საქართველოს მთავრობამ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია დაამტკიცა.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს ზოგადი განათლების სისტემა კომპლექსური გამოწვევების წინაშე დგას და არსებული სისტემა სრულად ვერ უზრუნველყოფს ისეთი განათლების მიწოდებას, რომელიც მოსწავლეს ჩამოაყალიბებს სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, პასუხისმგებლობის მქონე, კონკურენტუნარიან მოქალაქედ.
დოკუმენტში გამოყოფილია ის საკითხები, რომლებსაც განათლების სამინისტრო გამოწვევად ხედავს და მომდევნო წლების განმავლობაში გაუმჯობესებას გეგმავს. მათ შორისაა, საგანმანათლებლო პროგრამის შინაარსი, სასწავლო რესურსები, მასწავლებლების კვალიფიკაცია და სხვა.
როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, ზოგადი განათლების შინაარსის განვითარების პროცესში სასწავლო პროგრამების რეფორმის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება ფუნდამენტური საგნების სწავლების გაძლიერება იქნება. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება ჰუმანიტარულ მეცნიერებებზე, ვინაიდან ისინი ასრულებენ ძირითად როლს ეროვნული თვითმყოფადობის, ისტორიული მეხსიერებისა და სახელმწიფოებრივი ცნობიერების ჩამოყალიბებაში. სახელმწიფო ენის სწავლება გახდება არა მხოლოდ ლინგვისტური უნარების, არამედ კულტურული აზროვნებისა და მოქალაქეობრივი თვითშეგნების განმტკიცების მექანიზმი. საკვანძო მიმართულება ასევე იქნება ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების – მათემატიკის, ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის – სწავლების გაძლიერება.
სკოლის დაწყებით საფეხურზე (I-VI კლასები) მოსწავლეებში ჩამოყალიბდება კითხვის, წერისა და მათემატიკური აზროვნების საფუძვლები. სკოლის საბაზო საფეხურზე (VII-IX კლასები) სწორად გადანაწილდება სასწავლო პროგრამის შინაარსი და ჭარბი აკადემიური დატვირთვა ჩანაცვლდება ინტერაქციული სწავლითა და მრავალფეროვანი გამოცდილების მიღებით, რაც 9 წლის განმავლობაში სრულად უზრუნველყოფს ფუნდამენტური კომპეტენციების განვითარებას. სკოლის საშუალო საფეხურზე (X-XI კლასები) სასწავლო პროგრამები გახდება მიზანმიმართული, პროფილური სწავლების პრინციპზე დაფუძნებული და სინქრონიზებული აკადემიურ და პროფესიულ მოთხოვნებთან.
ეროვნული გამოცდები სრულ თანხვედრაში მოვა ეროვნული სასწავლო გეგმის სასწავლო შინაარსთან. ამ პროცესის მხარდასაჭერად, XI კლასში უზრუნველყოფილი იქნება სკოლაში ორგანიზებული რეპეტიტორიუმი, რაც საშუალებას მისცემს მოსწავლეებს, სრულფასოვნად მოემზადონ ეროვნული გამოცდებისთვის. აღნიშნული სიახლე შეეხება იმ მოსწავლეებს, რომლებიც XI კლასს დაასრულებენ 2027-2028 სასწავლო წელს.
ამასთან, XII კლასის შესაძლებლობა დარჩება ნებაყოფლობითი იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც დამატებით მოისურვებენ აკადემიური მზადყოფნის განმტკიცებას. XII კლასში სწავლა წარიმართება წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე, რაც უზრუნველყოფს პროცესის მორგებას მოსწავლეთა ინტერესებსა და საჭიროებებზე, ხოლო სკოლებს მისცემს შესაძლებლობას, ეფექტიანად დაგეგმონ საგანმანათლებლო და ადამიანური რესურსი.
იგეგმება სასკოლო სახელმძღვანელოების ძირეული გადახედვა და ყველა სკოლისთვის ერთიანი კონცეფციის შემუშავება. როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, ერთი სახელმძღვანელოს პრინციპის შემოღება უზრუნველყოფს რამდენიმე მნიშვნელოვან შედეგს ქვეყნის ზოგადი განათლების სისტემისთვის − გარანტირებულად გაზრდის ხარისხიან საგანმანათლებლო რესურსებზე თანაბარ ხელმისაწვდომობას, გაამარტივებს მოსწავლის ადაპტაციას მობილობის პროცესში, უზრუნველყოფს განათლების საფეხურებსა და საგანთა შორის ძლიერ კავშირებს.
მოსწავლე პირველ კლასში ჩარიცხვას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ მას 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდა 6 წელი. ასევე, დამატებითი ცვლილება იქნება პირველკლასელთა რეგისტრაციის პროცესში. კერძოდ, საყოველთაო რეგისტრაციის ეტაპის დაწყებამდე, ბავშვის ჩარიცხვა განხორციელდება სარეგისტრაციო მისამართის მიხედვით. 2026-2027 სასწავლო წლის პირველკლასელთა რეგისტრაციისას აღნიშნული დამატებითი ეტაპი მხოლოდ დიდ ქალაქებს შეეხება, ხოლო მომდევნო პერიოდებიდან ყველა სკოლას მოიცავს.
როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, სკოლებში ჩამოყალიბდება საბაზისო თანამედროვე ინფრასტრუქტურული სტანდარტი, რომელიც მოიცავს: სრულად აღჭურვილ ლაბორატორიებს, გამართულ სპორტულ ინფრასტრუქტურას, ბიბლიოთეკებს, კვების ობიექტებს, არაფორმალური განათლებისთვის კეთილმოწყობილ სივრცეებს, სრულად ადაპტირებულ გარემოს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება საკლასო ოთახების აღჭურვაზე თანამედროვე ტექნოლოგიებითა და ინტერაქტიური, მრავალფეროვანი რესურსებით.
დოკუმენტში წერია, რომ სწავლაზე ორიენტირებული გარემოს უზრუნველსაყოფად სკოლებში შემუშავდება მობილური ტელეფონების გამოყენების წესი, რომლის მიზანია მოსწავლეთა კონცენტრაციის გაძლიერება, კომუნიკაციისა და ქცევის უფრო ჯანსაღი მოდელის ჩამოყალიბება და სასწავლო პროცესის უწყვეტობის დაცვა. უსაფრთხო სასკოლო გარემოს უზრუნველსაყოფად, ბულინგის პრევენციის მიზნით, რეგულარულად განხორციელდება საინფორმაციო კამპანიები მოსწავლეთა ცნობიერების ასამაღლებლად, აგრეთვე, მასწავლებლებს მეტი ინტენსივობით ჩაუტარდებათ შესაბამისი გადამზადება ბულინგის შემთხვევების იდენტიფიცირებისა და კონკრეტულ სიტუაციებში სათანადო რეაგირებისთვის. გაიზრდება მანდატურების, ფსიქოლოგებისა და სოციალური მუშაკების რაოდენობა და ყველა სკოლა უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი სერვისით.
2026-2027 სასწავლო წლიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასები) მოსწავლეებისთვის სავალდებულო გახდება სასკოლო ფორმის ტარება. დოკუმენტში წერია, რომ სასკოლო ფორმა ხელს შეუწყობს სწავლაზე ორიენტირებული გარემოს შექმნას, სასწავლო დაწესებულების მიმართ მიკუთვნებულობის განცდას, მოსწავლეთა შორის სოციალური და ეკონომიკური განსხვავებების ვიზუალურად გამოხატვის შესაძლებლობის შემცირებას.
დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხრიდან მეტი ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით, 2026 წლიდან დაიგეგმება მშობლებთან პირდაპირი შეხვედრების ციკლი, რაც უზრუნველყოფს მეტ ღიაობას, გამჭვირვალობასა და მოქნილი რეაგირების მექანიზმების შემუშავებას.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
თამარ იაკობაშვილი