გერმანელმა ბიჭუნამ თერმომეტრი გაზის ღუმელში შედო, რამაც აფეთქება გამოიწვია. ამის შესაბ ინფორმაცია ბავარიის რადიომ (Bayerischer Rundfunk) გაავრცელა.
როცა ბავშვს სკოლაში წასვლა ეზარება და მიზეზების მოფიქრებას იწყებს, ამ დროს საშიში იდეებიც იბადება. გერმანიაში, კონკრეტულად კი ბავარიაში, ქალაქ შვანდორფში 9 წლის ბიჭუნამ გადაწყვიტა, რომ ავადმყოფობა მშვენიერი მიზეზი იქნებოდა სკოლის გასაცდენად, თუმცა დედისთვის რომ ავად ყოფნა დაემტკიცებინა, მეტად სარისკო გადაწყვეტილება მიიღო.
ბიჭს სურდა დედისთვის მტკიცებულებად თერმომეტრი წარედგინა, რომელიც მაღალ გრადუსს დააფიქსირებდა. თერმომეტრის გასაცხელებლად კი ჩვეულებრივი გაზქურის ღუმელი გამოიყენა.
თერმომეტრი ღუმელში შედო, რომელიც მანამდე 200 გრადუს ცელსიუსზე დააყენა. ცოტა ხანში თერმომეტრი აფეთქდა. ადგილზე მივიდნენ როგორც მეხანძრეები, ასევე პოლიცია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
"თერმომეტრში არსებული ვერცხლისწყლის გამო ღუმელი საკვების მომზადებისთვის აღარ არის უსაფრთხო და მოწყობილობა უნდა შეიცვალოს," - განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა.
როგორც ცნობილია, თანამედროვე თერმომეტრებში ვერცხლისწყალი აღარ გამოიყენება, თუმცა არის მისი მსგავსი ნივთიერება, გალიუმის შენადნობი, რომელიც მოსახლეობაში იგივე ტერმინით მოიხსენიება.
ამ გერმანელი ბიჭის შემთხვევაში აფეთქება აიხსნება ფიზიკით, არა ქიმიით. რადგან თერმომეტრი ჰერმეტულად დახურული მინის კაფსულაა და როცა ის მოათავსეს 200°C-მდე გახურებულ ღუმელში, შიგნით არსებული სითხე ძალიან სწრაფად გაცხელდა. გაცხელებისას სითხეც და შიგნით დარჩენილი ჰაერიც მკვეთრად გაფართოვდა, შიდა წნევა მკვეთრად გაიზარდა, მინამ ვერ უძლებს ამ წნევას და აფეთქდა/ გასკდება. რადგან ღუმელის ჰერმეტულმა სივრცემ ეს ხმა კიდევ უფრო გააძლიერა, ოჯახმა ეს ნამდვილ „აფეთქებად“ იგრძნო.
პოლიციამ ფაქტი შესაფასა როგორც საყოფაცხოვრებო ინციდენტი. ვინაიდან ბავშვი არ ყოფილა სახლში მარტო და არავინ დაზიანებულა, ამიტომ ჯარიმა და სხვა სანქციები არავისთვის დაუკისრებიათ.
სამწუხაროდ, ამ გერმანელ ბიჭუნაზე გაცილებით უფროსებს უარესებიც ჩაუდენიათ, რათა გამოცდებისგან თავი აერიდებინათ.
გაერთიანებული სამეფო (ნიუკასლი), — სტუდენტმა კოლეჯში ორ ტუალეტში ცეცხლი გააჩინა, რათა გამოცდა ჩაეშალა; საქმე სასამართლომდე მივიდა და მედიამაც გააშუქა.
ინდოეთში, დელიში მცხოვრებმა მოსწავლემ სკოლას ბომბის მუქარის ელფოსტა გაუგზავნა, მოგვიანებით პოლიციამ დაადგინა, რომ ეს გამოცდებისთვის თავის არიდების მცდელობა იყო.
პენსილვანიაში ასევე გაავრცელდა მუქარა, რომლის მიზანი, როგორც გამოძიებაში ითქვა, ფინალური გამოცდის ჩაშლა იყო.