საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ცოტახნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანდება:
"ეს იქნება საწინდარი, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გახდეს რეგიონში აკადემიური და სამეცნიერო განვითარების წამყვანი ცენტრი და მნიშვნელოვნად გაიუმჯობესოს საერთაშორისო რეიტინგები. საკანონმდებლო ცვლილებათა პროექტის თანახმად, უნივერსიტეტების გაერთიანების მიზნით, მინისტრის ბრძანებით, შეიქმნება მართვის დროებითი ორგანო - საბჭო და დაინიშნება რექტორისა და რექტორის მოადგილეების მოვალეობის შემსრულებლები, რომლებიც წარმართავენ რეორგანიზაციის პროცესს,“ - განაცხადა მიქანაძემ.
მისივე თქმით, აკადემიურ პერსონალს მაქსიმალურად შეინარჩუნებენ და არც სტუდენტებისათვის შეიცვლება ჩარიცხვის კვოტები:
"დამატებით, შემოგვაქვს წამყვანი პროფესორის აკადემიური თანამდებობა. ამ თანამდებობაზე, კონკურსის წესით, შერჩეული პირები, უზრუნველყოფენ სასწავლი და კვლევითი საქმიანობის სტრატეგიულ საქმიანობას, ხარისხის ზრდასა და ახალგაზრდა აკადემიური პერსონალის განვითარებას.
ხაზგასასმელია, რომ მიმდინარე რეფორმის ფარგლებში არ იგეგმება აკადემიური კადრების შემცირება. მაქსიმალურად შევინარჩუნებთ აკადემიურ პერსონალს, გავწევთ ძალისხმევას, რომ მათი გამოცდილება და ცოდნა გამოყენებული იყოს როგორც სასწავლო კომპონენტში, ასევე კვლევით და სამეცნიერო საქმიანობაში.
ამასთანავე, მივიღეთ არსებული ადგილების შენარჩუნების გადაწყვეტილება და არ ვამცირებთ სტუდენტთა ჩარიცხვის კვოტებს."- აცხადებს გივი მიქანაძე.