19 წლის ბიჭის სასოწარკვეთილი ნაბიჯი და 5-დღიანი მოგზაურობა ხის ყუთით, რამაც მსოფლიოში გაუთქვა სახელი - ბრაიან რობსონის უცნაური ამბავი - მშობლები

19 წლის ბიჭის სასოწარკვეთილი ნაბიჯი და 5-დღიანი მოგზაურობა ხის ყუთით, რამაც მსოფლიოში გაუთქვა სახელი - ბრაიან რობსონის უცნაური ამბავი

2026-01-31 10:25:17+04:00

1960-იანი წლების შუა პერიოდში ოკეანის გადაღმა სატელეფონო ზარები უზარმაზარი თანხა ღირდა, საჰაერო მგზავრობა ფუფუნება იყო, ემიგრაცია კი ხშირად წარსული ცხოვრების ბოლო აკორდად ითვლებოდა. თუმცა, ამ სტატიის მთავარი გმირის შემთხვევაში, ეიფორია, უკეთესი მომავლის სურვილი მალევე სასოწარკვეთამ ჩაანაცვლა.

19 წლის უელსელმა ბიჭმა გადაწყვიტა, ავსტრალიაში სამუშაოდ წასულიყო. მას იმედი ჰქონდა, რომ ახალ ქვეყანაში გაცილებით უკეთეს ანაზღაურებას მიიღებდა, კარგ თანხას დააგროვებდა, ახალ ადამიანებს გაიცნობდა და შემდეგ საკუთარ ქვეყანაში უზრუნველად იცხოვრებდა. სამწუხაროდ, მოლოდინი რეალობას არ შეესაბამებოდა…

ბრაიან რობსონის ეს ნაბიჯი თავგადასავლების წყურვილით კი არა, გადაუდებელი საჭიროებით იყო განპირობებული. უელსში ის ავტობუსის კონსტრუქტორად მუშაობდა და მისი ანაზღაურება იმდენად დაბალი იყო, რომ ვერაფერს ყიდულობდა. თავისუფალ დროს გაზეთებს კითხულობდა და შესაბამის ვაკანსიებს ეძებდა. მან RV-გან, კომპანიისგან, რომელიც ავსტრალიის შტატ ვიქტორიაში რკინიგზის მიმოსვლის უმეტეს ნაწილს აკონტროლებდა, სამსახურის შეთავაზება მიიღო. პირობები და ანაზღაურება, ერთი შეხედვით, გაცილებით უკეთესი იყო. ამიტომ, 19 წლის ბიჭმა გადაწყვიტა, ავსტრალიაში წასულიყო. 1964 წელს ის თვითმფრინავში ავიდა და ფიქრობდა, რომ ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლას მოახერხებდა.

ჩასვლიდან პირველივე დღეს ბრაიანმა გააცნობიერა, რომ რეალობა მისი ოცნებებისგან შორს იყო. დამსაქმებლის მიერ მიწოდებული საერთო საცხოვრებელი დანგრეული და მიტოვებული აღმოჩნდა. მეგობრული მეზობლების ნაცვლად, მას ვირთხები, ტარაკნები და ნესტის სუნიანი ოთახი დახვდა. ავეჯი - დამტვრეული და სრულიად არაკომფორტული. სამსახურშიც საკმაოდ მძიმე საქმე უნდა შეესრულებინა. უცხო ქვეყანა, უცნობი კლიმატი, მხარდაჭერისა და მომავლისადმი ნდობის ნაკლებობა ბრაიანს მოტივაციას უკარგავდა. ამიტომ, დროთა განმავლობაში, 19 წლის ბიჭმა გადაწყვიტა, უელსში, საკუთარ სახლში, ნებისმიერ ფასად დაბრუნებულიყო.

braian-robsoni-2-1769668146.jpg
ბრაიან რობსონი

როგორც აღვნიშნეთ, იმ პერიოდში საჰაერო ფრენები დიდ ფუფუნებად ითვლებოდა. ბრაიანს ის თანხაც კი აღარ ჰქონდა, რაც ჩასვლისას. ახალგაზრდა ბიჭი იძულებული გახდა, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, სახლში მაინც დაბრუნებულიყო.

braian-robsoni-3-1769668176.jpg
ბრაიან რობსონი

"გაქცევა ყუთით" - ასე დაარქვა მან წიგნს, რომელიც ამ წარმოუდგენელი მოგზაურობიდან მრავალი წლის შემდეგ დაწერა და მკითხველს საკუთარი თავგადასავლის შესახებ დეტალურად მოუყვა...

რკინიგზის ბილეთი 40 ფუნტი იყო, ბრიტანეთში თვითმფრინავის ბილეთი, დაახლოებით, 700 ღირდა. ახალგაზრდა ემიგრანტისთვის, რომელსაც დანაზოგი არ ჰქონდა, ეს მიუწვდომელი თანხა იყო. ამიტომ, ბიჭმა "გაქცევის" გეგმა შეიმუშავა. საერთო საცხოვრებელში ბრაიანი ორ ემიგრანტს - პოლსა და ჯონს დაუახლოვდა. ერთ დღეს ბიჭები ერთად წავიდნენ სავაჭრო გამოფენაზე, სადაც ბრაიანის ყურადღება ბრიტანული სატრანსპორტო კომპანიის სტენდმა მიიპყრო. მასზე განთავსებული წარწერა აშკარად მინიშნება გახლდათ: „ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერი ნივთის გადატანა ნებისმიერ ადგილას."

braian-robsoni-5-1769668214.jpg
ბრაიან რობსონი

ფრაზამ მისი ყურადღება მიიპყრო და ბიჭმა საერთაშორისო გადაზიდვების წესების, დასაშვები ზომებისა და წონის, საჭირო დოკუმენტების და იმის გარკვევა გადაწყვიტა, შესაძლებელი იყო თუ არა, ტვირთის ფასი ბრიტანეთში ჩატანის შემდეგ გადაეხდევინებინათ და არა წინასწარ. კომპანიაში განუცხადეს, რომ თუ ბრაიანი ავსტრალიიდან ყუთით "ტვირთს" ბრიტანეთში გააგზავნიდა, მას შეეძლო, თანხა წინასწარ არ გადაეხადა და ადგილზე ჩატანის შემდეგ აენაზღაურებინა. მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ეს "ტვირთი" თავად იყო.

ბრაიანმა ორ მეგობართან ერთად ხის ყუთი შეკრა. შიგნით აუცილებელი ნივთები, წყალი, ცოტაოდენი საკვები და ფანარი ჩადეს. შემდეგ 19 წლის ბიჭი ყუთში ჩავიდა. მისმა მეგობრებმა კი თავი ლურსმნებით აჭედეს და ჩვეულებრივ ტვირთად დაარეგისტრირეს. ბილეთისა და ოფიციალური ნებართვის გარეშე, ბრაიანმა უცნაური მოგზაურობა დაიწყო.

მგზავრობა თავიდანვე არასწორად წარიმართა. მელბურნიდან ლონდონში დაგეგმილი პირდაპირი რეისი გადატვირთული იყო და ხის ყუთით სავსე ტვირთი შემოვლითი გზით გაიგზავნა. მარშრუტი მუდმივად იცვლებოდა და საბოლოოდ ბრაიანი ლოს-ანჯელესში აღმოჩნდა. მისი მოგზაურობაც იქ დასრულდა. ერთ-ერთ სათავსოში აეროპორტის თანამშრომლებმა უცნაური დეტალი შენიშნეს: ჩვეულებრივი ყუთიდან სინათლის სხივი ანათებდა. ბიჭს შემთხვევით ფანარზე დაეჭირა ხელი. ყუთი გახსნეს და იქ "ტვირთის" ნაცვლად, ადამიანი იპოვეს.

5-დღიანმა წარმოუდგენელმა მოგზაურობამ, უჰაერობამ, საკვებისა და ელემენტარული პირობების არქონამ, რა თქმა უნდა, თავისი გავლენა მოახდინა და ბრაიანი კლინიკაში გადაიყვანეს. იქ 19 წლის ბიჭი FSB-ის აგენტებმა დაკითხეს. სიტუაცია, რა თქმა უნდა, უცნაურად გამოიყურებოდა. მაგრამ, ბრაიანმა ყველაფერი გულწრფელად თქვა.

braian-robsoni-7-1769668256.jpg
ბრაიან რობსონი

ისტორია იმდენად აბსურდული და სასოწარკვეთილი იყო, რომ ეჭვის ნაცვლად, სიცილი და თანაგრძნობა გამოიწვია. მისთვის ბრალი არ წაუყენებიათ; სამაგიეროდ, სახლში გაგზავნეს. 1965 წლის მაისში ბრაიანი ლონდონის აეროპორტში ჩავიდა. მას არა ოჯახის წევრები და მეგობრები, არამედ ათობით ჟურნალისტი და კამერა დახვდა. ახალგაზრდა კაცის ისტორია, რომელმაც ხის ყუთით ძალიან დიდი მანძილი გაიარა, ნამდვილ სენსაციად იქცა, ბრაიანისთვის კი - სახლში დაბრუნების შანსად. როგორც აღვნიშნეთ, მამაკაცმა მოგვიანებით ეს გამოცდილება საკუთარ წიგნში აღწერა და მკითხველს გაუზიარა.