პი დიდის საქმეში ახალი სარჩელი გაჩნდა, რომელშიც თუფაქ შაკურის მკვლელობის აღიარების შესახებ ჩანაწერი პირველად გაკეთდა.
ამერიკელი რეპერი და პროდიუსერი პი დიდი (ნამდვილი სახელი — შონ კომბსი) ჯერ კიდევ 2024 წლის სექტემბერში დააკავეს. მას ადამიანებით ორგანიზებული ვაჭრობა, პროსტიტუციაში ჩართვა და რეკეტი ედებოდა ბრალად. მრავალთვიანი სასამართლო პროცესისა და ნაფიც მსაჯულთა არაერთი სხდომის შემდეგ, კომბსი დამნაშავედ მხოლოდ ორ ეპიზოდში ცნეს — შტატებს შორის ადამიანების გადაყვანა პროსტიტუციის მიზნით.
2025 წლის ოქტომბერში მანჰეტენის ფედერალურმა სასამართლომ საბოლოო განაჩენი გამოაცხადა: შონ კომბსს ოთხი წელი და ორი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე — ხუთწლიანი ზედამხედველობა პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ.

პროკურატურის მტკიცებით, რეპერი ორგანიზებას უწევდა დახურულ ღონისძიებებს, სადაც ადგილი ჰქონდა სექსუალურ ძალადობასა და ქალებისა და მამაკაცების ექსპლუატაციას, რომლებიც ინტიმური მომსახურების სფეროში მუშაობდნენ. სასამართლოში დეტალური ჩვენებები მისცა კომბსის ყოფილმა პარტნიორმა, მომღერალმა კესი ვენტურამ, რომელმაც ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ზეწოლაზე ისაუბრა.
თუმცა, როგორც ჩანს, სკანდალები ამით არ სრულდება. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია ახალი სარჩელის შესახებ, რომლის მიხედვითაც P. Diddy-ს კიდევ უფრო მძიმე ბრალდებას უყენებენ.
სასამართლოში წარდგენილი ახალი სარჩელის მიხედვით, შონ კომბსი სავარაუდოდ, ლეგენდარული რეპერის თუფაქ შაკურის მკვლელობის თემას იყენებდა, როგორც ფსიქოლოგიური ზეწოლისა და მუქარის საშუალებას. სარჩელის ავტორის განცხადებით, აღნიშნული გზით ის ცდილობდა სექსუალური ძალადობის შესაძლო მსხვერპლის დაშინებას და მისი დუმილის უზრუნველყოფას.
ამ ეტაპზე აღნიშნული ბრალდებები სასამართლოს მიერ დადასტურებული არ არის და წარმოადგენს მოსარჩელის პოზიციას მიმდინარე სამართლებრივი დავის ფარგლებში.

გამოცემა New York Post-ის ინფორმაციით, სარჩელში ნათქვამია, რომ 2012 წელს დაზარალებულს პი დიდი აშინებდა და უმტკიცებდა, თითქოს თუპაქ შაკურის მკვლელობა თავად ჰქონდა ჩადენილი. "თუფაქი მოვკალი და ხვდები, შენ რა შეიძლება დაგემართოს?“ — ასე აღწერს მოსარჩელე რეპერის მუქარას.
შეგახსენებთ, რომ თუპაქ შაკურის სიცოცხლე 1996 წელს ლას-ვეგასში ტრაგიკულად დასრულდა — ის ავტომობილზე განხორციელებული თავდასხმის დროს მიღებული ცეცხლსასროლი ჭრილობებით გარდაიცვალა. წლების განმავლობაში ეს საქმე ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ და გაუხსნელ მკვლელობად ითვლებოდა.
რეპერის სიკვდილის გარშემო გავრცელებულ ხმებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი ვერსია ყოველთვის იყო ვარაუდი, რომ თავდასხმის უკან შესაძლოა პი დიდი იდგა. ზოგიერთი წყაროს მტკიცებით, მან საკუთარი გავლენიანი კავშირები კონკურენტის მოსაშორებლად გამოიყენა, რათა მუსიკალურ ინდუსტრიაში საკუთარი პოზიციები გაემყარებინა.

საბოლოო სამართლებრივი შეფასებით, შონ კომბსს თუპაქ შაკურის მკვლელობის დაკვეთას ან ორგანიზებასთან დაკავშირებით ბრალდება არ წაყენებია. აღნიშნული საქმე სამართლებრივად ცალკე განიხილება და წლების განმავლობაში ოფიციალურად გაუხსნელ მკვლელობად ითვლება. პი დიდის სახელთან დაკავშირებული ვერსიები და ვარაუდები ამ კონტექსტში დღემდე რჩება მხოლოდ არაოფიციალურ განცხადებებად, ჭორებად ან მესამე პირების მიერ გავრცელებულ მოსაზრებებად და არ ეფუძნება სასამართლოს მიერ დადასტურებულ ფაქტებს.
ახალ სარჩელშიც შონ კომბსს არ ედავებიან თუფაქ შაკურის მკვლელობაში მონაწილეობას. სარჩელში აღწერილია მოსარჩელის პოზიცია, რომლის მიხედვითაც კომბსი, სავარაუდოდ, მიანიშნებდა საკუთარ კავშირზე აღნიშნულ დანაშაულთან და ამ თემას ფსიქოლოგიური ზეწოლისა და მუქარის საშუალებად იყენებდა, რათა სექსუალური ძალადობის შესაძლო მსხვერპლი დაეშინებინა და გაეჩუმებინა.
სარჩელის სიახლე მდგომარეობს იმაში, რომ პირველად არის დასახელებული შანტაჟის შინაარსი. კერძოდ, მოსარჩელის განცხადებით, მუქარა არ შემოიფარგლებოდა ზოგადი ძალადობით ან გავლენიანი კავშირების გამოყენების მინიშნებით, არამედ მოიცავდა თუფაქ შაკურის მკვლელობასთან საკუთარი კავშირის დეკლარირებას, როგორც დაშინების იარაღს. ეს გარემოება სარჩელს დამატებით სიმძიმეს აძლევს არა როგორც დამოუკიდებელ დანაშაულს, არამედ როგორც მტკიცებულებით დეტალს, რომელიც აღწერს ზეწოლის მეთოდს.
სარჩელის შემტანი სასამართლოსგან ითხოვს, ერთი მხრივ, შონ კომბსის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დადგენას ზეწოლისა და დაშინების გამო, ხოლო მეორე მხრივ — ფინანსურ კომპენსაციას მიყენებული მორალური და ფსიქოლოგიური ზიანისთვის. ასევე, სარჩელი მიზნად ისახავს სასამართლოს მიერ დადასტურდეს, რომ მოსარჩელის დუმილი წლების განმავლობაში იყო არა ნებაყოფლობითი, არამედ იძულების შედეგი.