სამინისტროში აზუსტებენ, პირველად რომელ კლასს შეეხება მე-12 წლის გაუქმება და რომელი კლასები დაამთავრებენ სკოლას ერთდროულად - მშობლები

სამინისტროში აზუსტებენ, პირველად რომელ კლასს შეეხება მე-12 წლის გაუქმება და რომელი კლასები დაამთავრებენ სკოლას ერთდროულად

2026-01-30 14:07:45+04:00

როგორც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში აცხადებენ, სკოლებში მე-12 კლასი გაუქმდება. მოსწავლეები სასწავლო პროცესს მე-11 კლასში დაასრულებენ.

პარალელურად, იმ მოსწავლეებს, რომლებსაც მე-12 კლასში სწავლის გაგრძელების სურვილი ექნებათ, ამ შესაძლებლობას მისცემენ. სამინისტროს განმარტებით, ამისთვის წინასწარი რეგისტრაცია გამოცხადდება. ცვლილებები 2027-2028 სასწავლო წლიდან დაიწყება.

თუმცა, საზოგადოებაში ინფორმაციამ დაბნეულობა გამოიწვია. გუშინ განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ, ტელეკომპანია "იმედის" ეთერში ისაუბრა იმ სასწავლო წელზე, როდესაც ბოლო მე-12 და ამავდროულად, მე-11 კლასის მოსწავლეები ერთდროულად დაამთავრებენ სკოლას და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გავლენ. მისი თქმით, სამინისტრო აბიტურიენტთა გაორმაგებული რაოდენობისთვის მზადაა და პარალელურად, პროფესიული განათლების კომპონენტიც ძლიერდება.ჟურნალისტმა იქვე განმარტა, რომ სკოლის ერთდროულად დასრულება მოუწევთ იმ მოსწავლეებს, რომლებიც ახლა მე-11 და მე-10 კლასებში არიან. აქამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კი, სკოლის ერთდროულად დასრულება უწევთ იმ მოსწავლეებს, რომლებიც ახლა მე-10 და მე-9 კლასებში არიან.

განმარტებისთვის და ინფორმაციის დაზუსტებისთვის განათლების სამინისტროს კიდევ ერთხელ მივმართეთ, სადაც დაგვიდასტურეს, რომ სკოლის ერთდროულად დასრულება მოუწევთ მათ, ვინც ახლა მე-9 და მე-10 კლასებში არიან. ახლანდელი მე-9 კლასი დაასრულებს 11 კლასს, ახლანდელი მე-10 კლასი კი - 12 კლასს.

განათლების რეფორმა სრულად: ყველა ცვლილება ერთ სტატიაში – რა იცვლება სკოლებსა და უნივერსიტეტებში