ნიშნავს თუ არა სისხლიანი გამონადენი აუცილებლად ბუასილს - ყველაფერი, რაც ჰემოროიდული დაავადების შესახებ უნდა იცოდეთ - მშობლები

ნიშნავს თუ არა სისხლიანი გამონადენი აუცილებლად ბუასილს - ყველაფერი, რაც ჰემოროიდული დაავადების შესახებ უნდა იცოდეთ

2026-01-30 13:56:35+04:00

დაავადება, რომლის დროსაც პაციენტები ხშირად თვითმკურნალობას იწყებე, რადგან ექიმთან ვიზიტი მათთვის გარკვეულ უხერხულობას უკავშირდება - ეს ბუასილია, იგივე ჰემოროიდული დაავადება და ის საკმაოდ გავრცელებულია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ გლობალურად. ბუასილის შემთხვევების მატება თანამედროვე ცხოვრებისა და კვების რეჟიმს უკავშირდება. თვითმკურნალობა კი დაუშვებელია, რადგან აღნიშნულმა შეიძლება უფრო რთული პათოლოგიებამდე მიგვიყვანოს. ბუასილისთვის დამახასიათებელი ნიშნები, მათ შორის, სისხლდენა სწორნაწლავის სხვა პრობლემებსაც შეიძლება ახასიათებდეს და ამიტომ ექიმთან დროული კონსულტაცია აუცილებელია. დროული დიაგნოსტიკის შემთხვევაში ბუასილის მკურნალობის მეთოდებიც მარტივი და დამზოგველია.

„ჰემოროიდულ კომპლექსს ჩვენს ორგანიზმში მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია. ის უნებლიე დეფეკაციასა და აირების გამოსვლას უშლის ხელს,“ - განმარტავს „ნიუ ჰოსპიტალსის“ პროქტოლოგი მამუკა გრიგალაშვილი, რომელიც დაავადების შესახებ მნიშვნელოვან და საინტერესო ინფორმაციას გვიზიარებს.

ბატონო მამუკა, რა ტიპის დაავადებაა ბუასილი?

დაავადების დროს ჰემოროიდული კვანძების პათოლოგიური გადიდება ხდება. მთავარი მიზეზი სისხლის უკუდინების დარღვევა და შეგუბებაა. ეს პროცესი ხშირად გენეტიკურია, თუმცა რისკი იზრდება ასაკთან ერთად, ორსულობისას და გარკვეული დაავადებების ფონზე. მისთვის დამახასიათებელია სისხლდენა და ტკივილი უკანა ტანში.

სისხლიანი გამონადენი აუცილებლად მიანიშნებს თუ არა ბუასილზე?

წითელი სისხლის არსებობა უმეტესად ჰემოროიდული დაავადების არსებობაზე მიუთითებს. თუმცა ეს ერთადერთი შესაძლო მიზეზი არ არის. სისხლიანი გამონადენი შეიძლება გამოწვეული იყოს სხვა პროქტოლოგიური დაავადებებით, როგორიცაა: ანალური ნაპრალი, პოლიპები, ნაწლავის ანთებითი დაავადება (პროქტიტი) ან მსხვილი ნაწლავის კიბო.

როგორ განვასხვაოთ ბუასილიდან სისხლდენა სხვა პროქტოლოგიური დაავადებებით გამოწვეული სისხლდენისგან?

სისხლდენა ბუასილის დროს ძირითადად არის წვეთების ან ნაკადის სახით, როგორც წესი მხოლოდ დეფეკაციისას, ჭინთვის მომენტში. ანალური ნაპრალის, ნახეთქის შემთხვევაში სისხლის კვალი ვლინდება ქაღალდზე და არის მცირე რაოდენობით. სხვა პროქტოლოგიური დაავადებების შემთხვევაში სისხლი ცალკე არ მოდის, არამედ არეულია განავლოვან მასებში.

ახლავს თუ არა სისხლდენას ტკივილი პროქტოლოგიური დაავადებების დროს?

ბუასილიდან გამოწვეული სისხლდენის დროს ტკივილი გამოკვეთილი არ არის. შეიძლება ადგილი ჰქონდეს წვის შეგრძნებას. ანალურ ნახეთქს ახასიათებს ტკივილი დეფეკაციის დროს და შემდეგ გარკვეული პერიოდის განმავლობაში. პროქტიტის შემთხვევაში არის წვისა და სიმხურვალის შეგრძნება. პოლიპის არსებობის შემთხვევაში პაციენტს ტკივილი არ აქვს.

სისხლის ფერი მიანიშნებს თუ არა დაავადებაზე?

თუ სისხლი არის მუქი შავი ფერის, საქმე გვაქვს კუჭის პათოლოგიასთან. საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ქვედა ნაწილებიდან წამოსული სისხლი ღია ფერისაა, მსხვილი ნაწლავიდან კი - უფრო შინდისფერია. გარდა ამისა მსხვილი ნაწლავიდან მასიური სისხლდენის შემთხვევაში სისხლთან ერთად აღინიშნება გამონადენი კოლტების სახით. ხოლო ბუასილისა და სწორნაწლავის სხვა დაავადებების შემთხვევაში სისხლი ალისფერია.

როგორ უნდა მოიქცეს პაციენტი, როდესაც სისხლიან გამონადენს შეამჩნევს?

მიუხედავად იმისა, რომ ბუასილი სისხლდენის ყველაზე გავრცელებული მიზეზია, ზუსტი დიაგნოზისთვის აუცილებელია პროქტოლოგთან კონსულტაცია. სისხლდენის 1-2 ეპიზოდის შემჩნევისთანავე კონსულტაცია მნიშვნელოვანია, რომ რთული პათოლოგია არ გამოგვეპაროს ან ბუასილის გართულებული ფორმები არ მივიღოთ.

როგორ ხდება დაავადების დიაგნოსტიკა და მკურნალობა „ნიუ ჰოსპიტალსში“?

დიაგნოზის დასასმელად პირველ რიგში საჭიროა ფიზიკური გასინჯვა, პროქტოსკოპია და საჭიროების შემთხვევაში - კოლონოსკოპია. მკურნალობა კი დამოკიდებულია დაავადების სტადიაზე. კონსერვატიული მკურნალობა მოიცავს ვენოტონურ მედიკამენტებს, სანთლებსა და მალამოებს.

ქირურგიული საჭიროებისას კი ინდივიდუალური მდგომარეობიდან გამომდინარე მივმართავთ როგორც მცირე ინვაზიურ, ისე ტრადიციულ მეთოდებს. მიცრეინვაზიური მეთოდებია: ლაზერული ჰემოროიდოპლასტიკა (LHP) და არტერიების ლიგირება (HAL-RAR). ორივე მეთოდი პაციენტისთვის ძალიან კომფორტულია, რადგან არ ზიანდება ლორწოვანი გარსი და შრომისუნარიანობა მალევე აღდგება. ტრადიციულ მეთოდს კი მივმართავთ მხოლოდ გართულებული ფორმების დროს.

რა გავლენას ახდენს ცხოვრებისა და კვების წესი დაავადებაზე? შესაძლებელია თუ არა კვებით ბუასილის პრევენცია?

არაჯანსაღი კვება და ცხოვრების პასიური წესი იწვევს ყაბზობას, რაც დაავადების პროვოცირებას ახდენს. ბუასილის არსებობის დროს უნდა მოვერიდოთ შემდეგ საკვებს: ღორისა და ცხვრის ხორცს, ალკოჰოლს, განსაკუთრებით, წითელ ღვინოსა და ლუდს, წიწაკას, აჯიკას, ნიორს, ასევე გაზის წარმომქმნელ პროდუქტებს, როგორიცაა: ლობიო და კომბოსტო.

რეკომენდებულია ბოჭკოვანი საკვების მიღება, დღეში 2 ლიტრამდე წყლის მიღება, ფეხით სიარული, ცურვა.

და ბოლოს, რას ურჩევდით პაციენტებს?

თვითმკურნალობა დაუშვებელია. თუ სისხლდენა განმეორებითია ან ტკივილი 2 დღეზე მეტხანს გრძელდება, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. გახსოვდეთ, რომ დროული დიაგნოსტიკა მარტივი და ეფექტური მკურნალობის საწინდარია.

R