"26 წლის შვილი უნდა მყავდეს ახლა, დაბადებიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.... თაია ჩემი ყველაზე საოცარი, საშობაო საჩუქარია..." "ჩემი დედიკო ყველაზე ციმციმა ვარსკვლავია..." - ნინო ქაჯაიას ახალი ცხოვრება - მშობლები

"26 წლის შვილი უნდა მყავდეს ახლა, დაბადებიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.... თაია ჩემი ყველაზე საოცარი, საშობაო საჩუქარია..." "ჩემი დედიკო ყველაზე ციმციმა ვარსკვლავია..." - ნინო ქაჯაიას ახალი ცხოვრება

2026-01-30 08:17:56+04:00
ცნობილი ჟურნალისტი ნინო ქაჯაია, რომელიც საზოგადოებას "რუსთავი-2"-დან ახსოვს და უყვარს, ეკა ხოფერიას გადაცემაში იყო სტუმრად და გარდა ჟურნალისტის გამოცდილებისა, ახალი საქმიანობისა - გაეროს ლტოლვილთა სააგენტოში, ასევე ისაუბრა დედობაზე, ქალიშვილ თაიაზე, რომელიც დიდი ტრაგედიის - ახალდაბადებული შვილის გარდაცვალებიდან წლების შემდეგ გაჩნდა მის ცხოვრებაში.
- თაია 7 იანვარს დაიბადა. დედას ყველაზე საოცარი, საშობაო საჩუქარი. ვფიქრობდი, როგორ ვცხოვრობდი მანამდე, რაღაცები როგორ მიხაროდა, რაღაცებზე როგორ მეგონა, რომ ეს იყო მთავარი. არაფერი არაფერი არ არის, იმ სიხარულთან შედარებით, რასაც ჰქვია დედობა ზოგადად, რასაც თაიას დედობა ჰქვია.
nino2-1769754678.png
თან მე ძალიან მძიმე გამოცდილება მქონდა, 26 წლის შვილი უნდა მყავდეს ახლა, ანა, რომელიც 26 წლის წინ, ექიმების დაუდევრობის გამო, დაბადებიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა... ეს არის ყველაზე საშინელება, რაც შეიძლება დედას დაემართოს. როცა მითხრეს, ეს ყველაზე მძიმე და საშინელი წუთი, ჩემთვის ყველაზე გადამწყვეტი წუთი იყო... ყოველთვის ვაფასებდი ცხოვრებას, ყოველთვის ვიყავი მადლიერი, ბედნიერი, მაშინ კი მივხვდი, რომ ამას ვერ აცნობიერებ, გგონია, რომ ასეც უნდა იყოს. არასდროს არ იცი, რა გელის, რამდენი წუთი გაქვს, დრო, საათი და ამიტომ ყოველი წუთის მადლიერი უნდა იყო, ყოველი წუთით ბედნიერი უნდა იყო. ისეთი დაფასება უნდა ყველაფერს და ისეთი მადლიერება იმისა, რომ მიიღო რაც გაქვს, ეს იყო გადამწყვეტი და მაშინ მივხვდი, რომ ყველაფერი ასეა. ამიტომ თაიას გაჩენა ჩემთვის კიდევ უფრო ათასმაგად ბედნიერება იყო. თან ის თითქოს ანას ნაწილია, თითქოს გიცოცხლდება რაღაცნაირად, თან ის განცდაა, რომ ამის ღირსი გავხდი. მე დედა ვარ, შვილი მყავს და ეს ყველაზე მაგარი რაღაცაა... არ ვლაპარაკობ ხოლმე ამაზე, ძაან მძიმე იყო, რთული იყო, როცა ამას ქუჩაშიც გეკითხებოდნენ, უამრავი ადამიანი მეკითხებოდა. ზოგიერთი გულით, ზოგისთვის მხოლოდ სეირი იყო. "ბოლო-ბოლო, რა დაემართა?" - ასეთი და მსგავსი შეკითხვები უცნობებისგან.
გადაცემაში თავად თაია ქაჯაიაც ჩაერთო მადრიდიდან, სადაც ის სასწავლებლად გაემგზავრა და ახლა მეორე კურსზეა:
nino4-1769754678.png
- ჩემი სუბიექტური და ობიექტური აზრით, ჩემი დედიკო ყველაზე ციმციმა ვარსკვლავია. რითაც გამოვარჩევდი, ალბათ, არის მისი ადამიანობა, მისი გული, და ის თვისებები, რომლებიც, მგონია, რომ ბევრს არ ახასიათებს. ბავშვობაში აღფრთოვანებული ვიყავი იმით, რომ ანათებდა, როგორც კი ოთახში შევიდოდა, თავისი ფერადი, ციმციმა თვალებით და ყველაფრით, მგონია, რომ ყველა, ვისაც აქვს ბედნიერება, რომ იცნობდეს ნინოს, ძაან ბედნიერია. ძაან გამიმართლა და ძაან მიხარია, რომ ნინოა დედაჩემი. და რამდენჯერაც არ უნდა მქონდეს ამის თავიდან არჩევის შესაძლებლობა, ყოველთვის ავირჩევდი, რომ ნინო იყოს დედაჩემი.