ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის სამედიცინო დირექტორი, მაია ჩხაიძე, გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო” საუბრობს, რატომ ჯობს, ადამიანმა ჩუტყვავილა ბავშვობაში გადაიტანოს, რა შემთხვევაშია ვაქცინა ეფექტური და როდისაა ადამიანი გადამდები:
- დაავადებების ჯგუფს - წითელას, წითურას, ყბაყურას, ჩუტყვავილას, "ბავშვთა დაავადებებს" ეძახიან. იმიტომ, რომ სასურველია, ვიდრე ბევრი ქრონიკული დაავადება, რომლებიც წლების განმავლობაში გვიგროვდება, ჩამოყალიბდება, ეს დაავადებები ბავშვთა ასაკში გადაიტანონ. ადრე ასე მიაჩნდათ: ბავშვი, რომელსაც "ბატონები" დაემართებოდა, ანგელოზის რჩეული იყო. ამიტომ, მშობლები ცდილობდნენ, რომ თავიანთი შვილები მიეყვანათ ასეთ ბავშვებთან, რომ მათაც დამართოდათ. ეს მთლად გამართლებული არ არის, მაგრამ მაშინ ცდილობდნენ, რომ ბავშვობის ასაკში მოეხადათ.
რასაკვირველია, ძალიან პატარა ასაკში სასიამოვნო არ არის. მით უმეტეს, აცრა 12 თვიდან შეიძლება. წლამდე ასაკში არ არის სასურველი, ბავშვს ჩუტყვავილა დაემართოს იმიტომ, რომ აცრასაც ვერ ჩავატარებთ. ერთ ბავშვს თუ მაინც ექნება, ისეთი გადამდებია, თითქმის ყველას ემართება ხოლმე.
თუ ბაღსა და სკოლაში ჩუტყვავილას შემთხვევა დაფიქსირდა, ამ დროს ინფორმაცია მშობლების ჯგუფში აუცილებლად უნდა გავრცელდეს. კონტაქტიდან პირველი 5 დღის განმავლობაში, ვაქცინაცია უნდა მოხდეს. ეს ბავშვს გართულებისგან დაიცავს და დაავადების მსუბუქად მიმდინარეობა გარანტირებული გვაქვს.
ერთი წლიდან 1,5 წლამდე პირველი დოზა ეძლევათ, მეორე 4-დან 6 წლამდე ასაკში, როცა მოგვიხერხდება. ვაქცინის შეყვანის შემდეგ, 2 კვირა გვჭირდება, რომ სრული იმუნიტეტი ჩამოგვიყალიბდეს, მაგრამ 5 დღეში ანტისხეულების გამომუშავებას ასწრებს. ინკუბაციური პერიოდი, რომელიც სხვა დაავადებების შემთხვევაში, 10-დან 21 დღემდეა, ჩუტყვავილას შემთხვევაში, ინკუბაციური პერიოდი, საშუალოდ, 10-14 დღეა. თანაც, კოლექტივებში ხშირად გადადება იმიტომ ხდება, რომ პირველი 48 საათი, როგორც წესი, მშობელმა და ექიმმა არ იცის, არის თუ არა ეს ჩუტყვავილა. იწყება უმადობით, სისუსტით, ბავშვი მოდუნებულია, შეიძლება, სუბფებრილური ტემპერატურა ჰქონდეს, მაგრამ გამონაყარი არ არის. გამონაყარი რომ გაჩნდება, მერე ვხვდებით, რომ ჩუტყვავილაა. ბავშვი პირველ 48 საათშიც გადამდებია.
იხილეთ გადაცემა სრულად: