"როდესაც გეუბნებიან, რომ მშიერზე ტკბილი არ შეიძლება, უნდა დაუჯეროთ და აი, რატომ..." - რა ხდება, როცა მშიერი ორგანიზმი შაქარს მიიღებს - მშობლები

"როდესაც გეუბნებიან, რომ მშიერზე ტკბილი არ შეიძლება, უნდა დაუჯეროთ და აი, რატომ..." - რა ხდება, როცა მშიერი ორგანიზმი შაქარს მიიღებს

2026-01-29 10:51:49+04:00

ექიმი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში საუბრობს, რატომ არ შეიძლება მშიერზე ტკბილეულის მიღება:

- როდესაც გეუბნებიან, რომ მშიერზე ტკბილეული, მაგალითად, ნამცხვრები, შოკოლადი, გამაგრილებელი სასმელებელი, ენერგეტიკული სასმელები არ შეიძლება, უნდა დაუჯეროთ და აი, რატომ:

გამაგრილებელ სასმელებში, ენერგეტიკულში, ნამცხვრებში, შოკოლადში, ტკბილეულში არსებული გლუკოზა, იმის გამო, რომ თქვენი კუჭი ცარიელია, პირდაპირ წვრილ ნაწლავში აღმოჩნდება. წვრილი ნაწლავი მას შეიწოვს და სისხლში რამდენიმე წუთში გლუკოზის რაოდენობა არანორმალურ პიკს მიაღწევს. პანკრეასი ,,შოკში“ იქნება. ამიტომ, დიდი რაოდენობით ინსულინს გამოყოფს. იმდენი ინსულინი გამოიყოფა, რომ თუ სადმე სისხლში გლუკოზის მოლეკულას იპოვის, ეგრევე გადაამისამართებს, ერთი მხრივ, კუნთებისკენ, მეორე მხრივ, ცხიმოვანი ქსოვილისკენ. სწორედ ამიტომაცაა, რომ მერე ,,ღიპი“ გაიზრდება, მუცელზე კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილი გაგეზრდებათ.

გარდა ამისა, სისხლში გლუკოზის რაოდენობა დაგივარდებათ. კი, ახლახან მიირთვით ტკბილეული, მაგრამ საპასუხოდ იმდენი ინსულინი იყო, რომ სისხლში გლუკოზის რაოდენობა დაგივარდებათ. თავის ტვინი მას ვეღარ მიიღებს. შიმშილის ცენტრი, რომელიც ჰიპოთალამუსში გვაქვს, მას ვეღარ მიიღებს. სხეული ამ შემთხვევაში ეპინეფრინს, კორტიზოლს, გლუკაგონს გამოყოფს და ისეთი მშიერი იქნებით, რომ მოგინდებათ, რაც შეიძლება, ბევრი ტკბილეული ჭამოთ. მთელი დღის განმავლობაში ტკბილეულზე დამოკიდებული იქნებით. ამიტომაცაა, რომ წონაში იმატებთ და იმატებთ. ღიპი გეზრდებათ, წნევაც გეზრდებათ, ინსულინზე რეზისტენტობაც გივითარდებათ, შაქრიანი დიაბეტი და მერე უკვე წამლებზე ხდებით დამოკიდებული.

მშიერზე არასდროს არ უნდა მიირთვათ ტკბილეული. თუ მაინცდამაინც ტკბილეული გიყვართ, უმჯობესია მაშინ მიირთვათ, როდესაც საუზმეს, სადილს მორჩებით. როცა თქვენს კუჭში უკვე იქნება რაღაც რაოდენობის საკვები, ამის მერე შეგიძლიათ, ტკბილეული მიირთვათ. ეს იმიტომ, რომ თქვენი კუჭი უკვე სავსეა, მასში სხვა საკვებია, მას სანამ არ მოინელებს რამდენიმე საათის განმავლობაში, მანამდე წვრილ ნაწლავში აღარ გადაამისამართებს. ამიტომ, გლუკოზაც ნელ-ნელა, საათების განმავლობაში შეიწოვება. პანკრეასი მშვიდად იქნება. როცა ძირითად საკვებს მორჩებით, ამის შემდეგ შეგიძლიათ, ტკბილეულიც მიირთვათ.