დები ხაჩატურიანების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე განახლდა - რა ბედი ელით მამის მკვლელ დებს? - მშობლები

დები ხაჩატურიანების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე განახლდა - რა ბედი ელით მამის მკვლელ დებს?

2026-01-30 12:40:57+04:00

დები ხაჩატურიანების გახმაურებული საქმე კვლავ აქტუალურია და კვლავ - ღია. დები ისევ ელოდებიან, როგორ გადაწყდება საბოლოოდ მათი ბედი. ამასობაში კი საგამოძიებო კომიტეტმა მათ წინააღმდეგ საქმე ხელახლა წამოიწყო. თუ ბრალდების წამოწყება წარმატებით დასრულდა, მათ მძიმე პატიმრობა ემუქრებათ.

ადვოკატები, დებთან ერთად, სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას ელოდებიან. შემდეგ ისინი დების საქმის საბოლოო შეწყვეტის მოთხოვნას აპირებენ. გოგონების დაცვა ამტკიცებს, რომ მათი ქმედებები იყო „აუცილებელი თავდაცვა დამნაშავისგან“.

„ისინი მრავალი წლის განმავლობაში ძალადობის სხვადასხვა ფორმის მსხვერპლნი იყვნენ. მე მჯერა, რომ ასეთი მკაფიო მტკიცებულებების გათვალისწინებით, გამოძიება არ დააყოვნებს გოგონების სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას“, - განაცხადა ერთ-ერთი დის ადვოკატმა ალექსეი პარშინმა და აღნიშნა, რომ გოგონებს „კვლავ მოუწევთ მრავალი წლის განმავლობაში მკურნალობა და რეაბილიტაცია გადატანილი ძალადობისა და კოშმარებისგან“.

original-1769764131.webp

საგამოძიებო კომიტეტის პოზიცია ჯერ კიდევ უცნობია. სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, უფროს დებს, კრესტინა და ანჯელინა ხაჩატურიანებს, 8-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. მათი უმცროსი და, მარია, დანაშაულის ჩადენის დროს შეურაცხადად იქნა ცნობილი; მის მიმართ მხოლოდ სამედიცინო ღონისძიებების (სავალდებულო მკურნალობის) გამოყენებაა შესაძლებელი.

რაც შეეხება თავად დებს, რომლებიც წლებია ელოდებიან სასამართლოს გადაწყვეტილებას მათ საქმეზე, ყველაფერი, რაც ხდება, მათზე „ძალიან მძიმე გავლენას ახდენს“, განაცხადა დავთიანმა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, დები მთელი ამ ხნის განმავლობაში ერთმანეთისგან დაშორებულები იყვნენ - ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ და ერთმანეთთან კომუნიკაცია არ შეეძლოთ, მიუხედავად იმისა, რომ, ადვოკატის თქმით, სწორედ მათმა ურთიერთდახმარებამ შეუწყო ხელი მათ მამის სახლში გადარჩენას.

„საქმეში ფსიქოლოგიური და ფსიქიატრიული გამოკვლევები გვაქვს, რომლებიც აჩვენებს, რომ გოგონები მხოლოდ ერთმანეთის გვერდით დგომით გადარჩნენ. ისინი ძალიან ახლოს იყვნენ; მათთვის თითოეული დის სიცოცხლე და ჯანმრთელობა უფრო ღირებული იყო, ვიდრე საკუთარი. ამიტომ, [ამ] პრევენციულ ღონისძიებას მათზე უკიდურესად უარყოფითი ფსიქოლოგიური გავლენა აქვს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს უბრალოდ დაუსაბუთებელია. უკვე რვა წელი გავიდა. არ არსებობს გონივრული საფუძველი, რომ გოგონებს ერთმანეთთან კომუნიკაცია აუკრძალონ, როდესაც მათ უკვე არაერთხელ მისცეს ჩვენება საქმეში, თითოეულმა ათზე მეტჯერ“, - განმარტა ადვოკატმა.

1280x960-0xac120003-16687154061667155808-1759216739.jpeg

21 აპრილს მოსკოვის სასამართლომ მიხეილ ხაჩატურიანი, რომელიც 2018 წელს შვილებმა მოკლეს, დამნაშავედ ცნო სამ ქალიშვილზე ძალადობაში. სასამართლოს დადგენილებით, მიხეილ ხაჩატურიანი დამნაშავედ ცნეს სექსუალიზებულ ძალადობაში, ქალიშვილებისთვის მიყენებულ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ წამებაში, ასევე თავისი შვილების მონაწილეობით პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადებასა და გავრცელებაში...

გოგონები წლები ელოდნენ სასამართლოს დასრულებას, თუმცა მოკლულის ნათესავებმა გაასაჩივრეს მოკლულის ბრალეულობის გადაწყვეტილება და ახლა მოსკოვის საქალაქო სასამართლოშია საქმე. აპელაციას გარკვეული დრო სჭირდება. გოგონები კვლავ მოლოდინის რეჟიმში არიან.
xachatur-1745252918.jpg
ამასობაში, კრისტინა სწავლობს და უნივერსიტეტში სწავლაზე ოცნებობს, ეკონომისტობა უნდა. 2024 წელსაც უნდოდა გამოცდების ჩაბარება, მაგრამ სასამართლო სხდომების გამო ვერ შეძლო. შუათანა, ანგელინა, ბოულინგში ადმინისტრატორად მუშაობს. რჩეულიც ჰყავს. კრისტინასაც ჰყავს შეყვარებული. ადვოკატი ამბობს, რომ ყველა წესს იცავენ. ეგ კი არა, მამის ყველანაირ ქონებაზე უარი თქვეს, რომ მისი ნათესავები შეეშვან და ეს საბაბიც არ ჰქონდეთ საპაექროდ. თუმცა ჯერჯერობით კვლავ მოლოდინის რეჟიმში არიან...

გახმაურებული საქმე

ყველასათვის ცნობილი მკვლელობა 2018 წლის 27 ივლისს მოხდა - როცა მამის მხრიდან მორიგი ძალადობის გამოვლენისას მისმა 19, 18 და 17 წლის ქალიშვილებმა მას მოულოდნელად წინააღმდეგობა გაუწიეს...

გამოძიებამ დაადგინა, რომ მკვლელობის საღამოს გოგონების მამა, 57 წლის მიხეილ ხაჩატურიანი, ფსიქონევროლოგიურ ცენტრში რამდენიმედღიანი მკურნალობის შემდეგ დაბრუნდა და როგორც ყოველთვის, ამჯერადაც დასაჯა გოგონები - თითქოსდა საბანკო ბარათის გადახარჯვის და ბინაში არეულობის გამო. რიგრიგობით იძახებდა და სათითაოდ უშვერდა აალებულ გაზს სახეში, გაზის ბალონიდან. უფროსმა გოგონამ გაზის იმხელა დოზა მიიღო, რომ ასთმის შეტევა მოუვიდა და უგონოდ დაეცა. გოგონებმა გადაწყვიტეს, რომ მათ სიცოცხლეს უკვე სერიოზული საფრთხე ემუქრებოდა - მამას ფაქტობრივად დატყვევებული ჰყავდა ისინი და არსად არ უშვებდა. ამიტომ მისი მკვლელობა დაგეგმეს.

როდესაც კაცს სავარძელში ჩაეძინა, ერთდროულად დაესხნენ თავს და მისი მანქანიდან ამოღებული დანითა და ჩაქუჩით მიაყენეს ჭრილობები. მიხაილი გონს მოეგო, წამოდგა კიდეც და გოგოებს დაედევნა, სწორედ ამ დროს ანგელინამ მარიას გამოსტაცა დანა და სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა კაცს გულში.

კაცის გარდაცვალების შემდეგ, გოგონებმა სცადეს, მამის თავდასხმის ინსცენირება მოეწყოთ, დანით ჭრილობები მიიყენეს და პოლიცია და სასწრაფო დახმარება გამოიძახეს...

გოგონების დაპატიმრებიდან მალევე გამოჩნდა ინფორმაცია მედიაში, თუ როგორ ემუქრებოდა ხაჩატურიანი შვილებს და სასტიკად ექცეოდა. გამოქვეყნდა გოგონების მიმოწერები მეგობრებთან, სადაც ისინი მამის მხრიდან ძალადობაზე ყვებოდნენ.აღმოჩნდა, რომ ხაჩატურიანის წინააღმდეგ არაერთხელ შესულა საჩივარი პოლიციაში, თუმცა რეაგირება არ ყოფილა. გოგონების დედა აურელია დუნდუკი ამბობს, რომ ხაჩატურიანი მეგობრობდა პოლიციის ადგილობრივ ხელმძღვანელებთან და სავარაუდოდ, ამიტომაც არ ჰქონდათ მათ რეაქცია საჩივრებზე.

როგორც დუნდუკი ყვება, მან მომავალი მეუღლე 1996 წელს გაიცნო. ის ამტკიცებს, რომ ქმარმა პირველივე წლებში დაიწყო მისი ცემა, ჯერ კიდევ პირველ ბავშვზე - ვაჟ სერგეიზე ორსულობის დროს. "ეს ყველაფერი 20 წელი გრძელდებოდა. მისი ნაცნობების, ნათესავების თვალწინ - შეეძლო ვეცემე, ვეგინებინე, მერე კი ვითომ არაფერი, ეთქვა: "აურიკა, მიდი, ჩაი მომიმზადე". დუნდუკის თქმით, ხაჩატურიანი ვაჟსაც სცემდა "აღმზრდელობითი მიზნებით", თუმცა მერე ისიც გააგდო სახლიდან და ცოლიც, და აუკრძალა ყველანაირი კონტაქტი გოგონებთან, რომლებიც სახლში დაიტოვა.

8b674601eaeae22980d120fbf3b89960.jpg
ხაჩატურიანი ცოლსა და უფროს ვაჟთან ერთად

ოჯახის ნაცნობები ადასტურებენ, რომ ხაჩატურიანი თითქოსდა რწმენისა და ტრადიციების დაცვის თვალსაზრისით, უამრავ კანონს უწესებდა გოგონებს. მისი დედა და და, რომლებიც 10 წელი ხაჩატურიანებთან ერთად ცხოვრობდნენ, როცა ცოლიც მის გვერდით იყო, ასევე იზიარებდნენ მის პატრიარქალურ შეხედულებებს და ცოლსაც ურჩევდნენ, მოეთმინა ძალადობაც. ამ ყველაფრის გამო ქალი გამუდმებით სვამდა საძილე აბებს და ფაქტობრივად გათიშული იყო დღის დიდი ნაწილი.

xachat.jpg

ჩვენებების თანახმად, ცოლთან გაშორებიდან მალევე დაიწყო ხაჩატურიანმა გოგონებზე ძალდობა. თავიდან - უფროს გოგონებზე. ერთ-ერთმა დამ თავის მოკვლაც კი სცადა მას მერე, რაც მამამ მასზე სექსუალურად იძალადა, თუმცა ექიმებმა გადაარჩინეს. გოგონები ჰყვებიან, რომ ხაჩატურიანი მათზე გამუდმებით ძალადობა სექსუალურად და ეს ფაქტი სამედიცინო ექსპრტიზამაც დაადასტურა - გოგონებს სექსუალური ძალადობის კვალი აღმოაჩნდათ...

2018 წელს ხაჩატურიანმა საერთოდაც ჩაკეტა გოგონები სახლში და გარეთ აღარ უშვებდა. გოგონები მას ისე ჰყავდა, როგორც მონები. "ითხოვდა, რომ სულ გვერდით ვყოფილიყავით და მის ერთ დაძახებაზე მივსულიყავით. სპეციალური ზარი ჰქონდა, რეკავდა ზარს და რომელიმეს იმ წამს უნდა მიერბინა, დღე იქნებოდა თუ ღამე. და გაეკეთებინა ყველაფერი, რასაც ის მოითხოვდა. წყალი მიეტანა, საჭმელი, ფანჯარასაც კი არ აღებდა თავისით, ჩვენ უნდა გაგვეკეთებინა ყველაფერი", - ყვება ერთ-ერთი და. გოგონები სკოლაშიც აღარ დადიოდნენ და სკოლის ადმინისტრაციას ხაჩატურიანი ერთხელ ეჩხუბა კიდეც, რომ არ სჭირდებოდა სკოლა, რადგან გოგონებს შინ აძლევდა განათლებას.

როგორც ყვებიან, ხაჩატურიანი აქტიურად დადიოდა ეკლესიაში, ჯერ კიდევ იმ წლებიდან, როცა ცოლიც მის გვერდით იყო და იცნობდნენ, როგორც ღრმად მორწმუნეს.

- ხშირად დდიოდა, მკაცრი იყო საკმაოდ. ნერვულიც ჩანდა. დამამშვიდებლებს სვამდა. უცხოებთანაც ვერ იკავებდა ხოლმე თავს, ძალიან ფიცხი იყო, - ყვებიან ეკლესიაში, სადაც ის დადიოდა, და ასევე ამბობენ, რომ ამავდრულად იყო პატიოსანი, მოწესრიგებული, ყველა მარხვას იცვდა და იერუსალიმშიც დადიოდა წელიწადში სამჯერ.

1024x683-0xin1burzb-3283806517672875910-1745252780.jpg

მეზობლების თქმით, მიხეილი გავლენიან სომხურ მაფიაში იყო და ამიტომ ბევრ რამეს ვერ ამბობენ, სწორედ მაფიის შიშით.

ასევე ცნობილი გახდა, რომ ხაჩატურიანი აქტიურად ზრუნავდა ციხეში პატიმრებზე, სავსე მანქანებით მიჰქონდა საჭმელი, სიგარეტი, ყველაფერი, რასაც სთხოვდნენ და ამაში თავის პროცენტს იღებდა. მის მანქანაში ნაპოვნი ჰეროინიც, სავარაუდოდ, ციხეში შესატანად იყო გამზადებული.

ხაჩატურიანის ნათესავები ცდილობენ, ყველაფერი, რაც ამ საქმის გარშემო ვრცელდება, ჭორებად და გოგონების მიერ თავის დაცვის მიზნით მოგონილ აბსურდად შერაცხონ, თუმცა უამრავი ნაცნობი, გოგონების მეგობრები, მათი დედები, ასევე მათი დედა და ძმა, აბსოლუტურად საპირისპიროს ამტკიცებენ...

ახლა კი მისი ბრალეულობა ოფიციალურად დამტკიცდა და საზოგადოებაც ელოდება, როგორ განვითარდება დების ბედი.

რას სწერს ციხიდან დედას მარია ხაჩატურიანი, რომელიც დებთან ერთად მამის მკვლელობისთვის იხდის სასჯელს - ჩვენ ძლიერები ვართ და ყველაფერს გავუძლებთ... გვაპატიე, რომ ცხოვრება გაგირთულეთ
მოკლული მიხეილ ხაჩატურიანი დამნაშავედ ცნეს ქალიშვილებზე ძალადობასა და პორნოგრაფიის დამზადებაში... - მამის მკვლელი დები შეიძლება გაამართლონ