რა განსხვავებაა სახელმწიფო პენსიასა და დაგროვებით პენსიას შორის, როგორ გადანაწილდება დაგროვებითი პენსია მას შემდეგ, რაც საპენსიო ასაკს მივაღწევთ და დაგროვებითი პენსიის გამოყენების შემდეგ, სახელმწიფო პენსიით სარგებლობის უფლება გვექნება თუ არა - აქტუალურ შეკითხვებზე იურისტი, სამართლის ასოცირებული პროფესორი, თამარ კერძაია გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" საუბრობს:
- დღეს არსებული კანონმდებლობით, სახელმწიფო პენსია ფიქსირებულია. სახელმწიფო პენსიას ყველა ადამიანი იღებს იმის მიუხედავად, მუშაობდა თუ - არა. ეს ფიქსირებული პენსიაა.
დაგროვებითი პენსია, რომელიც ხელფასიდან გვეჭრება - 2%-ს ჩვენ ვიხდით, 2-ს დამსაქმებელი, 2-ს კი სახელმწიფო, ფიქსირებული პენსიისაგან დამოუკიდებელი სქემაა.
როდესაც საპენსიო ასაკი მოგვივა, (თუ ხელფასიდან თანხა გვეჭრებოდა) ორივე პენსიას მივიღებთ - როგორც ფიქსირებულს, ისე დაგროვებით პენსიას. კანონით, ფიქსირებული პენსია ყოველ წელს უნდა გაიზარდოს. შესაბამისად, პენსიაც უფრო მაღალი იქნება.
დაგროვებითი პენსია წლებზე ნაწილდება. თუმცა, საინტერესოა, როგორ ნაწილდება. სტატისტიკის ეროვნული სამსახური ყოველ წელს სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობას ადგენს. იმ დროს, როდესაც ჩვენ პენსიაზე გავალთ, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა იქნება დადგენილი. ვთქვათ, იმდროისთვის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობად 90 წელია დადგენილი, ჩვენ კი 60 წლის ვართ. მოსალოდნელი სიცოცხლის 30 წელი გვაქვს. ჩვენ მიერ დაგროვებული თანხა, მაგალითად, თუ დაგროვილი გვაქვს 60 ათასი ლარი, 30 წელიწადზე გადანაწილდება. წელიწადში 2 ათასი ლარი გამოდის, თვეში, დაახლოებით, 166-167 ლარი გამოვა. თუ უფრო დიდხანს ვიცოცხლებთ, ვიდრე სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობაა დადგენილი, შესაბამისად, მხოლოდ სახელმწიფო პენსიაზე გადავალთ, რომელსაც ისედაც ვიღებდით.
ადამიანებს, რომლებიც არ მუშაობენ და არც უმუშავიათ და საპენსიო ასაკი შეუსრულდებათ, თავისთავად ცხადია, რომ მათ დაგროვებითი პენსია არ ექნებათ. დაგროვებითი პენსიის იდეა არის ის, რომ ხელფასიდან გარკვეული თანხა გვეჭრება. ასეთ შემთხვევაში, ისინი მხოლოდ სახელმწიფო პენსიით განსაზღვრულ თანხას მიიღებენ.
იქიდან გამომდინარე, რომ დაგროვებითი პენსიის სქემა დასაქმებულის ხელფასიდან ჩამოჭრის პრინციპით მუშაობს, თუ პირი ოფიციალურად არ არის დასაქმებული, კანონის თვალსაწიერით, დასაქმებული არ არის. შესაბამისად, 2% ფიზიკურად ვერ ჩამოეჭრება, ვერც დამსაქმებელი დაუმატებს 2% და ვერც - სახელმწიფო. თუმცა, მაგალითად, დიასახლისს, ძიძას, შეუძლია, დამსაქმებელს მოსთხოვოს, რომ თანამშრომლობა ოფიციალურად გააფორმოს. შესაბამისად, აღნიშნული ბენეფიტებით ისარგებლებს. თუ ამის სურვილი არ აქვს და არაფორმალურად დასაქმებული დარჩება, მაშინ, როდესაც საპენსიო ასაკს მიაღწევს, ექნება სახელმწიფო პენსია და არ ექნება დაგროვებითი პენსია.
- დღეს არსებული კანონმდებლობით, დაგროვებითი პენსიის წინასწარ ან ერთჯერადად გამოტანა არ შეიძლება, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა. ეს გამონაკლისი შემთხვევებია:
პირველი, როდესაც პირი საქართველოს მოქალაქეობას კარგავს, ან უარს ამბობს საქართველოს მოქალაქეობაზე ან კიდევ ბინადრობის უფლებას კარგავს. ასეთ შემთხვევაში, მას უფლება აქვს, დაგროვებითი პენსიის ერთჯერადად სრულად გატანა მოითხოვოს.
მეორე, თუ საპენსიო ასაკამდე ადამიანს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი დაუდგინდა, ამ შემთხვევაში, შეუძლია, დაგროვებითი პენსიის გატანა დაიწყოს. თუმცა, არა ერთჯერადად, არამედ განაწილების პრინციპით. პირობითად, თუ ადამიანი 50 წლის ასაკში გახდა შშმ პირი, 50 წლიდან დაგროვებითი პენსიით სარგებლობას დაიწყებს.
-საპენსიო დანაზოგი ჩვენი საკუთრებაა. თუ პირი საპენსიო ასაკის მიღწევამდე ან საპენსიო ასაკში გარდაიცვალა მანამ, სანამ თავისი საპენსიო აქტივები ამოწურა, მთელი ეს თანხა მემკვიდრეს გადაეცემა. მემკვიდრეს 2 არჩევანი აქვს: თანხა ერთიანად გამოიტანოს ან თავის საპენსიო აქტივებში გადაიტანოს და იმ სქემაში ჩართოს, რომელშიც თავადაა ჩართული - თავის საპენსიო დანაზოგს დაამატოს.
- ფული ყოველწლიურად გარკვეული რაოდენობით ღირებულებას კარგავს. ბუნებრივია, დღეს არსებული თანხა 20 წლის შემდეგ იგივე ღირებულების არ იქნება, როგორიც დღეს არის. როგორც სხვა ცივილურ ქვეყნებში, ჩვენთანაც შემდეგი პრინციპი მოქმედებს: ის, რასაც ჩვენი ხელფასიდან გავიღებთ, სახელმწიფოსა და დამსაქმებლის დამატებით მაშინვე სამმაგდება. გარდა ამისა, ეს თანხა სადღაც სეიფში კი არ დევს და კი არ ელოდება, როდის გავხდებით საპენსიო ასაკის. ამ თანხას ერიცხება სარგებელი.
იხილეთ გადაცემა სრულად: