაპი – ინდივიდუალურად, ექიმის რეკომენდაციით
• თუთია – იმუნიტეტი, მადა, კანის მდგომარეობა
• მაგნიუმი – ნერვული სისტემა, ძილი • ფოლიუმის მჟავა • ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები (TSH) – თუ არის ზრდის ან ენერგიის პრობლემა
თუ ბავშვი თავს კარგად გრძნობს – ეს კონტროლი წელიწადში ერთხელ საკმარისია. თუ კვება მკვეთრად ერთფეროვანია ან არის ჩივილები (დაღლილობა, ხშირი ავადობა, წონის მკვეთრი მატება/კლება) – ექიმის კონტროლით უფრო ხშირად.
მშობელი ანალიზების გარეშეც უნდა დააკვირდეს ზრდის ტემპს (სიმაღლე/წონა ასაკის შესაბამისად) დაღლილობას, სიფერმკრთალეს, ყაბზობას ან კუჭის პრობლემებს. საყურადღებოა ასევე კონცენტრაციის გაძნელება, გაღიზიანება, ხშირი ინფექციები
დილა • კვერცხი (მოხარშული / ომლეტი ბოსტნეულით) + პური ან შვრიის ფაფა ყველით
• ხილი (ვაშლი / ბანანი /)
შუალედური წახემსება • იოგურტი ან მაწონი (უბრალო / ხილით) ან ხაჭო (სუფთა / ცოტა ხილით)
სადილი • ქათმის / საქონლის / ბოსტნეულის წვნიანი ან ხორცი ან თევზი (ქათამი / საქონელი / თევზის ფილე) ნებისმიერი ფორმით.
გარნირი (კარტოფილი / ბრინჯი / მაკარონი)
•ბოსტნეული (მოხარშული / ახალი)
შუადღის წახემსება • პური ყველით ან ხილი ან ბოსტნეულის ჩხირები (კიტრი / სტაფილო)
ვახშამი • ცილა (თევზი / ხორცი / კვერცხი)
• ბოსტნეული (რაგუ / პიურე)
• მცირე გარნირი სურვილის მიხედვით (კარტოფილი / ბრინჯი/წიწიბურა)
არ არის აუცილებელი, კვება ყოველდღე და ყოველ ჯერზე იდეალური იყოს — მთავარია ბალანსი კვირის ჭრილში. პური, კარტოფილი და მაკარონი არ არის პრობლემა, თუ ისინი მხოლოდ რაციონის ნაწილი არიან. ახალი საკვები სჯობს შევთავაზოთ ნაცნობ და საყვარელ კერძთან ერთად, იძულების გარეშე.