რით შეიძლება დასრულდეს წამლისა და ალკოჰოლის ერთდროული მიღება - სპეციალისტი საუბრობს - მშობლები

რით შეიძლება დასრულდეს წამლისა და ალკოჰოლის ერთდროული მიღება - სპეციალისტი საუბრობს

2026-01-27 00:22:59+04:00

რამდენად სახიფათო შეიძლება იყოს ალკოჰოლის გამოყენება წნევის დამწევ საშუალებებთან მიმართებაში და რა უნდა გაითვალისწინონ იმ ადამიანებმა, რომლებიც ალკოჰოლური თრობის ფონზე, ტკივილგამაყუჩებლის მიღებას გადაწყვეტენ - თემაზე გადაცემაში "პირადი ექიმი მარი მალაზონია" ფარმაკოლოგი, თსსუ პროფესორი მაია ოკუჯავა საუბრობს:

-თავად ალკოჰოლი არტერიულ წნევას ცვლის. ალკოჰოლი წნევის მერყეობას იწვევს. უმეტესად, თავიდან, როდესაც დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მიღება ხდება, შეიძლება, წნევამ მოიმატოს, შემდეგ, ვინაიდან, კუნთების მარელაქსირებელი მოქმედება აქვს, გარკვეული პერიოდი შესაძლოა, წნევამ დაიკლოს. უმეტესად, მოგვიანებითი ეფექტი, თუნდაც მეორე დღეს, ისევ არტერიული წნევის მატებაა. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, წნევის დარეგულირება საჭიროა.

თუმცა, აქვე უნდა გვახსოვდეს, რომ წნევის დამწევი საშუალებები ძალიან ფრთხილად უნდა მოვიხმაროთ იმიტომ, რომ თუნდაც წნევის მწვავე დაქვეითებამ შეიძლება, ვარდნა, სისუსტე გამოიწვიოს და ტრავმებთანაც იყოს დაკავშირებული. ბუნებრივია, წნევის დარეგულირება აუცილებელია, მაგრამ აქაც ექიმის კონსულტაციით, თუ რომელი ჯგუფის პრეპარატია უმჯობესი. შეიძლება, გარკვეული ჯგუფის პრეპარატები მაინც უფრო მეტად შევიდეს ურთიერთქმედებაში და უფრო მეტი გვერდითი ეფექტი მოგვცეს. ვგულისხმობ შემთხვევას, როდესაც ადამიანს ალკოჰოლური თრობის ფონზე, წნევის სარეგულაციო წამალი სჭირდება. მან გადაწყვეტილება თვითნებურად არ უნდა მიიღოს.

ტკივილგამაყუჩებელს რაც შეეხება, აქაც შეიძლება, საინტერესო ურთიერთქმედება გამოვლინდეს. ალკოჰოლი, გარკვეულწილად, კუჭისა და კუჭ-ნაწლავის ლორწოვანის გამღიზიანებელია. ისევე, როგორც ზოგიერთი ტკივილგამაყუჩებელი, ასევე არასასურველად მოქმედებს. თუმცა, ბუნებრივია, იმ თერაპიული დოზებით, როგორც ვიყენებთ, გვერდითი ეფექტების განვითარების შესაძლებლობა მინიმუმამდეა დაყვანილი. მაგრამ, როდესაც ალკოჰოლთან ერთად ხდება მისი გამოყენება და მით უმეტეს, თუ მრავალჯერადია, ამანაც შეიძლება, ადგილობრივად კუჭისა და ნაწლავების გაღიზიანება გამოიწვიოს. ასევე, შეიძლება, კიდევ უფრო არასასურველი ეფექტები გამოიწვიოს. თუნდაც, ღვიძლის მოქმედებასთან დაკავშირებით, რაც ალკოჰოლსაც ახასიათებს და ზოგიერთ ტკივილგამაყუჩებელ საშუალებასაც.

აქედან გამომდინარე, ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების გადაჭარბებით მოხმარება, მით უმეტეს, ალკოჰოლის გამოყენების შემდეგ, სასურველი არ არის. ხშირად ხდება ხოლმე, რომ ადამიანს აწუხებს თავის ტკივილი, შეიძლება, ტემპერატურული რეაქცია იყოს. ამ შემთხვევაში, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მდგომარეობის კორექცია ყოველთვის გვჭირდება. აქაც სიფრთხილეა საჭირო. წამლები გადაჭარბებით არ უნდა გამოვიყენოთ.

5 მედიკამენტი, რომელთან ერთად ალკოჰოლის მიღება სახიფათოა