„პალიტრა L“-ის ყველასთვის კარგად ნაცნობი საქველმოქმედო აქცია - „გადაიხადე რამდენიც გინდა“ იწყება: ამჯერად, საზოგადოების დახმარებას ომგამოვლილი ტირძნისის საჯარო სკოლა საჭიროებს - #ერთადგანათლებისთვის - მშობლები

„პალიტრა L“-ის ყველასთვის კარგად ნაცნობი საქველმოქმედო აქცია - „გადაიხადე რამდენიც გინდა“ იწყება: ამჯერად, საზოგადოების დახმარებას ომგამოვლილი ტირძნისის საჯარო სკოლა საჭიროებს - #ერთადგანათლებისთვის

2026-01-28 21:19:39+04:00

გამომცემლობა „პალიტრა L“ ტრადიციულ საქველმოქმედო აქციას - „გადაიხადე რამდენიც გინდა“ კვლავ აანონსებს. კამპანია, რომელიც რეგულარულად ტარდება და სხვადასხვა კეთილშობილურ მიზანს ემსახურება, ამჯერად ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარედ, სოფელ ტირძნისის საჯარო სკოლის გაძლიერებას ისახავს მიზნად.

ტირძნისის საჯარო სკოლა მხოლოდ საგანმანათლებლო დაწესებულება არ არის - ის ომის დროს გამოჩენილი ოთხი ქალის გმირობის სიმბოლოა. სკოლა სამ სოფელს (ტირძნისს, ბროწლეთსა და თერგვისს) ემსახურება, თუმცა წლებია რთული გამოწვევების წინაშე დგას.

2008 წლის აგვისტოს ომის დროს, როდესაც რუსმა სამხედროებმა სკოლის შენობას ცეცხლი წაუკიდეს, ოთხმა ადგილობრივმა ქალბატონმა (მარინე ნებიერიძემ, ნათელა გოგინაშვილმა, სვეტლანა მაისურაძემ და ნანული ნათაძემ) საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, შიშველი ხელებით ჩააქრეს ხანძარი და შენობა განადგურებას გადაარჩინეს. ომამდე სკოლაში 586 მოსწავლე სწავლობდა, გახიზვნის შემდეგ კი უკან მხოლოდ 320 დაბრუნდა, რამაც სკოლას დიდი ფინანსური ზიანი მიაყენა. მასწავლებელთა ნაწილმა სამსახური დაკარგა.

მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო სკოლას ბაზისურ ხარჯებში ეხმარება, შენობას უსაფრთხოების სისტემების მოწყობა და განვითარებისთვის დამატებითი რესურსები ესაჭიროება.

აქციის „გადაიხადე რამდენიც გინდა“ ფარგლებში, მკითხველს ეძლევა შესაძლებლობა, შეიძინოს სამი წიგნიდან ნებისმიერი (დეიმონ გალგუტის „პირობა“; თეონა დოლენჯაშვილის „ექსპედიცია“; მარიამ წიკლაური „ჩვენი სახლი“), მათთვის სასურველ ფასად. ანუ, გადაიხადოს ზუსტად იმდენი, რამდენის საშუალებაც აქვს, რამდენად სურს დაეხმაროს სკოლას, ან რამდენადაც აფასებს კონკრეტულ გამოცემას. აქციიდან შეგროვილი თანხა ტირძნისის სკოლის საჭიროებებს მოხმარდება.

ჩაერთეთ აქციაში 30 იანვრიდან, შეიძინეთ სასურველი წიგნები თქვენივე დაწესებული ფასით და გახდით იმ დიდი საქმის ნაწილი, რომელიც ომგამოვლილი სკოლის მოსწავლეებისთვის ღირსეული გარემოს შექმნას ემსახურება.

შეიძინე წიგნი იმ ფასად, რაც შენთვის მისაღებია.

  • 10 ლარამდე გადახდილი თანხის 10% მოხმარდება ქველმოქმედებას;
  • 10 ლარზე მეტი გადახდილი თანხა კი სრულად გადაერიცხება სოფელ ტირძნისის სკოლას;
  • ერთ მომხმარებელზე გაიცემა მხოლოდ ერთი წიგნი.

აქცია იწყება 30 იანვარს და გაგრძელდება მარაგის ამოწურვამდე.

R