მართლაც რა არის მამის ნამდვილი სუპერძალა? - ის, რომ ბავშვისთვის სამყარო უსაფრთხო, ჯადოსნურ, სანდო, კეთილ და უსაზღვრო შესაძლებლობების სცენად აქციოს!
ზოგჯერ, ყველაზე ღირებული, რისი გაკეთებაც შვილებისთვის შეგვიძლია, მათ წარმოსახვასა და უსაზღვრო ფანტაზიებში მათთან ერთად ყოფნაა.
მამის ჩართულობა ბავშვისა და მოზარდის ყოველდღიურ ცხოვრებაში წარუშლელ კვალს ტოვებს მის ცხოვრებაზე. მშობელთან პოზიტიური ინტერაქცია ბავშვს აღუძრავს უსაფრთხოებისა და სიმშვიდის განცდას, გრძნობს მხარდაჭერას, ხდება უფრო თავდაჯერებული.
ფსიქოთერაპევტები ხშირად აღნიშნავენ, რომ მშობლები ბავშვებისთვის როლური მოდელები არიან და შესაძლებელია, მათი ქმედებების უმეტესი ნაწილი სწორედ ოჯახური ვითარებით იყოს განპირობებული. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი დედისა და მამის თანაბარი ჩართულობა, ზრუნვა და მუდმივი კომუნიკაცია ბავშვთან.
აღსანიშნავია, რომ ახალ თაობებში მამები მხოლოდ დედის დამხმარის ფუნქციას აღარ ასრულებენ. მათი დიდი ნაწილი უკვე ცდილობს, აქტიური მშობელი იყოს, შეითავსოს ბავშვის მოვლა. UNFPA-ს 2025 წლის კვლევის „კაცები, ქალები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში“ (IMAGES) გამოკითხული კაცების უმრავლესობა (62.9%) აცხადებს, რომ ბავშვზე ყოველდღიურ ზრუნვაში ხშირად არის ჩართული. ეს მონაცემები აჩვენებს, რომ მამები შვილებთან დროს უფრო მეტად და შინაარსიანად ატარებენ და მათი მოვლის პასუხისმგებლობებსაც უფრო ხშირად იღებენ საკუთარ თავზე.
კვლევით იკვეთება, რომ სტერეოტიპი, თითქოს ბავშვის მოვლა კაცის ავტორიტეტს ლახავს, ნელ-ნელა იცვლება. კაცების უმრავლესობა - 57% არ ეთანხმება აზრს, რომ დეკრეტში გასვლა სისუსტეა. კიდევ უფრო მეტი - 58% დარწმუნებულია, რომ ეს ნაბიჯი სამსახურში მათ ავტორიტეტს არ დააზიანებს. თუმცა, მონაცემები თაობათა მიხედვით ერთმანეთისგან განსხვავებულია: 18-29 წლის კაცების მხოლოდ 28% აღიქვამს დეკრეტში გასვლას სისუსტედ, მაშინ, როცა 55+ თაობაში ეს მაჩვენებელი 40%-ს აღწევს.

გამოკითხული კაცებიდან ყოველი მეხუთე აიღებდა ბავშვის მოვლის გამო შვებულებას, ახლა რომ ელოდებოდეს ბავშვს.
გამოკითხულთა აზრით, კაცების მიერ ბავშვის მოვლის გამო შვებულებაში გასვლას ორი ფაქტორი აბრკოლებს: საზოგადოებრივი აზრი, რომლის თანახმადაც დედის ცალსახა ვალდებულებაა ახალშობილზე ზრუნვა; და კაცებში შესაბამისი უნარ-ჩვევების არქონა, რომლებიც აუცილებელია ახალშობილის მოსავლელად (მაგ.: ბავშვის გამოკვება, ჰიგიენის მოწესრიგება, ქცევის მართვა, დაძინება და ა.შ.).
ბავშვზე ზრუნვის ნაწილია უბრალოდ მასთან ერთად ყოფნაც, რაც კარგად ესმით თანამედროვე მამებს. სწორედ ეს არის UNFPA-ს საქართველოს წარმომადგენლობის ახალი კამპანიის სლოგანიც - როცა უბრალოდ ერთად ვართ - კამპანიის, რომელიც ბავშვის აღზრდაში მამების ჩართულობის წასახალისებლად დაიწყო.
კამპანია ხორციელდება პროგრამის ფარგლებში: „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ“. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მას გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women) და გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) ერთობლივად ახორციელებენ.
თითოეული მულტიმედია ნამუშევარი ასახავს მამებსა და შვილებს შორის განსაკუთრებულ კავშირს, რომელიც შეიძლება უბრალოდ საერთო დროის გაზიარება იყოს. კამპანიის ფარგლებში მომზადდა ანიმაცია, რომელშიც ქართველმა ანიმატორმა ცოტნე ცუცქირიძემ თავისი შვილებისა და შემოქმედებითი ასისტენტების ანდრიასა და კატოს ნახატები გააცოცხლა.
როცა უბრალოდ ერთად ვართ ნახატებიც ცოცხლდება! - გვიამბობენ ცოტნე, ანდრია და კატო მხიარულ ვიდეორგოლში.
კამპანიის გმირები გვიზიარებენ, როგორ ატარებენ თავისუფალ დროს ერთად, რა თამაშებით არიან დაკავებული, როგორ სწავლობენ ერთმანეთისგან:
„ძირითადად დროს მზიურში ვატარებთ ხოლმე. ბავშვები ველოსიპედებით სეირნობენ, ხან ვხატავთ, ხანდახან წიგნს ვკითხულობთ. სამივეს გვიყვარს ვიდეოთამაშები, ეს ჩვენი დიდი სისუსტეა“, - აღნიშნავს ცოტნე.
მამა და შვილები გვიყვებიან თავიანთ ყოველდღიურობაზეც, როგორ ალაგებენ სახლს ერთად, როგორ ადევნებენ თვალს ერთმანეთის აქტივობებს, ხუმრობენ ერთმანეთზე, გვიამბობენ საახალწლო თავგადასავლებსაც:
„ბავშვებთან გატარებულ დროს ყველაზე ნაყოფიერად მაშინ მივიჩნევ, როცა აქტიური კომუნიკაცია გვაქვს, როცა ერთმანეთთან ვლაპარაკობთ, ვაკეთებთ აღმოჩენებს, ერთად ვსწავლობთ და განცდა გვაქვს ხოლმე, რომ კარგი დღე გამოვიდა, ეს ბავშვებსაც ეტყობათ,“ - აღნიშნავს ცოტნე.
„გვიყვარს, როცა მამიკო უბრალოდ სახლშია. როცა მამასთან ვართ, უფრო კომფორტულად ვართ, ვიდრე მარტოები“, - აღნიშნავენ კატო და ანდრია.

გაეროს მოსახლეობის ფონდის კამპანიის გმირები არიან ემილ კურბანოვი და მისი შვილი - დუდაც, რომელსაც ძალიან უყვარს სპაიდერმენი, მამაც ხშირად ირგებს ხოლმე მის როლს:
როცა უბრალოდ ერთად ვართ, სამყაროს უფრო მეტი გმირი ჰყავს! დუდას საყვარელი გმირი სპაიდერმენია, შესაბამისად, ხელებიდან ქსელის გაშვებაზე გიჟდება. მეც გვერდით ვუდგები და ხან რას ვესვრით ქსელებს, ხან - რას. ალბათ, კედლებზე ცოცვაზეც არ იტყოდა უარს, თუმცა ჯერჯერობით ეს არცერთს არ შეგვიძლია.
ვერ ვიფიქრებდი, რომ მოჩვენებითი ქსელების სროლა ოდესმე გამართობდა, მაგრამ ყველაზე ღირებული, რაც შემიძლია დუდასთვის გავაკეთო, მის უსაზღვრო ფანტაზიებში თანამონაწილეობაა“, - გვიამბობს ემილ კურბანოვი, დუდას მამა.

„როცა უბრალოდ ერთად ვართ მუსიკა სულ სხვანაირად ჟღერს!“ - აღნიშნავს ირაკლი ბეთხო, პატარა ლილეს მამა. ოჯახი ასევე UNFPA-ს კამპანიაში მონაწილეობს.
„მე და ლილეს ახალი მუსიკის აღმოჩენა გვიყვარს. ბოლო დროს, ვინილების შეგროვება დავიწყე და ფირსაკრავზე მუსიკის მოსმენა ჩვენს საერთო, საყვარელ ჰობად იქცა. ხშირად ვსხედვართ, ვუსმენთ და ერთად ვარჩევთ, რა მოგვწონს. ამ პროცესში უკვე რამდენიმე საერთო საყვარელი სიმღერაც აღმოვაჩინეთ“, - გვიამბო ლილეს მამამ.
შვილებთან - ლილისთან და პაოსთან დროის გატარების მნიშვნელობაზე საუბრობს მწერალი და ტელეწამყვანი ალექსანდრე ლორთქიფანიძეც, რომლისთვისაც ეს მართლაც ჯადოსნური წამებია - „ესაა, ერთდროულად, როგორც თავბრუდამხვევი და მომქანცველი, ისე განცხრომის და ნეტარების მომნიჭებელი. ისე, ძირითადად, ორი რეჟიმი გვაქვს: ინტელექტუალური და ექსტრასუპერჰიპერბუპერგიჟური. ინტელექტუალურს კი ხედავთ ამ ფოტოზეც, ამ დროს ვუზიარებთ ერთმანეთს აზრებს, ამ დროს ვხვდები როგორ თვალსა და ხელს შუა იზრდებიან, როგორი დიდი ადამიანები ხდებიან, რომელ სივრცეებში უნდა დავეწიო.. აი, ის მეორე კი, ძირითადად, ჩემი დაჭმუჭნით და ქანცის ამოცლით მთავრდება ხოლმე, ხან ცხენი ვარ, ხან მგელძაღლა, ხან რიყის ქვა და ხან ტორტის ბისკვიტი - როგორც ისინი მოისურვებენ. სიმართლე გითხრათ, ვერანაირი სუპერლიდერობა და მულტიმილიონერობა ვერ შეედრება ამ ტორტის ბისკვიტობას. ეს ყველაზე მეტია, რაც შეიძლება ინატრო“, - აღნიშნავს ის.
არის მომენტი, როცა ხვდები, რომ შენი შვილი მხოლოდ „პატარა“ აღარ არის. უცებ მასში პოულობ მეგობარს, რომელსაც კარგი გემოვნება აქვს და ვისთან ერთადაც ახალი მუსიკის აღმოჩენა ძალიან მოგწონს. ისევე, როგორც წლების წინ, შენს მეგობართან ერთად მოგწონდა.
“ბავშვებისთვის აქტივობები, რომელსაც მამასთან აკეთებენ, ხშირად ყველაზე ძლიერ მოგონებად რჩება და ზოგჯერ, ძალიან დიდ როლს ასრულებს მათ განვითარებასა თუ სამომავლო ინტერესების ჩამოყალიბებაში. შვილებთან ახლო ურთიერთობა დადებით გავლენას ახდენს თავად მამებზეც, მათ თვითშეფასებასა და მენტალურ ჯანმრთელობაზე,” - ამბობს გაეროს მოსახლეობის ფონდის გენდერის სპეციალისტი, ეთერ ნოღაიდელი. “როგორც მამები გარდაქმნიან შვილების ყოველდღიურობას, ასევე გარდაქმნიან მათ სამყაროს შვილებიც. ეს ორმხრივი და შეუქცევადი პროცესია, რომელში მონაწილეობაც, ერთი მხრივ, არის პრივილეგია, ხოლო მეორესმხრივ - მამების, როგორც მშობლების პასუხისმგებლობა”.