რა უნდა იცოდეთ, ვიდრე ლაზერულ კორექციას გაიკეთებთ? - ოფთალმოქირურგი შოთა თადუმაძე - მშობლები

რა უნდა იცოდეთ, ვიდრე ლაზერულ კორექციას გაიკეთებთ? - ოფთალმოქირურგი შოთა თადუმაძე

2026-01-27 13:55:00+04:00

მხედველობის ლაზერული კორექცია მეტად პოპულარული სამედიცინო მანიპულაციაა, რომელიც ახლომხედველობის, შორსმხედველობისა და ასტიგმატიზმის მოსაგვარებლად ტარდება.

„ლაზერული კორექცია აგვარებს რეფრაქციულ დარღვევებს ანუ მდგომარეობებს, როდესაც თვალი სინათლეს ბადურაზე სწორად ვერ აფოკუსირებს და ადამიანს მკაფიო მხედველობისთვის სათვალე ან კონტაქტური ლინზა სჭირდება,“ - განმარტავს „ნიუ ჰოსპიტალსის“ ოფთალმოლოგი, ოფთალმოქრირურგი შოთა თადუმაძე.

მისივე განმარტებით, პროცედურის მიზანი რქოვანას ფორმის შეცვლაა. შედეგად პაციენტი იღებს მკვეთრ, კონტრასტულ მხედველობას ყოველდღიურ ცხოვრებაში, რომელიც უმეტესწილად მთელი ცხოვრების განმავლობაში შენარჩუნდება.

ვის შეუძლია ლაზერული კორექციის ჩატარება?

ლაზერული კორექცია რეკომენდებულია რეფრაქციული პრობლემის მქონე ადამიანებისთვის, ვისაც სათვალისა და ლინზის გარეშე მკაფიო მხედველობის მიღება სურს. გასათვალისწინებელია გარკვეული შეზღუდვებიც. კორექცია არ ტარდება 18 წლამდე მოზარდებში, ასევე ორსულობისა და ლაქტაციის დროს. პროცედურის ჩატარება არ შეიძლება, თუ პაციენტს აქვს კერატოკონუსი გამოხატულად თხელი ან არათანაბარი რქოვანა, აქტიური ანთებითი ან ინფექციური დაავადებები.

ლაზერული კორექციისთვის მკვეთრად განსაზღვრული ასაკობრივი ზედა ზღვარი არ არსებობს.

რა კვლევები უტარდება პაციენტს ლაზერულ კორექციამდე და რამდენად პერსონალიზებულია ეს პროცედურა?

თანამედროვე ლაზერული კორექცია სრულად პერსონალიზებული პროცესია. თითოეული პაციენტი გადის დეტალურ დიაგნოსტიკას, რაც მოიცავს: რქოვანას ტოპოგრაფიასა და ტომოგრაფიას, სისქის და ბიომექანიკის შეფასებას, თვალის გარდატეხის ძალის ანალიზს, თვალის ზედაპირის და ბადურის კვლევას.

ამ მონაცემების საფუძველზე იგეგმება ინდივიდუალური აბლაციის პროფილი და ირჩევა ყველაზე შესაფერისი მეთოდი. „ნიუ ჰოსპიტალსში“ ეს მეთოდებია: Femto-LASIK, TransPRK ან SmartSight.

რა განსაზღვრავს პროცედურის წარმატებას და რა მნიშვნელობა აქვს თანამედროვე ტექნოლოგიებს უსაფრთხოებისა და შედეგების ხარისხის კუთხით?

წარმატებით ჩატარებული პროცედურისთვის თანამედროვე ტექნოლოგიებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. უახლესმა აპარატურამ ლაზერული კორექცია მნიშვნელოვნად უფრო ზუსტი და უსაფრთხო გახადა. „ნიუ ჰოსპიტალსში“ Carl Zeiss-ის ულტრათანამედროვე აპარტურას წელს დაემატა გერმანული კომპანია SCHWIND-ის პლატფორმა. ის მოიცავს:

  • SCHWIND ATOS - ფემტოწამიერი ლაზერი, რომელიც ქმნის რქოვანას იდეალურად ერთგვაროვან ანათალს. ეს ამცირებს ქსოვილის ტრავმას, გართულებების რისკს და აჩქარებს რეაბილიტაციას. იგი განსაკუთრებით საიმედიოა რთულ შემთხვევებში, როგორიცაა თხელი რქოვანა და მაღალი ასტიგმატიზმი.
  • AMARIS 1050 - ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი (1050 ჰერცი) ექსიმერ ლაზერი მსოფლიოში. მისი სისწრაფე და ალგორითმები უზრუნველყოფს გლუვ ოპტიკურ ზედაპირს და მაღალ კონტრასტს ღამის ხედვისას.
  • MS39 არის მაღალგარჩევადი კომპლექსური სკანერი, რომელიც ერთდროულად აფასებს რქოვანას წინა და უკანა ზედაპირს, ეპითელიუმის პროფილსა და სისქის განაწილებას მიკრონების დონეზე. ამ მონაცემების გარეშე თანამედროვე ლაზერული კორექციის დაგეგმვა წარმოუდგენელია. სწორედ MS39-ის დახმარებით ვავლენთ ფარულ რისკებს და ვწყვეტთ, რომელი მეთოდია ოპტიმალური: ფემტო-LASIK, surface ტექნიკა თუ SmartSight. სკანერი გვაძლევს საშუალებას პროცედურა დავგეგმოთ არა სტანდარტული შაბლონით, არამედ თითოეული თვალის უნიკალური ანატომიის მიხედვით.

აქვე გეტყვით, რომ საქართველოში პირველად სწორედ ჩვენთან შესრულდა SmartSight-ის უახლესი თაობის, მინიმალურად ინვაზიური პროცედურა. ეს ჩვენთვის საკმაოდ დიდი პროფესიული პასუხისმგებლობა გახლდათ.

რა არის SmartSight და რა უპირატესობა აქვს მას?

SmartSight არის ფემტო ლაზერზე დაფუძნებული ტექნოლოგია, რომელიც ტარდება მინიმალური ზომის განაკვეთით. მისი უპირატესობებია:

  • რქოვანას ბიომექანიკის მაქსიმალური შენარჩუნება;
  • მშრალი თვალის რისკის შემცირება;
  • სწრაფი და კომფორტული რეაბილიტაცია;
  • სტაბილური შედეგი მაღალი დიოპტრიების დროსაც.

პაციენტებისთვის პროცედურა საოცრად კომფორტული და მოსახერხებელია. მათ ფაქტობრივად მეორე დღიდან უბრუნდებათ მხედველობა. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო მშრალი თვალის სიმპტომების ნაკლებობა და რქოვანას სტაბილურობა. ეს მეთოდი რეალურად ცვლის წარმოდგენას ლაზერულ კორექციაზე და გვაძლევს სრულიად ახალ შესაძლებლობებს რთულ შემთხვევებშიც კი.

თქვენ აღნიშნეთ, რომ თხელი რქოვანას დროს ლაზერული კორექცია რეკომენდებული არ არის. რას ნიშნავს ეს და რა არის ამ დროს გამოსავალი?

თხელ რქოვანას შემთხვევაში პროცედურას განსაკუთრებული დაგეგმვა სჭირდება გართულებების თავიდან არიდების მიზნით. ასეთ შემთხვევებაში სწორედ SmartSight არის ყველაზე უსაფრთხო არჩევანი. Eye-tracking სისტემა ლაზერის მუშაობისას რეალურ დროში აკონტროლებს თვალის მიკრომოძრაობებს. პაციენტის მიერ თვალის უნებლიე გატოკების მიუხედავად, ლაზერის სხივი ყოველთვის ზუსტად სამიზნეში ხვდება.

რას ნიშნავს „შეხების გარეშე“ მკურნალობის ტექნოლოგია?

ეს მეთოდი მინიმუმამდე ამცირებს მექანიკურ ჩარევას. მოქმედება მხოლოდ ლაზერით სრულდება. ის გამორიცხავს იმ გართულებების რისკს, რომელიც შეიძლება ქირურგის მექანიკურ მოქმედებას მოჰყვეს. პროცედურის წარმატებას ამ შემთხვევაში ტექნოლოგიისა და ქირურგის გამოცდილების ერთობლიობა განსაზღვრავს.

რამდენად სწრაფად ხდება მხედველობის აღდგენა ლაზერული კორექციის შემდეგ?

Femto-LASIK-ის შემდეგ პაციენტების უმეტესობა გაუმჯობესებას მეორე დღიდანვე გრძნობს, SmartSight-ის შემთხვევაში კი აღდგენა კიდევ უფრო სწრაფი და კომფორტულია. საბოლოო სტაბილიზაციისთვის რამდენიმე კვირაა საჭირო. რაც შეეხება რეაბილიტაციას, ეს საკმოად მარტივი პროცესია და ის მოიცავს თვალის წვეთების გამოყენებას. დროებით იზღუდება სპორტული აქტივობა და წყლის პროცედურები.

R