მეტყველების თერაპევტი, ეკატერინე ჭავჭავაძე გადაცემაში "ახალი დღე" საუბრობს, რა იწვევს თანამედროვე ბავშვებში მეტყველების დარღვევებს და როგორ აისახა პანდემიის პერიოდი ამ პროცესზე:
- არსებობს კომუნიკაცია, ენა და მეტყველება. ვიდრე ბავშვი ამეტყველდება, მას ენობრივი უნარები უნდა განუვითარდეს. ხოლო, ენობრივი უნარების განვითარებისთვის აუცილებელია კომუნიკაცია. კომუნიკაცია ითვალისწინებს იმას, რომ როდესაც პატარა ვარ და არ ვმეტყველებ, სოციუმში უნდა მყავდეს ადამიანი, რომელიც მელაპარაკება. გარდა ამისა, მისი კოპირება, მიბაძვა უნდა შევძლო. ნებისმიერ პრაგმატულ ვითარებაში - რა თქვა, როგორ, ეს ენობრივი უნარების განვითარებას ხელს უწყობს და შემდგომ უკვე მეტყველებას ვიწყებ, რაც ენის რეალიზებაა. რა მოხდა დღეს? უპირველეს ყოვლისა, ეს არის კომუნიკაციის დეფიციტი, რომელიც ამეტყველების პროცესს სერიოზულ წინაღობად ექცა. გარდა ამისა, აქვე აღსანიშნავია გაჯეტები, რომლებიც, თავის მხრივ, ვერ ჩაანაცვლებს ცოცხალ ურთიერთობებს. მშობლები ფიქრობენ, რომ კარგია, თუ ბავშვს აქვს ურთიერთობა გაჯეტთან, შემეცნებით, განმავითარებელ აპლიკაციებთან, ასე არ არის. ანიმაციის ყურების დროს, მით უმეტეს, ახლა როგორი მაღალი ხარისხის ანიმაციებია, ასეთი რამ ხდება - ბავშვებში მოკლევადიანი მეხსიერება აქტიურდება და ამის ფონზე, გრძელვადიანი მეხსიერება ქვეითდება. ვერ ვითარდება და ყალიბდება ისე, როგორც საჭიროა. შესაბამისად, ჩნდება კონცენტრაციასთან დაკავშირებული პრობლემები. თუ ბავშვი არ ისმენს, მის გარემოში როგორ საუბრობენ, შესაბამისად, ის ენას ვერ ისწავლის. სერიოზული, გრძელვადიანი კვლევებია ჩატარებული, როდესაც 2 წლამდე აქვთ ბავშვებს გაჯეტთან ურთიერთობა, მათ მომდევნო ასაკში აუცილებლად ექმნებათ როგორც ამეტყველებასთან დაკავშირებული პრობლემები, ასევე დასწავლასთან დაკავშირებული პრობლემები.
ძალიან საინტერესოა, რომ თუ პანდემიამდე დასწავლასთან დაკავშირებული პრობლემები ყოველ მე-12 ბავშვს აღენიშნებოდა, 2-წლიანი შუალედის შემდეგ, ეს მაჩვენებელი ყოველი მე-5-მე-6 გახდა. პრაქტიკულად, იზოლაციისა და გაჯეტებთან ურთიერთობის ხარჯზე, დასწავლასთან დაკავშირებული სირთულეები ორჯერ გაიზარდა. კერძოდ, წაკითხული, წაკითხულის შინაარსის გაგება და გააზრება.
მეორე, რაც პანდემიამ "გვაჩუქა", ეს არის ის, რომ თუ ბგერათა წარმოქმნის დარღვევების გამომწვევი მიზეზები ყოველთვის ორგანული იყო, საარტიკულაციო აპარატთან, ენასთან, ნერვ-კუნთოვან პროცესებთან დაკავშირებული პრობლემები იყო, პანდემიის შემდგომ, ფონემური ცნობიერებით, ანუ ბგერების აღქმითი პროცესები ძალიან დაქვეითდა. ფონემური ცნობიერებით გამოწვეულმა მიზეზებმა ორგანულ მიზეზებს გადაასწრო, როცა ბავშვი ცალკეული ფონემების დიფერენცირებას, ბგერების მარცვლებად გაერთიანებას, მარცვლების სიტყვებად გაერთიანებასა და შემდეგ ფრაზებად გადაქცევას ვერ ახერხებს.