გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსი, დოდო გვაზავა, გადაცემაში"დილა მშვიდობისა საქართველო"მ იმდინარე კვირის ამინდის პროგნოზის შესახებ საუბრობს:
- 2 თებერვალს, დღის მეორე ნახევრიდან, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში შემოსვლას იწყებს შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შედარებით ცივი ჰაერის მასები, რომლის გააქტიურებასაც 3 თებერვლიდან ველოდებით. დღეს, დღის მეორე ნახევრიდან წვიმაა მოსალოდნელი, რასაც ცალკეულ რეგიონებში თან ერთვის აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 3 თებერვლიდან პროცესი შეიცვლება, ცივი ჰაერის მასები დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში ნალექს შეინარჩუნებს, ზოგან ძლიერს. დღის ბოლოს არ არის გამორიცხული მთიან რაიონებში წვიმა თოვლში გადავიდეს, მაღალ მთაში მოთოვს. ტემპერატურის კლება 3 თებერვალს დაიწყება და ნალექთან ერთად, 4 თებერვლამდე შენარჩუნდება. დღის ბოლოს დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს. 5 თებერვლის ღამის საათებში დაბლობ რაიონებში მინიმალური ტემპერატურის 0 გრადუსს ქვემოთ დაკლებაა მოსალოდნელი. შავი ზღვის სანაპირო ქალაქებში ღამით +2, +3 გრადუსია ნავარაუდევი. მთიან და მაღალმთიან რაიონებში ყინვა გაძლიერდება. 5 თებერვალს, დღისით, ჰაერის ტემპერატურა კვლავ მოიმატებს და მაღალი ტემპერატურები, დაახლოებით, +18, +19 გრადუსი, 7 თებერვლის ჩათვლით შენარჩუნდება. 8-ში შესაძლებელია, კვლავ არამდგრადობა დაიწყო. უნდა აღვნიშნოთ, რომ 5-6 თებერვალს სამეგრელოს ზოგიერთ რაიონში აღმოსავლეთის მიმართულების ქარი გაძლიერდება.
2 თებერვალს, სამცხე-ჯავახეთის კურორტებზე, ყველგან გათოვდება. თოვა შენარჩუნდება ბაკურიანში, ახალქალაქსა და მიმდებარე მაღალმთიან რაიონებში. თოვა გაგრძელდება 4 თებერვლის დილის საათებამდე, 4-ში შესაძლებელია, გამოიდაროს, მაგრამ თოვლის საფარველი მოიმატებს. 5-ში უკვე ღამით ყინვა გაძლიერდება. მთიან რაიონებში, დაახლოებით, -10 გრადუსამდე, ხოლო მაღალმთიან რაიონებში არ არის გამორიცხული, -10, -12 გრადუსი ყინვა იყოს. 5 თებერვლიდან სამცხე-ჯავახეთში გამოიდარებს და კვირის ბოლომდე უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება.
აღმოსავლეთი საქართველოში იგრძნობა იმ ცივი ჰაერის მასების შემოსვლა, რომელიც დასავლეთშია ნავარაუდევი. 3 თებერვლის ჩათვლით უმეტეს რაიონში ნალექი იქნება, 3 თებერვლის დღის მეორე ნახევრიდან ნალექის ინტენსივობა შესუსტდება. ზოგიერთ რაიონში გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი, რომელიც მთიან და მაღალმთიან რაიონებში ქარბუქებს გამოიწვევს. 4-ში დღის ბოლოს, კახეთის რეგიონში წვიმა თოვლში გადავა. 7 თებერვლის დღის მეორე ნახევრიდან შედარებით გამოიდარებს.
დედაქალაქში დღეს დღის მეორე ნახევრიდან უნდა გაწვიმდეს. წვიმა შენარჩუნდება 3 თებერვლის დღის პირველ ნახევრამდე. დღის მეორე ნახევრიდან კლება დაიწყება, რასაც ქარის გაძლიერება მოჰყვება. დროგამოშვებით დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი იქროლებს. 4-შიც შენარჩუნდება, განსაკუთრებით, დღის პირველ ნახევარში. საღამოს საათებისკენ ქარი შესუსტდება, დღის ბოლოს შესაძლებელია დედაქალაქში ნალექი კვლავ განახლდეს. 5 თებერვალს ღამის საათებში უარყოფითი ტემპერატურის მომატებაა ნავარაუდევი. შემოგარენში შესაძლებელია, წვიმა თოვლჭყაპში გადავიდეს. 5-6 თებერვალს დედაქალაქში უმეტესად ღრუბლიანი ამინდი იქნება. ჰერის მაქსიმალური ტემპერატურა დაბალი იქნება. ღამის მინიმალური ტემპერატურაც 0-თან ახლოსაა ნავარაუდევი. დედაქალაქში 7 თებერვლის დღის მეორე ნახევრიდან უკეთესი ამინდია მოსალოდნელი.