თანამედროვე განათლების სტანდარტები დიდი ხანია გასცდა მხოლოდ სახელმძღვანელოდან ინფორმაციის მიღების ჩარჩოებს. ყველა მშობლისა და მასწავლებლის ოცნებაა, ბავშვს სწავლის პროცესი ისე უყვარდეს, როგორც თამაში. თუმცა, რეალობა ხშირად რთულია: დაღლილი პატარები, რუტინული დავალებები და გაჯეტებისკენ გაქცეული მზერა. სწორედ ამ გამოწვევის საპასუხოდ, გამომცემლობა „პალიტრა L“-მა პირველი და მეორეკლასელებისთვის ახალი, ინოვაციური დამხმარე სახელმძღვანელოები გამოსცა. ეს წიგნები დაეხმარება ბავშვებს წერა-კითხვის ათვისებაში არა დაძალებით, არამედ ინტერესით.
დამხმარე სახელმძღვანელოების შექმნაზე, ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ოთხი ავტორი მუშაობდა: ირინე იაშვილი; ლელა ქისტაური; ნინო მესხორაძე და ხათუნა რაზმაძე.
როგორ შეიძლება საგულდაგულოდ შერჩეულმა ტექსტებმა ბავშვს წერა-კითხვა შეაყვაროს? რატომ არის „თამაშით სწავლა“ ყველაზე მოკლე გზა კრიტიკული აზროვნებისკენ? ამ და სხვა აქტუალურ თემებზე განათლების სპეციალისტი და სახელმძღვანელოების თანაავტორი, ლელა ქისტაური გვესაუბრება.
როგორ ეხმარება ბავშვს დამხმარე სახელმძღვანელოები დაწყებითი კლასების ასაკში? რა ასაკიდანაა რეკომენდებული პატარების დაინტერესება გასართობ-შემეცნებითი წიგნებით?
წიგნიერების განვითარება არა დაწყებით კლასებში, არამედ ძალიან პატარა, შეიძლება ითქვას, თვეების ასაკიდან იწყება და, რაც უფრო მრავალფეროვანი რესურსი, წიგნიერი გარემო, მშობლების აქტიური ჩართულობა (წიგნების ერთად შეძენა, ერთად თვალიერება, კითხვა, წიგნის მიხედვით თამაში…) ექნება ბავშვს მცირე ასაკიდანვე, მით მეტად უადვილდება სკოლის ასაკში სწავლის პროცესი (და ნაკლებად ემუქრება გაჯეტდამოკიდებულება თავისი ნეგატიური შედეგებით…).
თუმცა, ისიც ვიცით, რამდენად რთულია დღეს მშობლებისთვის დროის გამონახვა მათი რეჟიმიდან გამომდინარე. დამხმარე სასწავლო რესურსების, დამხმარე სახელმძღვანელოების არსებობა ერთგვარი მხარდაჭერაა მათთვის ჩვენი მხრიდან. რეგულარულად მინიმალური დროის დათმობით უკვე მზა რესურსის გამოყენებით შეუძლიათ ბავშვებთან საინტერესოდ და პროდუქტიულად გაატარონ დრო.

ლელა ქისტაური
როგორ მუშაობდით ამ წიგნების შექმნაზე და როგორია მათი სპეციფიკა?
დამხმარე პაკეტის ავტორები, ჩვენ ყველა მოქმედი მასწავლებლები ვართ 20 წელზე მეტი გამოცდილებით სხვადასხვა, როგორც საერთაშორისო, ისე კერძო და საჯარო სკოლებში. გვიმუშავია მცირეკონტინგენტიან თუ მრავალრიცხოვან კლასებში დიფერენცირებული აკადემიური მოსწრების, წინარე გამოცდილების, განსხვავებული უნარების, საჭიროებებისა და მზაობის მოსწავლეებთან. პარალელურად ყოველთვის ვიყავით ჩართული განათლების სამინისტროს, მასწავლებლის სახლის და სხვა ორგანიზაციების მიერ განხორციელებულ საგანმანათლებლო პროექტებში ტრენერებად თუ სასწავლო რესურსების ავტორებად. განსაკუთრებით მინდა გამოვყო საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი (G-PriEd), რომელსაც განათლების სამინისტრო 600-მდე სკოლაში ახორციელებდა USAID-თან ერთად, რომლის საუკეთესო გაოცდილებაც აისახა ჩვენს წიგნებში.
ყველამ ვიცით, მასწავლებლობა შემოქმედებითი პროფესიაა გარკვეული მისიონერული ელემენტებით. სულ რაღაცას ქმნი და მერე სულ გინდა, ეს ვინმეს გაუზიარო, ვერ ითმენ. ის მუხტი, რაც შენმა მიგნებამ კონკრეტულ საკლასო სივრცეში, კონკრეტულ მიკროსოციუმში გამოიწვია, გინდა გაბევრდეს, გადაედოს სხვებსაც, გავრცელდეს და თან ამ შენი მიგნებით სხვებს დაეხმარო, გზა გაუკვალო, საქმე გაუმარტივო… ეს კრებულიც სწორედ ასეთი “ვერმოთმენის” შედეგია. ჩვენ ერთი მხრივ ავიღეთ საუკეთესო ქართული მიდგომა - მოსწავლეზე ორიენტირებულობა ამ სიტყვის გოგებაშვილისეული თუ უზნაძისეული გაგებით, შევუთავსეთ მას საერთაშორისო მიღწევები თუ ტენდენციები, ცალკეული მოკრძალებული ელემენტების სახით დავამატეთ ჩვენი უშუალო გამოცდილება და შევქმენით ფერადი, ლამაზი, საინტერესო რესურსი, სადაც ყველა ტექსტი სირთულის თვალსაზრისით სპეციალური პროგრამის/მთვლელის გამოყენებით მოსწავლეთა შესაძლებლობის მიხედვით არის შერჩეული.
“მთვლელის” პარალელურად ტექსტებს, ილუსტრაციებს და თვით ცალკეულ დავალებებსაც კი უამრავი ფილტრი აქვს გავლილი ფსიქოლოგებთან, მდგრადი განვითარების სპეციალისტებთან, რომ მაქსიმალურად ასაკისთვის შესაბამისი და აკადემიურად გამართული რესურსი შეგვექმნა. რა თქმა უნდა, ამ პროცესში მთელი გუნდი აქტიურად ვთანამშრომლობდით, ყოველდღიური კომუნიკაცია გვქონდა ილუსტრატორებთან, დიზაინერებთან, სხვა ტექნიკურ პერსონალთან.

თამაშით სწავლა რამდენად ეფექტურია და არის თუ არა ეს მეთოდი აპრობირებული და ეფექტური თანამედროვე მსოფლიო სტანდარტების მიხედვით?
დიდი ხანია გვესმის როგორც განათლების სფეროს წარმომადგენლების, ისე, ზოგადად, საკითხით დაინტერესებული ადამიანებისგან ფრაზები: “თამაშით სწავლება”, “კეთებით სწავლება”, “პროექტებით სწავლება”... ეს ტერმინები ერთმანეთისგან განსხვავდება, თუმცა გარკვეულწილად ფარავს კიდეც ერთიმეორეს. და, მართალია, უმეტესად დადებით კონტექსტში ახსენებენ ამ ფრაზებს, თუმცა ზოგჯერ შედარებით კონსერვატორულად განწყობილი ადამიანები, ვისთვისაც სწავლის პროცესი ცალსახად რუტინულ და სწორხაზოვან წვრთნას ნიშნავს, ფრთხილობენ კიდეც, განსაკუთრებით სიტყვა “თამაშთან” მიმართებით და სწავლის/შრომის/გარჯის/სიბეჯითის ანტონიმადაც მოიხსენიებენ ხოლმე... მაგრამ როდესაც განათლების სპეციალისტები თამაშით სწავლებას ვახსენებთ, ჩვენ არა სტიქიურად მიშვებულ გართობას, არამედ სპეციალურად შექმნილ, მკაფიოდ სტრუქტურირებულ, მიზანმიმართულად შედგენილ სასწავლო აქტივობებზე ვსაუბრობთ, რომელსაც აქვს სასწავლო მიზანი/მიზნები, რა თქმა უნდა, ითვალისწინებს რუტინის ელემენტებსაც, მაგრამ საბოლო შედეგი მაინც სახალისო და მრავალფეროვანი ფორმით მიიღწევა.
ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს თუ გადავხედავთ (გნებავთ ახალ, გნებავთ წინა ვერსიებს), დავინახავთ, რომ სკოლის დასრულების შემდეგ გვსურს მივიღოთ მოქალაქე, ვინც აღჭურვილია უამრავი სხვადასხვა ძალიან მნიშვნელოვანი უნარით, მათ შორის: “ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ღირებულებების მქონე, ტოლერანტი, ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარის მქონე, დამოუკიდებელი ცხოვრებისა და გაცნობიერებული პერსონალური გადაწყვეტილებების მისაღებად მომზადებული, მოაზროვნე, მაძიებელი, ახლის შემოქმედი, ინფორმირებული და პასუხისმგებლობიანი” და სხვ. ცხადია, ეს არასრული ჩამონათვალია. ამ უნარების განვითარება ვერ მოხდება მხოლოდ თეორიული ცოდნის პასიური გადაცემით. სკოლის პერიოდში ბავშვებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, თეორიულ ცოდნასთან ერთად მიიღონ მნიშვნელოვანი პრაქტიკული გამოცდილება რეალობასთან მიმსგავსებული როლური თამაშებით/აქტივობებით. არაერთ საგანმანათლებლო სივრცეში ნახავთ თვალსაჩინო ადგილას კონფუცის გამონათქვამებს ეფექტიან/შედეგიან სწავლებაზე, კეთებით თუ მიბაძვით სწავლის სიკეთეზე… სწორედ ეს უნდა შევთავაზოთ ბავშვებს - საინტერესო, აკადემიურად გამართული, სახალისო აქტივობებით დატვირთული პროცესი, სადაც ისინი მნიშვნელოვან გამოცდილებას მიიღებენ.

იყენებთ თუ არა პირადად თქვენ სკოლაში დამხმარე სახელმძღვანელოებს? რა სახის აქტივობებს აწყობთ და რამდენად მოსწონთ ბავშვებს?
დამხმარე სახელმძღვანელოებში გამოყენებულ მასალებსა და აქტივობებს ჯერ კიდევ იმ დროს ვიყენებდით სწავლების პროცესში, ვიდრე ისინი მატერიალური სახით - ასე ერთად თავმოყრილი და სტრუქტურირებული სახელმძღვანელოს ფორმით იარსებებდა. რა თქმა უნდა, მასალების დამხმარე პაკეტად თავმოყრამ ბევრად გაამარტივა მასწავლებლის საქმიანობა.
ამ წიგნების წყობა ასეთია: თითოეული თავის დასაწყისში უკვე დაანონსებულია მცირე საგანმანათლებლო-შემოქმედებითი პროექტი, რომლისკენაც ნაბიჯ-ნაბიჯ მიგვყავს ბავშვები დამხმარე დავალებების შესრულებით და რომელსაც თემის დასრულების შემდეგ ვახორციელებთ. ეს შეიძლება იყოს მკითხველის თეატრის გამართვა უმცროსკლასელთათვის, ხელნაკეთი წიგნის დამზადება და წარდგენა, გარემოსდაცვითი კლუბის ჩამოყალიბება, საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვის ორგანიზება…
თანამედროვე ბავშვებს ვხედავთ, როგორი დამოუკიდებლები, კრიტიკულები, აქტიურები არიან. რა თქმა უნდა, მოსწონთ მსგავს აქტივობებში მონაწილეობა. უკეთ ხედავენ საკუთარ შესაძლებლობებს, პირად რესურსებს, თვითგამოხატვის ფორმებსა თუ საშუალებებს, საქმიანად იხარჯებიან.
კონკრეტულად რაში დაეხმარება ეს სახელმძღვანელოები 1-ელ და მე-2 კლასელებს? რა უნარების განვითარებას უწყობს ხელს?
ჩვენი წიგნები ბავშვს ბუნებრივად, ძალდაუტანებლად, ხალისით, თამაშით ასწავლის ფიქრს, თანამშრომლობას, პასუხისმგებლობის აღებას, ტრადიციების დაცვა-შენარჩუნებას, უფროსი თაობის ადამიანების პატივისცემას, ზრუნვას, ემპათიას, განსხვავებულის მიმღებლობას; აყვარებს სწავლას, უყალიბებს სწორ თვითშეფასებას, ეხმარება თვითგამორკვევაში, უვითარებს კრიტიკული აზროვნების, შემოქმედებით თუ მეტაკოგნიტურ უნარებს, უშენებს სწორ ღირებულებათა სისტემას, აძლევს შესაძლებლობას, მოსინჯოს საკუთარი ძალები სხვადასხვა პროფესიაში სიმულაციური თუ როლური თამაშების სახით, იცავს მომავალში ინფანტილიზმისგან… ამზადებს რეალური ცხოვრებისთვის.
ახალი სასწავლო რესურსების შეძენა შესაძლებელია „პალიტრა L-ის“ვებგვერდზეონლაინ და „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში მთელი საქართველოს მასშტაბით.
R