დიზაინერი ზალიკო ბერგერი გადაცემაში "ნოესთან" მავნე ნივთიერებებზე დამოკიდებულებასთან ბრძოლაზე საუბრობს და იხსენებს, როდის გადაწყვიტა ცხოვრების წესის შეცვლა:
- ეს შემთხვევა თბილისში მომივიდა. წმინდა მატრონას ხატი მეკიდა და მას ვთხოვდი, ისე მატკინე, მთლად არ მომკლა, მაგრამ ამ რაღაცას (მავნე ნივთიერებებზე დამოკიდებულებას) რომ მოვეშვა-თქო. მუცელში ტკივილი ვიგრძენი. ისეთი ტკივილი იყო, ჯოჯოხეთური... ავდექი და ვისკი დავისხი, "იაგერმაისტერი" დავასხი ზემოდან და ეს რომ დავლიე, ტკივილისგან გული წამოვიდა. კუჭი გამისკდა. სახლში მარტო ვიყავი. ბარის კუთხეს თავი მივარტყი, აზრზე რომ მოვედი, იატაკზე ვიჯექი, "იაგერმაისტერის" ბოთლი გატეხილი იყო და ნამსხვრევებში ვიჯექი. ავდექი, შარვალი გავიხადე, მოვწმინდე, სხვა ჩავიცვი და მერე მივხვდი, რომ სასწრაფოში დარეკვა არ ვიცი. გამახსენდა მეგობარი, რომელიც თავის, გვერდის ტკივილის დროს, ყველაფერზე სასწრაფოს იძახებს. აღმოჩნდა, რომ ჩემს კორპუსთან იყო ზუსტად. საშინელი საცობი იყო და ზუსტად კორპუსის გვერდიდან მოვიდა. ვუთხარი, მგონი, მოვიწამლე-თქო. ხანჯალი რომ ჩაგარჭონ და შიგნით დაატრიალონ - აი, ასეთი ტკივილი იყო. მეგონა, ინფარქტი იყო. საავადმყოფოში გადამიყვანეს და სასწრაფო ოპერაცია აქვს გასაკეთებელი, კუჭი აქვს გახეთქილიო. 20 წუთი რომ დაგეგვიანათ, შეიძლება, ცოცხალი არც დარჩენილიყოო. ბევრ ადამიანს ასეთ შემთხვევაში სიცოცხლე ტრაგიკულად დაუსრულებია.
თუმცა, მაშინ ჯერ გადაწყვეტილი არ მქონდა, რომ უნდა დამენებებინა თავი. საავადმყოფოდან რომ გამწერეს, ერთი თვის მერე, "იაგერმაისტერი" ისევ დავლიე მშვენივრად. ისევ არაჯანსაღი ცხოვრება გავაგრძელე. ჭკუა მაშინ ვერ ვისწავლე. მაგრამ, ბერლინში ვიგრძენი ის, რომ აღარაფერი აღარ მახარებს, აღარც ნივთიერება, აღაც ალკოჰოლი, მარტო საკუთარ თავში იკეტები, შფოთვა, უბედურება... ის, რაც ბერლინმა მაჩვენა, გადამწყვეტი აღმოჩნდა, რომ ეს უკვე დასამთავრებელი იყო. სიმართლე გითხრათ, ნივთიერება თავად შემზიზღდა.
მას შემდეგ, რაც ეს სენი დავამარცხე, ჩემი ცხოვრების წესი შეიცვალა. არაფერს მოაქვს ისეთი ბედნიერება, რასაც სიფხიზლე ჰქვია... ურთიერთობას, მეგობრობას, ყველაფერს დაგაკარგვინებს, ლაპარაკის უნარსაც და ყველა კარგ ჩვევასა და უნარს, რაც კი გაგაჩნია.